ტატუნაშვილის საქმეს და მსგავსი ქმედებების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა მექანიზმების ამოქმედებას, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ჯერჯერობით სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები კვლავაც გრძელდება - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემიდან მეორე დღეს ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კვლავ გაიტაცეს ორი მოქალაქე.
რა შეიძლება გააკეთოს ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ, ეს კითხვა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს და შესაბამისად, სხვადასხვა დონეზე ჩნდება მოსაზრებები, რომელი გზა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური - საქართველოს პრეზიდენტი პროცესში ევროპული სასამართლოს ჩართვაზე საუბრობს, პარლამენტი რეზოლუციაზე მუშაობს, ხოლო საექსპერტო წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველოს პროკურატურის აქტიურობამ შესაძლოა, დააფიქროს ოკუპანტი, თუ რა შეიძლება, მოჰყვეს მისი მხრიდან მორიგი დანაშაულის ჩადენას.
„ეს არის ჩვენი ტერირტორია და როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება, ვფიქრობ, ჩვენი სამართალდამცველების მიერ ეს შეფასებული უნდა იყოს, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გნებავთ, მავთულხლართებს აქეთ იყოს და გნებავთ - იქით. დამნაშავეებზე ძებნა უნდა გამოცხადდეს, ვფიქრობ ეს არის ის უნივერსალური მექანიზმი, რომელიც დღემდე არ გამოგვიყენებია“,- აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ექსპერტი სოციალურ ქსელებში საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს - „ბევრი მეკითხება - როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ამ შემთხვევაში?ტატუნაშვილის მკვლელობა უნდა იქნას გამოძიებული, როგორც ორგანიზებული დანაშაული, რომლის ფიგურანტები იქნებიან კონკრეტული მკვლელები, მათი მფარველები და პოლიტიკურად შემფუთველები. პრაქტიკულად მთელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ელიტა. ეს ხალხი უნდა იქნას გამოძახებული დაკითხვაზე. არგამოცხადების შემდეგ ძებნაში გამოცხადდნენ ინტერპოლის ხაზით. მინიმუმ მათ გადაადგილებას შევზღუდავთ. მათ შორის რუსეთისგანაც მოვითხოვთ. კვალიფიკაციური მუშაობის შემთხვევაში, მათ ფეხქვეშ მიწას ამოვწვავთ“,- წერს გია ხუხაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
For.ge- სთან საუბრისას გია ხუხაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო მექანიზმები დღეს ჩართულია, მაგრამ მისი აზრით, არის უფრო მოკლე და ეფექტური გზაც.
„გასაგებია, რომ დამნაშავეებს ჩვენ ვერ მივწვდებით, მაგრამ როდესაც საუბარია „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე“, ეს არის ერთი გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ, მაგრამ შესაძლებელია სამართლებრივი სიის გაკეთებაც - ექსპერტიზამ პრაქტიკულად, უკვე დაადასტურა, რომ ადამიანი არის ნაწამები, შესაბამისად, ეს არის ორგანიზებული დანაშაული, აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ მკვლელებზე, საუბარია მათ მფარველებზეც. ცხადია, ამას უნდა მიეცეს სისტემური დანაშაულის კვალიფიკაცია.
სამართლებრივი ტერმინოლოგიით ვერ ვისაუბრებ, რადგან იურისტი არ ვარ, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი პრაქტიკა არსებობს და ფიგურანტები უნდა გახდნენ ყველანი, ვისაც დანაშაულთან რაიმე შეხება ჰქონდა“,- მიიჩნევს ხუხაშვილი.
ექსპერტი თვლის, რომ შესაძლებელია მათი დაკითხვაზე გამოძახება, თუნდაც მოწმის სტატუსით და არგამოცხადების შემთხვევაში ჩვენს სამართალდამცველ სისტემას სრული კარტბლანში ექნება, რომ ამ ადამიანებზე გამოაცხადოს ძებნა, შემდეგ - საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მეშვეობით.
„ეს საკმაოდ დიდი სია იქნება, რომელშიც მოხვდება სამხრეთ ოსეთის მთელი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამ ბოლო დროს დიდი „წარმატებით“ დასეირნობს ევროპაში - ახლახან - იტალიაში გახლდნენ. ვფიქრობ, საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვედრა იმ შედეგს მაინც გამოიღებს, რომ შეეზღუდებათ მსგავსი გადაადგილებები. შეგვიძლია რუსეთსაც მოვთხოვოთ გადმოცემა, რადგან რუსეთიც ჩართულია ინტერპოლის სისტემაში და შესაბამისი ვალდებულებები გააჩნია. შესაძლოა, არ გადმოგვცენ, თუმცა დაპატიმრების ვალდებულება აქვთ“, - აცხადებს ხუხაშვილი.
მისივე შეფასებით, კარგია სტრასბურგზე რომ საუბრობენ, თუმცა ეს მრავალწლიანი პროცესია.
