[მანანა ნოზაძე]
ყოველი წლის 4 ივლისს ამერიკელები მანჰეტენზე თავისუფლების ქანდაკებასთან იკრიბებიან. ეს ქანდაკება ამერიკას საფრანგეთმა 1886 წელს საჩუქრად გადასცა. მართალია, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ამერიკის სიმბოლო „თავისუფლების ქანდაკება“ მნახველთათვის მიუწვდომელი იყო, მაგრამ მოგვიანებით იგი კვლავ ღიად გამოცხადდა ფართო საზოგადოებისთვის.
სწორედ თავისუფლების ქალღმერთს უჭირავს მარჯვენა ხელში ჩირაღდანი, მარცხენაში კი აბრა წარწერით - „1776 წლის 4 ივლისი“.
1776 წლის 4 ივლისს კონტინენტურმა კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 13 კოლონია ინგლისისგან დამოუკიდებელ შტატად გამოცხადდა. ამავდროულად, დამოუკიდებლობის დეკლარაცია დამტკიცდა, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულმა კოლონიებმა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამერიკელები სწორედ ამ თარიღს თვლიან თავიანთი ქვეყნის დაბადების დღედ.
დეკლარაციის თანახმად, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ახალი სახელმწიფო
- ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა.
დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები „ამერიკის შეერთებულ შტატებად“ მოიხსენიება. 1776 წლის 4 ივლისის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოჰყვა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ბრიტანეთის იმპერიასთან. ამ ომში გამარჯვება აშშ-მა მოიპოვა.
დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ამ ზესახელმწიფოს პრიზმაში ტყდება. ქართველებსაც რატომღაც დაგვჩემდა ფრაზა - რას იტყვის ამერიკა. განსაკუთრებით, აგვისტოს ომის დროს მოვითხოვდით მისგან ხსნას...
რას იტყვის ამერიკა, როგორც ჩანს, ეს ფრაზა პატარა ერებისთვის აქტუალური ყოფილა. ასე დაემართათ უნგრელებს, როცა 1956 წელს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ეგონათ, ამერიკელები მათ დასახმარებლად უნგრეთში შეიჭრებოდნენ და ეკვეთებოდნენ რუსებს. ამ დროს კი ამერიკელები უნგრელებს მხოლოდ მორალურ მხარდაჭერას უწევდნენ და მატერიალურადაც ეხმარებოდნენ. 30 ათასამდე უნგრელი დაიღუპა მაშინ, ამდენივე ემიგრაციაში წავიდა ამერიკაში. ამერიკელებისადმი უნგრელი პატრიოტების დიდი მოლოდინის მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტმა დუაიეტ ეიზენჰაუერმა პირდაპირ განაცახდა, მესამე მსოფლო ომს ვერ დავიწყებ, რადგან ამით მთელი პლანეტის არსებობა ეჭვქვეშ დადგებაო.
ხშირად გაგვიგონია, ამერიკა დემოკრატიის ქვეყანააო, მაგრამ ამ დემოკრატიულ ქვეყანაშიც უამრავი პრეზიდენტი მოუკლავთ. ასე რომ, ძალადობა მათთვისაც არ არის უჩვეულო. რად ღირს მარტო ორი გამოჩენილი პრეზიდენტის - ლინკოლნისა და კენედის ლიკვიდაცია, რომლებიც ამერიკელებისთვის დღემდე საუკეთესო პრეზიდენტების სტატუსს ინარჩუნებენ.
სხვათაშორის, წლეულს ამერიკელებმა ყველა დროის უძლიერეს პრეზიდენტად ფრანკლინ რუზველტი (1933-45) აღიარეს და მას პოლიტიკური ხედვა, ქვეყნის მართვის ალღო და საგარეო პოლიტიკა მოუწონეს.
ამერიკელებზე რა უნდა ვთქვათ, როცა პუტინიც ხშირად იმოწმებს რუზველტს, როცა ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენის სურვილს გამოთქვამს.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი ამ პოსტზე ზედიზედ ოთხჯერ აირჩიეს, რადგან ეს არ ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის კონსტიტუციას“, – განაცხადა პუტინმა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სოჭში კლუბ „ვალდაის“ (რუსი და უცხოელი ანალიტიკოსების ჯგუფი) წარმომადგენლებთან სადილის დროს – „არც მე და არც პრეზიდენტი მედვედევი ისეთ რამეს არ გავაკეთებთ, რაც რუსეთში მოქმედ კანონებს ან ქვეყნის კონსტიტუციას დაარღვევს“.
როგორც ჩანს, რუზველტის პერსონით ფრთაშესხმული პუტინი ხელისუფლებაში დარჩენის მეოთხე ვადაზეც არ იტყვის უარს. თუმცა ერთგვარად კომიკურიცაა ის ისტორია, რაც ამერიკის სათავეში რუზველტის მოსვლას უკავშირდება.
