[თეონა ხარაბაძე]
პრესაჯი.ტვ-ს ინფორმაციით, საარჩევნოდ „ახლები“ და ქრისტიან-დემოკრატები ბლოკს შექმნიან. მანამდე კი საერთო პოზიციას კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით დააფიქსირებენ და იტყვიან, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობასთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა გააჩნიათ და მათი ერთად ყოფნა გამართლებულია. ამასთან, საუბარია მათთვის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაზეც.
ბოლო ერთი კვირაა, საზოგადოებას აწუხებს კითხვა, თუ რა მიიღეს „ახლებმა“ იმის სანაცვლოდ, რომ ხელისუფლებასთან გარიგებას მოაწერეს ხელი. მართალია, მათ გვერდით ქრისტიან-დემოკრატებიც იყვნენ და შემდეგ კიდევ რამდენიმე ისეთი პარტიაც შეუერთდა, რომელიც რომ არ შეერთებოდა, გასაკვირი ის უფრო იქნებოდა.
ამიტომაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ „ახლების“ და, შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატების გადაწყვეტილებას ენიჭება. სხვათა შორის, ამ დღეებში ახლებმა“ ისე იაქტიურეს, რომ საზოგადოებას ქდმ გადაავიწყდა კიდეც.
თუნდაც ის ფაქტი, რომ „ახლებმა“ ორშაბათს, საღამოს 6 საათამდეც კი ვერ მოიცადეს და თანხმობის შესახებ განცხადება დილის 11 საათზე გააკეთეს... ამის გამო საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მთლიანად მათ დაატყდათ და ცოტა არ იყოს, გაუგებარია, ქრისტიან-დემოკრატების ტვირთიც თავად რატომ აიღეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, საზოგადოების დამოკიდებულება, რომ მათ ამ ქმედებისთვის ხელისუფლებისგან „რაღაც აიღეს“, არცთუ უსაფუძვლო ჩანს.
ამასთან დაკავშირებით კი ეჭვი ორი მიმართულებით გაჩნდა. ერთი, ეს იყო ის, რომ ხელისუფლებამ მათ ფული გადაუხადა. მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ „ახლების“ პოზიციას, რომ მათ ფული სჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში, ფულის საჭიროების შესახებ განცხადება მაშინ გააკეთეს, როდესაც საარჩევნო შეთანხმების იმ მუხლის განხილვა მიმდინარეობდა, რომელიც საარჩევნოდ პარტიებისთვის დამატებით 1 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს.
მეორე ეჭვი კი უკვე პარლამენტში მოხვედრას დაუკავშირდა და გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლებისგან სწორედ ამის გარანატია მიიღეს. თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მარტოები, დღევანდელი მონაცემებით, ბარიერსაც ვერ გადალახავენ, ვინაიდან ბარიერთან მიახლოებული შედეგი არც ერთი კვლევით არ გააჩნიათ, გასაკვირი არ იქნება, რომ ხელისუფლებისგან მათ სწორედ პარლამენტში მოხვედრის გარანტია მოეთხოვათ.
არჩევნების იმ დონეზე გაყალბება, რომ „ახლებს“ მაღალი შედეგი აღმოაჩნდეთ, საკმაოდ რთული იქნება. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას გარკვეული ვალდებულებები იმ სხვა პარტიების წინაშეც აკისრია, ვინც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. პრინციპში, ეს უკვე ტრადიციული ვალდებულებებია და ხელისუფლებას მათგან თითო კაცის გაყვანა მაინც მოუწევს, მაგრამ „ახლები“, ცხადია, ერთი კაცის გაყვანას არ დასჯერდებიან.
აქედან გამოსავალი კი, პრესაჯი.ტვ-ს ინფორმაციით, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა, ხელისუფლებამ იმით მოძებნა, რომ „ახლების“ და ქრისტიან-დემოკრატების ერთ ბლოკში გაერთიანება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას, ცხადია, ოფიციალურად არავინ ადასტურებს.
ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძეს საპარლამენტო არჩევნებისთვის მის თანაბლოკელებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. როგორც იგი აღნიშნავს, მისთვის უცნობია, რომელიმე პარტიას მათთან ბლოკში გაერთიანების სურვილი გააჩნია თუ არა. ზოგადად კი, ლევან ვეფხვაძეს ბლოკებზე საუბარი 2012 წლამდე, არასერიოზულად მიაჩნია.
მისი თქმით, 2012 წლის გაზაფხული იქნება პოლიტიკური სეზონი, როდესაც გამოიკვეთება, თუ „ვის სურს ბლოკთან ერთად სიარული და ვის - დამოუკიდებლად“. ჯერჯერობით კი, აცხადებს, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკური ბრძოლა, მარტომ და დამოუკიდებელმა უნდა განაგრძოს.
ასეთივე პოზიცია აქვთ „ახლებს“, თუმცა პრესაჯი.ტვ-ს ინფორმაციით, თავდაპირველად აქცენტი გაკეთდება არა მათ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაზე, არამედ იმაზე, რომ ისინი ერთიანი პოზიიცით გამოვლენ ერთი შეხედვით არაპოლიტიკურ საკითხზე – კონსტიტუციური მონარქიის თემაზე.
ცხადია, ამას ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათ გაერთიანების საფუძველი ექნებათ, შემდეგ კი ეს გაერთიანება უკვე პოლიტიკურ ბლოკში გადაიზრდება.
ახლა, დაბეჯითებით საუბარი, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდება, ძნელია. თუმცა, სახელისუფლებლო კულუარებში ეს თემა უკვე გააქტიურდა. თუკი ბლოკი შეიქმნება, მაშინ, ცხადია, გარკვეული დივიდენდი უკვე ქრისტიან-დემოკრატებმა უნდა მიიღონ, რადგან მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გააჩნიათ და, შესაბამისად, თუკი ვინმესთან ბლოკში გაერთიანდებიან, გარკვეულ ბონუსებსაც მიიღებენ.
ამიტომაც, სახელისუფლებო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ხელისუფლება საპარლამენტო თანამდებობებს სწორედ მათ შორის გადაანაწილებს და არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ან გიორგი თარგამაძე გახდეს. ერთ წელიწადში კი, მათი დახმარებით, ნაციონალებისთვის სასურველი მთავრობაც დაკომპლექტდება და პრემიერად უპრობლემოდ დაინიშნება მიხეილს სააკაშვილი.
ამასთან, იმაზეც არის საუბარი, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ - დავით გამყრელიძეს, პრეზიდენტად კი - გიორგი თარგამაძეს მოიაზრებენ. ეს სქემა, პირველ რიგში, ნაციონალებს უნდა აწყობდეთ, რადგან მაშინ საერთაშორისო საზოგადოების წინაშეც ექნებათ სათქმელი, რომ ქვეყანაში პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. თუმცა, ამ სცენარში გაურკვეველი მხოლოდ დავით ბაქრაძის ადგილი რჩება. ყველაფერს კი, ცხადია, უახლოესი თვეები გამოაჩენს.