„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაც“ დროში გაწელილი პროცესი მგონია და უფრო პოლიტიკური რიტორიკის სახე მიეცემა. თუ საქართველოს პროკურატურა ყველაფერს კვალიფიციურად გააკეთებს, ჩვენ შეგვიძლია, სერიოზული პრობლემები შევუქმნათ სამხრეთ ოსეთის მთელ პოლიტიკურ ელიტას. თუ ვერავის ვერ მივწვდით, გადაადგილების სივრცე მაინც შეეზღუდებათ და შემდეგ, ვიდრე რამე უბედურებას ჩაიფიქრებენ, იმაზე მაინც დაფიქრდებიან, ამას რა შეიძლება მოჰყვეს“,- აცხადებს ხუხაშვილი.
უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ პარლამენტის რეზოლუციაც საკმარისი იქნება იმისათის, რათა ის სანქციები, რასაც გია ხუხაშვილი გულისხმობს, აღნიშნული პირების მიმართ ამოქმედდეს.
„საერთოდ, გამოძიების სტრატეგიას და ტაქტიკას წყვეტს თვითონ პროკურატურა, ამიტომ ვერავინ ვერ ჩაერევა. მესმის, რომ ემოციურად ყველას აწუხებს ეს საკითხი, მათ შორის, მეც, მაგრამ არ მგონია, საქართველოს პროკურატურამ მიმართოს ამ სტრატეგიას და მით უმეტეს, ეს შედეგიანი იყოს“,- თვლის უფლებადამცველი.
როგორც მუხაშავრია აცხადებს, ამ ადამიანებს არც არავინ დაიჭერს, არც სასამართლოში მიიყვანს და არც პასუხისგებაში მისცემენ - ერთადერთი, რასაც შეიძლება, მივაღწიოთ, ეს არის ის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-ში ვერ შევლენ.
„უფრო მეტად მომწონს გიორგი მარგველაშვილის წინადადება, რომ ეს საქმე უნდა გასაჩივრდეს ევროსასამართლოში, იმიტომ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება, უფრო ქმედითი და შედეგიანი იყოს.
რაც შეეხება ჩვენს პროკურატურას, ამ ტერიტორიაზე ომის საქმეებს არ იძიებს, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტყვედ აიყვანეს, დაჭრეს და დახოცეს და ამბობს, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია სადაც ჩვენი იურისდიქცია არ მოქმედებსო. გგონიათ, ახლა გახდებიან ისეთი მამაცები, გადავლენ იქით, ჩაავლებენ ქეჩოში ხელს დამნაშავეს და პასუხისგებაში მისცემენ? - მე არ მჯერა ამისი“, - აცხადებს ლია მუხაშავრია და თვლის, რომ ერთადერთი ქმედითი საშუალება საერთაშორისო მექანიზმებია.
„ჩვენს პროკურატურას დედაქალაქის ცენტრში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის გახსნის თავი არ აქვს და გჯერათ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამოიძიებენ რამეს? ვწუხვარ, მაგრამ ძალზე ნეგატიურად ვარ განწყობილი პროკურატურის მიმართ. მესმის, რომ გიას (ხუხაშვილს) ძალიან აწუხებს ეს საკითხი, მაგრამ მე ხომ ვერ ვურჩევ ნინო ანანიაშვილს „გედების ტბაში“ როგორ იცეკვოს? არც გიას საქმეა, გამოძიების საკითხებში რჩევა მისცეს ვინმეს, მით უმეტეს პროკურატურაზე შეუსმენელი ინსტიტუცია ცოტა მეგულება საქართველოში“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.
იურისტი, ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ რაც გია ხუხაშვილმა თქვა, ეს მოსაზრება კი არა, მთავრობის ვალდებულებაა, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენთაგანის მიმართ სახელმწიფოს და სამართალდამცველ სტრუქტურებს გააჩნია ვალდებულება, დაგვიცვას და თუკი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდება მისი მოქალაქის მიმართ, ეს გულისხმობს, მინიმუმ, გამოძიების დაწყებას.
„უნდა ვინმეს თუ არა, როდესაც ხდება ისეთი ტრაგიკული ფაქტი, როგორიც გარდაცვალებაა, პროკურატურა ვალდებულია, ეს საქმე გამოიძიოს. როგორი წესით მოიპოვებენ მტკიცებულებებს, პასუხისგებაში ვის მისცემენ, ეს უკვე შემდგომი ეტაპია და რაც გამოიკვეთება გამოძიების პერიოდში, იმის მიხედვით მოხდება შემდგომი რეაგირება და შესაბამისი პროცედურების დაწყება, მათ შორის, პასუხისგებაში მიცემა, თუნდაც დაუსწრებლად, ძებნის ან საერთაშორისო ძებნის გამოცხადება იქნება ეს, თუ სხვა - ეს არის ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა, აქვს და ექნება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.
