ბადაგონის ადვოკატი - „ის რაც დღეს საქართველოში „ბადაგონის“ მიმართ ხდება, არ შეესაბამება ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკას!“

ბადაგონის ადვოკატი - „ის რაც დღეს საქართველოში „ბადაგონის“ მიმართ ხდება, არ შეესაბამება ევროპულ სამართლებრივ პრაქტიკას!“

ინტერვიუ „ბადაგონის“ ადვოკატთან ირაკლი ყანდაშვილთან

ბატონო ირაკლი, რა სტადიაშია დღესბადაგონთანდაკავშირებული პროცესი, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ვინ ან რას ედავებაბადაგონს“?

- კომპანია „ბადაგონთან“ დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს გამოძიებას საჩივრის ავტორის, ვლადიმერ ჯანჯღავას წილის „ბადაგონის“ მესაკუთრის - გიორგი სალაყაიას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე. უნდა მოგახსენოთ, რომ სამართლებრივად ძალიან უცნაური ვითარებაა სახეზე.

რაში გამოიხატება უცნაურობა, ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა ამჯერად ორ სამართლებრივ არგუმენტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: პირველი - გიორგი სალაყაიას მიმართ მიმდინარეობს გამოძიება წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით იმის პარალელურად, რომ საჩივრის ავტორი, ბატონი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მან წილი თავისი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე, კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა სალაყაიას. თუმცა ჯანჯღავა იქვე ამატებს - დროებით გადავუფორმე და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უკან უნდა დაებრუნებინა წილი ჩემთვის სალაყაიასო. მიაქციეთ ყურადღება, რომ არსად, არც ერთ დოკუმენტში არ არის მითითებული ის, რომ რაიმე „წილის დროებით გადაფორმებასთან“ გვაქვს საქმე ან ის, რომ რაიმე ვადაზე იყვნენ მხარეები შეთანხმებული. პირიქით, სახეზეა 2015 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიმართ არც მარეგისტრირებელ საჯარო რეესტრს არ გასჩენია კითხვა თავის დროზე და უკვე 3 წელზე მეტია ბატონი სალაყაია ამ წილს ფლობს და ექცევა როგორც საკუთარს.

ისმის კითხვა: სად არის აქ წილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, თუკი ბატონმა ჯანჯღავამ ნება გამოავლინა და თავად, თავისი ნებით, როგორც თვითონ ამბობს, ყოველგვარი იძულების გარეშე, ნასყიდობის გზით გადააფორმა წილი?!

მეორე უცნაური მოვლენა ის გახლავთ, რომ სახეზე გვაქვს სამეწარმეო სამართლებრივი შინაარსის მოთხოვნა - ერთი ბიზნესმენი მეორეს ედავება 2015 წელს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკითხებს. ამის გათვალისწინებით, ნაცვლად იმისა, რომ მოდავე მხარემ მიმართოს სასამართლოს და ეცადოს, რომ მყიდველი მხარისადმი საკუთარი პრეტენზია (რომ ნასყიდობის რაიმე პირობა არ არის შესრულებული) რამენაირად დაასაბუთოს, ბატონი ჯანჯღავა მიმართავს გამოძიებას და წილის ნასყიდობის გაფორმებიდან 3 წლის შემდეგ გაკეთებული ამ განცხადების საფუძველზე - ისე, რომ რაიმე მტკიცებულება ბატონ ჯანჯღავას წილის დროებითი „თხოვების შესახებ არ გააჩნია“ (არადა ამას დაობს ბატონი ჯანჯღავა), იწყება გამოძიება. ყოველივე ეს ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ბადებს კითხვებს.

ცნობილია, რომ თქვენ გაგაჩნიათ საადვოკატო პრაქტიკა დასავლეთ ევროპაშიც. თქვენი აზრით ის, რაც დღეს ხდებაბადაგონთანდაკავშირებით, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში მომხდარიყო და რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა ორ კერძო სუბიექტის შორის მიმდინარე დავაში?

- საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება. ჩვენ განვითარებადი დემოკრატიული ქვეყანა ვართ და ამიტომ ორმაგად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში (რომელიც, რა თქმა, უნდა აკვირდება ყველაფერს), რომ ამა თუ იმ სამართლებრივი ქმედების ირგვლივ კითხვები არ დარჩეს. მით უფრო, თუკი ეს ეხება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. როდესაც საქმე ქვეყანაში ლიდერის პოზიციის მქონე ღვინის კომპანიას ეხება, რომელიც 2017 წლის შედეგებით სახელმწიფოს მიერვე იქნა აღიარებული, როგორც ლიდერი ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის, როგორც ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ამ დარგში და გადამხდელი სახელმწიფო ბიუჯეტში, ასეთი კომპანიის მიმართ დაუსაბუთებელი მტკიცებულების გარეშე (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) დაწყებული გამოძიება კითხვებს აუცილებლად ბადებს და ეს ჩვენი აზრით არ მეტყველებს სამართლებრივ კლიმატზე დადებითად.

ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ თუკი ბატონ ჯანჯღავას უფლებები დაერღვა, ის არ უნდა დავიცვათ. არც იმას ვამბობთ, რომ წარმატებული კომპანიის სტატუსი ინდულგენციაა, არა. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ როდესაც ადამიანი, ამ შემთხვევაში საჩივრის ავტორი ვლადიმერ ჯანჯღავა, რომელიც ისე მიმართავს გამოძიებას, რომ ვერ წარმოადგენს ვერანაირ მტკიცებულებას საკუთარი პრეტენზიისა (რომ მას ვინმე „დაპირდა წილის გადმოფორმებას“ და არ გადმოუფორმა) და მიუხედავად ამისა იწყება გამოძიება და უკვე თვეებია მიმდინარეობს, ეს მგონია, რომ დასავლეთ ევროპაში არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ამ პიროვნების განცხადებას არ უნდა მოჰყვეს რაიმე შედეგი, არამედ დანაშაულის ნიშნების საქმეზე არდადგენის გამო, მგონია, რომ ეს საქმე შეწყდება და ბატონ ჯანჯღავას სამართლებრივად ისღა დარჩება, მიმართოს სამოქალაქო სასამართლოს თუ, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ მისი სამოქალაქო სარჩელი იქნება პერსპექტიული.

ამ ყველაფრის ფონზე სამართლებრივი მოცემულობა სხვა გამოსავალს არავის უტოვებს და რაც მალე მოხდება ეს, მით უფრო მოგებული დარჩება ყველა - ქართული საზოგადოება (რომელსაც გაუჩნდება განცდა, რომ ჩვენ იმ სამართლებრივ პოლიტიკას, რაც 2013 წლამდე ხორციელდებოდა, მართლაც დავემშვიდობეთ), სახელმწიფო (ის კითხვები, რაც „ბადაგონის“ საქმეზე სახელმწიფოს მიმართ, როგორც ჩვენ ვისმენთ, საერთაშორისო საზოგადოებას გაუჩნდა, დროულად იქნება აღმოფხვრილი კანონის უზენაესობის და სამართლის უზენაესობის სასარგებლოდ), ქართული ღვინის ბიზნესი (ის შეინარჩუნებს მოწინავე მოთამაშეს ამ სეგმენტში) და ასევე ის მხარე, ვინც ეს ყველაფერი დაიწყო, რადგან ის ერთადერთ სწორ სამართლებრივ გზას მონახავს, რაც, ჩვენი აზრით, თავიდანვე უნდა აერჩია - სამოქალაქო დავა.