სადისტრიბუციო მანქანების ღამეული მუშაობის შესახებ გადაწყვეტილება სადაცაა ძალაში უნდა შევიდეს, მაგრამ კამათი და პოლემიკა ამასთან დაკავშირებით პიკს სწორედ ახლა აღწევს. ბიზნესი დედაქალაქის მერის ინიციატივას ეწინააღმდეგება, ხოლო კახა კალაძეს კი ბიზნესის შეხედულება ღამის დისტრიბუციასთან დაკავშირებით არ აღელვებს. მისი თქმით, თუკი საჭიროება გაჩნდება, სავაჭრო ობიექტებმა კეთილი უნდა ინებონ და ხალხი დაამატონ.
„ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომ არის საცობები, არის ეკოლოგიური პრობლემა და შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. როცა ვიწყებთ საკითხის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ჩვენ ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ.
ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება რეგულაციების განხორციელება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით. მათ აქვთ ვალდებულება, ღამის საათებში იმუშაონ.
იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებითაც. არა მგონია, ეს რამე პრობლემას წარმოადგენდეს. ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებონ, დაამატონ. აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე, ადამიანების კომფორტზე. საცობები და შეფერხება რომ ავიცილოთ, ეს რეგულაცია ერთ-ერთი კომპონენტია“, - განაცხადა კალაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაც მხარს უჭერს დედაქალაქის მერის ინიციატივას. დეპუტატი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ხელისუფლება უფრთხილდება ბიზნესს, მაგრამ ამ შემთხვევაში რეგულაცია აუცილებელია.
„გვესმის რა მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევიან ისინი, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ისინი (სადისტრიბუციო მანქანები) სხვებთან ერთად ქმნიან საცობებს დღის საათებში და განსაკუთრებით, პატარა ქუჩებზე.
საცობში დგომა კი შემდეგ მათაც უწევთ. ეს მათი საქმიანობის თვითღირებულებას ზრდის და დროში მათივე ბიზნესის წარმოებას აფერხებს.
ხშირად მცირე ქუჩებზე ასეთი გაუთვალისწინებელი სიტუაციები ადამიანებს შორის კონფლიქტების საბაბს ქმნის. ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქალაქში წესრიგის დამყარებაზე და ზოგ შემთხვევაში როდესაც რეგულაციები ჩვენც გვეხება, არა შეზღუდვად და შეფერხებად, არამედ დედაქალაქის საერთო კეთილდღეობის საქმეში ჩვენს კონტრიბუციად უნდა აღვიქვათ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას არ იზიარებენ ისინი, ვისაც ახალი რეგულაცია უშუალოდ ეხება. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ვარაუდობს, რომ ამით საბოლოოდ კომპანიები დაზარალდებიან. ჭყონიას აზრით, ცვლილება მისაღებია, თუმცა მისი დაუყოვნებლივ განხორციელება დიდ პრობლემებს წარმოშობს.
„ხარჯების გაზრდა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის, რასაც ეს ცვლილება გამოიწვევს, მეათეხარისხოვანია იმ პრობლემასთან შედარებით, რის წინაშეც შესაძლოა, დადგნენ მცირე და საშუალო სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ათასობითაა. როდესაც მაღაზიები გადახდისუუნარონი გახდებიან და დაიხურებიან, ისინი გაიყოლებენ სადისტრიბუციო კომპანიების დავალიანებებს.
როდესაც სავაჭრო ობიექტები იკეტება, სადისტრიბუციო კომპანიებს ამ თანხების ამოღების არანაირი შანსი აღარ აქვთ, რადგან სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა არის შპს და არანაირი ვალდებულება არ გააჩნია და მოგებული პროცესიც კი, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მხოლოდ დახარჯული ფულია.
მერიის შემოთავაზებული ცვლილების განხორციელება მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მთავრობა მოაგვარებს სადისტრიბუციო კომპნიების წინაშე დღეს არსებულ სერიოზულ პრობლემებს, რასაც ისინი სავაჭრო ობიექტებიდან კუთვნილი თანხების ამოღებისას აწყდებიან“, - განუცხადა „ბიემს“ ივა ჭყონიამ.
იგი არ გამორიცხავს, რომ წვრილი სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხუროს კიდეც, თუკი დისტრიბუციის ავტომანქანებს ღამის საათებში მოძრაობა აეკრძალებათ.
„რეფორმა კარგია, მაგრამ მას ეკონომიკური უკუშედეგი არ უნდა მოჰყვეს. დისტრიბუტორები ცვლილებისთვის მზად ვართ, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა დაგვაზარალოს. უმუშევრობა არ უნდა გაიზარდოს, მაღაზიები არ უნდა დახუროს და ა.შ.“ - აღნიშნა ჭყონიამ.