მისი კარიერა ნიუ-იორკის პოლიციიდან დაიწყო. რუზველტი იმ პოლიციის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ამ უზარმაზარი ქალაქის - ნიუ-იორკის ყველაზე კორუმპირებულ სისტემად ითვლებოდა. ამდენად, რუზველტმა პირველად სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, თანაც ძალიან წარმატებულად.
რა თქმა უნდა, ქალაქის მესვეურებს ეს არ მოეწონათ, რადგან კავშირში იყვნენ პოლიციის ხელმძღვანელობასთან. ამიტომ მისი მოცილება გადაწყვიტეს. თუმცა, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. როგორ მოეცილებინათ, როცა ვერ მოისყიდდნენ, რუზველტს ფული არ აკლდა, თან ზნეობრივი ადამიანი იყო. ვერც ხარვეზები აღმოუჩინეს, რადგან პროფესიონალი გახლდათ. ამიტომ, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, დააწინაურეს. სხვათაშორის, პოლიტიკაში არასასურველი პირების მოცილებისთვის ეს საკმაოდ მზაკვრული ხერხია და მას ხშირად მიმართავენ. ამდენად, რუზველტი საზღვაო ფლოტის მინისტრის მოადგილე გახდა. მოგვიანებით ამერიკა-ესპანეთის ომში მოხალისედ წავიდა, ისე, რომ არავინ მოითხოვდა მისგან ამ ხარკის გაღებას. ბოლოს და ბოლოს, ამხელა თანამდებობა ეკავა. ამ ომში რუზველტმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა. თუმცა იმავდროულად, ხედავდა, რომ უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე კი არ იღუპებოდა, არამედ ლაზარეთებსა და ჰოსპიტლებში. ამის მიზეზი კი მედიკამენტების ნაკლებობა და ცუდი მენეჯმენტი იყო. მოკლედ, თავდაცვს სამინისტრო არაეფქტურად მუშაობდა. ეს გენერლებსაც არ მოსწონდათ, მაგრამ კარიერის გაფუჭების შიშით ხმას ვინ ამოიღებდა?
რუზველტმა, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა, საკუთარ თავზე აიღო ამ უწყების მხილება და გააკრიტიკა ვაშინგტონის თავდაცვის სამინისტრო. ეწყინათ, მაგრამ მის სიმართლეს ვერსად დაემალნენ და რეაქცია არ გამოუვლენიათ. თუმცა შურისძიება მაინც მოახერხეს. მებრძოლების დაჯილდოების დრო რომ დადგა, რუზველტი აღარ დააჯილდოვეს იმ ორდენით, რომელსაც გულით ელოდა. ეს ძლიერ განიცადა და კუბის ომთან დაკავშირებით მემუარები დაწერა, სადაც ძირითადად საკუთარ დამსახურებაზე აკეთებდა აქცენტს.
მოგვიანებით რუზველტი გუბერნატორი გახდა, აქაც სამართლიანობის პრინციპით მოქმედებდა, ამიტომ მისი მოშორება განიზრახეს. არსებობს ვერსია, რომ გუბერნატორობისგან ჩამოშორების მიზნით, მას ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატობა შესთავაზეს. ამის შემდეგ „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთი ლიდერი შეშინდა: „გული მისკდება, როცა ამ გიჟსა და გადარეულს წარმოვიდგენ, რომელსაც პრეზიდენტის თანამდებობისგან ერთი ნაბიჯი აშორებს“.
მართლაც, რუზველტი ამერიკის პრეზიდენტი გახდა. მასვე ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, არის თავად შიში.
სხვათაშორის, ამ 74 წლის წინ, 23 ივნისს ხევსურებმა ამერიკის პრეზიდენტ რუზველტს წერილი მისწერეს, მაგრამ ეს წერილი 74 წლის დაგვიანებით მიუვიდა „ადრესატს“ (სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსულ ჯორჯ ბუშს გადასცა).
ტექსტის სიმცირის მიუხედავად, ეს რამდენიმე წინადადება სრულად ასახავს იმ პერიოდის ხევსურების ტკივილს - თუ როგორ ატერორებდნენ რუსები ქართულ მოსახლეობას.
„ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა: ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან ხშირად გვეუბნებიან მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვ მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ“.
ამ წერილს მთელი ხევსურეთის სახელით გიგა ლიქოკელი და ვ. გორგილაშვილი აწერდნენ ხელს.
მართალია, წერილი რუზველტს არ მიუღია, მაგრამ რომც მიეღო, დაეხმარებოდა კი მის
მომლოდინე ხევსურებს? ხევსურები კი ჩეკამ აიყვანა... ხოლო ის „ამერიკელი“,
რომელსაც მათ წერილი ანდეს, ჩეკას თანამშრომელი აღმოჩნდა.