შეთანხმება ვერ შედგა

შეთანხმება ვერ შედგა

მოლოდინის თუ მოულოდნელობის მიუხედავად, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაში.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის დისკუსიას წინ უძღოდა გრიგოლი კარასინის განცხადება გამოცემა „კომერსანტში“, სადაც რუსი დიპლომატი აცხადებდა, რომ ჟენევაში ერთობლივ განცხადებას უნდა მოეწეროს ხელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დეფაქტო აფხაზეთის და დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები.

„სამწუხაროდ, ტექსტთან დაკავშირებით ვერ შევთანხმდით, რადგან მონაწილეებს სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიწეროს იქ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ და ისევ ეყრდნობა სტატუსის საკითხს, 2008 წლის შეთანხმებებს, რომლებიც ასევე სხვადასხვანაირად ესმით თბილისში, ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში. ამიტომ მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მსოფლიო პოლიტიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად, საუბარი მაინც იყო საკმაოდ კონსტრუქციული, თუმცა ზოგჯერ ემოციური“, - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ჟენევაში 27-28 მარტს მიმდინარეობდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ტექსტის შემუშავების გარდა, დისკუსიების მთავარი თემა იყო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეთანხმებულად გააკეთეს ისეთი პროვოკაციული განცხადებები, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ არ არიან მზად წამოვიდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე და შეგნებულად არასწორი მიმართულებით წაიყვანეს მოლაპარაკებები და საბოლოოდ ჩაშალეს.

„თუ ვინმე იყო კუთხეში მომწყვდეული, ეს არა ჩვენ, არამედ სწორედ რუსეთი. ამ ბოლო დროს ისე ვითარდებოდა მოვლენები და ისე მიდიოდა მუშაობა მათ შორის განცხადების ტექსტზე, რომ იქ ფიქსირდებოდა ყველა ის პრიორიტეტი, ყველა ის მოთხოვნა, რაც მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის. არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ახლა, მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს პროგრესი, ძალის არგამოყენების შეთანხმების იმპლემენტაციაზე. ეს იყო ჩვენი ამოცანა, სწორედ აქეთ მივდივართ“, - აცხადებს დავით დონდუა.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი არასწორს უწოდებს მიდგომას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში უნდა იყოს მხოლოდ ორი მხარე, რუსეთი და საქართველო. როგორც დაურ კოვემ აღნიშნა, მხარე ორი არ არის, მონაწილეობს საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მისი თქმით, ეს გარემოებები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის.

„ვინაიდან ჩვენ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საქმე უნდა ეხებოდეს ჯერ ყველა მხარის მიერ ზეპირი განცხადების მიღების შესაძლებლობას, ეს სწორი იქნება. ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხარეებს არ წარმოადგენენ, თქვენი მოსაზრებაა. შეიძლება ვთქვათ ჰალვა, მაგრამ ამის გამო პირში ტკბილი გემო არ გექნება. რა შუაშია რუსეთი? მოდით, გავიხსენოთ რა მოხდა -1992 წელს ომი ვის შორის იყო? თქვენი სიმართლე დარჩეს თქვენთან“, - განაცხადა დაურ კოვემ.

რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებას, რომელზეც კარასინის განცხადებით, ჟენევაში 2017 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს, ოფიციალური თბილისი ამ დრომდე არ აკონკრეტებს რის საფუძველზე შედგა მსგავსი შეთანხმება რუსეთთან და რატომ იყო ინფორმაცია გასაიდუმლოებული.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელს, ზურაბ აგლაძეს აინტერესებს თუკი დეკემბერში შედგა შეთანხმება, რატომ დაუმალა ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია საზოგადოებას და განმარტებას ხელისუფლებისგან მოითხოვს.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არასოდეს არ ასრულებს ხელშეკრულებას, ისინი თვლიან, რომ მათ შეუძლიათ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, რადგან ჩვენზე ძლიერები არიან. თუ რუსეთ-საქართველოს შორის ხელი მოეწერებოდა შეთანხმებას, რაც გულისხმობს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. ეს ერთ-ერთი იურიდიული ფაქტორი იქნება ჩვენთვის მომავალში, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება ხელშეკრულებას დეფაქტო რეჟიმთან, ანალიტიკოსი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ არავითარი ხელშეკრულება სეპარატისტულ რეჟიმთან არ უნდა გაფორმდეს.

„წლების განმავლობაში რუსეთის სურვილი იყო ამ ხელშეკრულებაზე მოგვეწერა ხელი. ეს არის ჩვენი ტერიტორები, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა უპრიანი არ იქნება. მეორე მხრივ, ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენ არ გამოვიყენებთ ძალას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება თუ რუსეთთან მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას ხელს, მაგრამ ფართო ფორმატში - აფხაზებთან და ოსებთან ნამდვილად მიუღებელია. ისინი მხარეები არ არიან, დამკვირვებლის სტატუსით არიან ჩართული ჟენევის მოლაპარაკებებში და მათი რანგის აწევა და ჟენევის მოლაპარაკებებში მათი მხარეებად წარმოჩენა ნამდვილად არ გვჭირდება“, - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.