მისივე შეფასებით, ამ შემთხვევამ გამოკვეთა, რომ ვიდრე სახელმწიფო არ იქნება პრინციპული და ამ ნაწილში არ შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, ოკუპანტს ყოველთვის ექნება ცდუნება, გაიმეოროს მსგავსი დანაშაული და დარჩეს დაუსჯელი.
„საზღვრიდან ადამიანების გატაცებებს იძიებს ჩვენი პროკურატურა? ეს არის საკითხავი. ვფიქრობ, ამ საკითხში სახელმწიფოს არავისი შეხსენება და მოსაზრება არ უნდა სჭირდებოდეს“, - აცხადებს ალაფიშვილი.
ალაფიშვილის განმარტებით, ოკუპანტების წინააღმდეგ ისედაც მწირი მექანიზმებია და ხელისუფლებას რაც შეუძლია, ეს არის ის, რომ ყველა მიმართულება გააძლიეროს. რაც შეეხება ევროპულ სასამართლოს, როგორც ალაფიშვილი განმარტავს, ესეც არის ერთი გზა, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსარჩელე უნდა იყოს ტატუნაშვილის ოჯახი, თუმცა შეიძლება სახელმწიფო მას დაეხმაროს.
„სტრასბურგში 2008 წლის შემდეგაც იყო საქმეები შეტანილი, სადაც მოპასუხე რუსეთია და იგივე მექანიზმზეა საუბარი.
სხვა მექანიზმიც არის, რომლის მეშვეობითაც რუსეთი მძიმე სიტუაციაში შეიძლება, აღმოჩნდეს და ეს არის ჰააგის სასამართლო - ამ მექანიზმის გაძლიერებაც შეიძლება.
სამწუხაროდ, სრულად ვერ ვიყენებთ იმ საერთაშორისო მექანიზმებს რაც არსებობს, მაგალითად, გაეროში და ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული - რუსეთს ვეტო აქვს და ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო მისი მძევალია“,- აცხადებს ალაფიშვილი, თუმცა თვლის, რომ მართალია მწირი, მაგრამ მაინც არის ის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ოკუპანტმა პასუხისმგებლობისგან თავის არიდება ვერ შეძლოს.
როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, შესაძლებელია, მსგავსი საქმეები საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს და იძიებს კიდეც, მაგრამ ამაზე ისეთი ხალხი ლაპარაკობს, ვისაც პასუხისმგებლობა არასდროს არ ჰქონია ქვეყნის წინაშე.
„არ ჰქონიათ პასუხისმგებლობა და არც აქვთ - ყველანი ახლა გახდნენ მცოდნეები, გამოძიების, საერთაშორისო იურიდიული თუ საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების. საქართველოს პროკურატურა დიდი ხანია, აწარმოებს გამოძიებებს და არა მარტო მსგავს საქმეებს იძიებს, არამედ ყველა დანაშაულს, რაც კი ხდება ამ ტერიტორიებზე. შეიძლება ვიღაცამ გულზე მჯიღი ირტყას და თქვას, რომ სამხრეთ ოსეთში სამართლებრივ წესრიგს დაამყარებს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ეს ტერიტორია ოკუპირებულია. თან ისეთი ძალის მიერ არის ოკუპირებული, რომელიც შემოიყვანა იმ ხალხმა, ვინც დღეს ძალიან „სერიოზულ“ განცხადებებს აკეთებს.
როგორ შეიძლება კონტროლის დაწესება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია? შეიძლება, სერიოზული ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ კონტროლი განვახორციელოთ იმ ადამიანების დაკავებაზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა“? - აღნიშნავს ვოლსკი.
თუმცა მმართველი ძალის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, დამნაშავეს პასუხი მაინც მოეთხოვება, ამ ეტაპზე კი, რისი შესაძლებლობაც არსებობს, ყველა მექანიზმი ამოქმედებულია.
„საქართველოში და ყველა სხვა ქვეყანაში ცნობილი იქნება ამ ადამიანების ვინაობა და მათ წინააღმდეგ იმოქმედებენ, როგორც დამნაშავეების წინააღმდეგ. საერთაშორისო დონეზე ეს თემა არ უნდა მოიხსნას დღის წესრიგიდან - ეს არის ის რესურსი და ბერკეტი, რაც გააჩნია საქართველოს დღეს.
რეზოლუციაშიც ეს პათოსია ასახული, ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენებს, რასთან გვაქვს საქმე და თუკი დამოკიდებულება გამოიხატება რუსეთის მიმართ, აქ მნიშვნელოვანწილად, საქართველოს ფაქტორიც დევს. ის, რასაც ხუაშვილი ამბობს, ან სხვა, ე.წ. ექსპერტები, ეს არის საკითხის ფსევდო-ცოდნა და აბსოლუტური უპასუხისმგებლობა ყოველივე იმის მიმართ, რაც თავს დაგვატეხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - აცხადებს გია ვოლსკი.