[ეკა ბაქრაძე]
მთავრობამ კოპიტნარის აეროპორტის გასხვისება გადაიფიქრა. ყველაზე მდგრადი მინისტრი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი აეროპორტის შეძენის მსურველთა დიდი რაოდენობაა. უკვე 3 წელია კოპიტნარის აეროპორტი ხელისუფლებამ, ინვესტორის არარსებობის გამო, ვერაფრით გაასხვისა და ამ ფონზე ქობალიას პოზიცია მეტად აბსურდულად მოსჩანს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და ნებისმიერი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანიის მომსახურებისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შპს „ქუთაისის აეროპორტის“ აქტივების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისებას აპირებდა.
აეროპორტის ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა გაყიდულიყო, შემდეგ 2010 წელს. ფასის ასაწევად მთავრობამ ჩვეულ პიარსაც მიმართა და მოსახლეობას აუწყა, რომ ქუთაისში რეისების შესრულებით უკრაინელები დაინტერესდნენ. რამდენიმე მინისტრი აეროპორტში კიევი-ქუთაისის პირველ რეისს საზეიმოდ დახვდა.
ამის შემდეგ კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით თვითმფრინავებს ყოველ სამშაბათს უნდა ეფრინა. უფრო მეტიც, მაშინ ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არ იყო გამორიცხული ფრენის სიხშირე გაზრდილიყო კიდეც. რასაკვირველია, ასეთმა „მფრინავმა იდეებმა“ ვერ გაამართლა და კიევში გაფრენა-გამოფრენის მსურველები არ გამოჩენილან.
წესით და რიგით მომავალ ინვესტორს კოპიტნარის აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა, აეროპორტს უნდა შეძლებოდა რომელიმე დაბალბიუჯეტიან კომპანიის მომსახურება, რომლის წლიური გადაზიდვების რაოდენობა არ იყო 20 მილიონ მგზავრზე დაბალი. თუკი კომპანია, მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს დააკმაყოფილებდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსებაში მიიღებდა მონაწილეობას.
სამწლიანი კომბინაციების ფონზე, საქართველოს მთავრობამ სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, კიდევ უფრო მოულოდნელი მოტივით. კოპიტნარის აეროპორტის გასხვისება უკვე საშური საქმე აღარ არის, იგი სახემწფიო საკუთრებაში რჩება.
როგორ ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ინტერესთა მიღება გამოაცხადა, კოპიტნარის აეროპორტით ბევრი ავიაკომპანია დაინტერესდა. სწორედ ამის ფონზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაასხვისოს კოპიტნარის აეროპორტი და მისი რეაბილიტაციის შემდეგ ის ყველა საერთაშორისო ავიაგამზიდავმა გამოიყენოს.
„ჩვენ კოპიტნარის აეროპორტთან დაკავშირებით გვქონდა ინტერესთა გამოცხადება და ავიაკომპანიების მხრიდან ინტერესი მართლაც ძალიან დიდი იყო. მათი სურვილი იყო, რომ კოპიტნარის აეროპორტი გამოეყენებინათ როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვებისთვის.
კოპიტნარის აეროპორტი თავისი გეორგაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, იძლევა იმის საშუალებას, რომ იქ დიდი ლოგისტიკური ცენტრი შეიქმნას, შესაბამისად, ჩვენ გადავწვიტეთ, რომ კოპიტნარის აეროპორტი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს“, - განაცხადა ქობალიამ.
როგორ და რის საშუალებას იძლევა კოპიტნარი აეროპორტი, მალევე გამოჩნდება. ჯერჯერობით კი, აეროპორტის შორიახლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი უშფოთველად ძოვს წვანე კოლხურ ბალახს.