„რას უკავშირდება საქართველოს მხრიდან დათმობა - ტატუნაშვილის თემას, თუ დეკემბერში რაღაც, სხვა მოხდა?“

„რას უკავშირდება საქართველოს მხრიდან დათმობა - ტატუნაშვილის თემას, თუ დეკემბერში რაღაც, სხვა მოხდა?“

2018 წლის აშშ-ის ფინანსური ბიუჯეტის პროექტში, რომელიც კონგრესში გავრცელდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს დახმარების სახით სულ მცირე 105 325 000 დოლარი გამოეყოფა, ხოლო უკრაინას - 420 700 000 დოლარი. თანხა, რომელსაც საქართველო მიიღებს, თავდაცვის უნარიანობის გაზრდას მოხმარდება. იმ ფონზე, როდესაც რუსეთ-საქართველოს არსებული დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან უპრეცედენტო ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება თავდაცვის მიმართულებით, ადასტურებს ჩვენს პარტნიორობას, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ტატუნაშვილის მკვლელობის უმძიმესი შემთხვევა, სადაც რუსეთის ჩართულობა არის მაღალი. როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ფინანსური მხარდაჭერა და რას ამბობს ეს საქართველოსთვის?

ხათუნა ლაგაზიძე: ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. წელს იწყება სამწლიანი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში ამერიკა დააფინანსებს, გაწვრთნის და აღჭურვავს საქართველოს ჯარს. საუბარია 9 ბატალიონზე, როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო, სახმელეთო თავდაცვაზე. 2003 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური სამხედრო დამხამერების პროგრამა აშშ-ისგან არ მიგვიღია. 2003 წელს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაც ძალიან მასშტაბური იყო და ის ძირითადად ემსახურებოდა საქართველოს საჯარისო დანაყოფებების მომზადებას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის.

რაც შეეხებასაქართველოს თავდაცის მზადყოფნასამ პროგრამის არსი რაში მდგომარებოს?

- ეს სპეციფიურად ეძღვნება სწორედ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას და ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. ჩვენი ჯარის ერთ-ერთი ფუნქცია არის სავარაუდო თავდამსხმელის თუ მტრის შეკავება, მანამ სანამ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დასავლეთიდან შესაბამის რეაქციას მისცემენ. აი, ამ უნარებისა და შეკავების გაძლიერებას ემსახურება ეს უპრეცედენტო მასშტაბის დახმარება.

ამ დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას 2016 წლის ივლისში მოეწერა ხელი ჯონ ქერისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ. ახლა ამ პროგრამამ შეიძინა კონკრეტული კონტურები. უფრო კონკრეტულად ამ პროგრამაზე საუბარი დაიწყო ნოემბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის - რიჩარდ მატისისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის - ლევან იზორიას შეხვედრაზე.

ეს ხაზსს უსვამს, აშშ-ისთვის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც პარტნიორი ამ ურთულეს რეგიონში, სადაც ამერიკამ ბოლო წლებში პოზიციები საგრძნობლად დათმო. აღარაფერს ვამბობ თურქეთსა და ამერიკას შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე და ამ ფონზე საქართველოს როლის და მნიშვნელობის ზრდაზე იგივე აშშ-სთვის. თუმცა, იგივე თურქეთიც იმის მაგალითია, რომ აშშ საკუთარ პარტნიორებს მარტივად არ ელევა და არ უშვებს საკუთარი გავლენის სფეროდან.

სულ ახალი ინფორმაციით თურქეთი აპირებს რუსული საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების სუ–400–ების ნაცვლად შეიძინოს ამერიკის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები. თურქეთი ზენიტურ–სარაკეტო კომპლექსი Patriot–ის შეძენაზე მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართავს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. Aksham-ს ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიაწოდა. როგორც ჩანს, აშშ-მა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ნატოს წევრ და მის ბოლო დრომდე პარტნიორ ქვეყანაში არ დაეშვა რუსული შეიარაღება.

როდესაც ვსაუბრობთ ამერიკულ დახმარებაზე, საინტერესოა ტატუნაშვლის საქმე და ჟენევის 27-28 მარტის შეხვედრა, სადაც გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციასთან მიერთება მოხდება. რას ნიშნავს ამ დეკლარაციაზე შეერთება და ამის ფონზე რამდენად საინტერესოა ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა?

- ნამდვილად, ამ ფონზე ძალიან იმედის მომცემია აშშ-ის ამ ტიპის მხარდაჭერა. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება ჟენევაში ამ დეკლარაციაზე საქართველოს მიერთების თემა, მე მაგალითად ჟურანისტების ადგილას საქართველოში ამერიკის საელჩოს მივმართავდი კითხვით - როგორია აშშ-ის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და რა დეკლარაციაზე საუბარი, რადგან ჟენევის ფორმატის თავდაპირველი მონაწილეები არიან საქართველო, რუსეთი და აშშ. თანათავმჯდომარები - ევროკავშირი, ეუთო და გაერო. მხოლოდ რუსეთის მოთხოვნით შემდეგ შეუერთდა ამას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, რომლებიც ამა თუ იმ საკითის განხილვაში მონაწილეობენ პიროვნულ დონეზე, მაგრამ ისინი როგორც სუბიექტები, რა თქმა უნდა, ჟენევის ფორმატში არ განიხილებიან.

რუსეთთან და ქართველოსთან ერთად ამერიკა არის სრულფასოვანი მონაწილე. თუ დეკლარაციის მიღებაზეა საუბარი, აშშ უნდა იყოს არა თუ საქმის კურსში, არამედ ამერიკის თანხმობით უნდა ხდებოდეს.

ერთი მხრივ, როდესაც ამერიკა გვაძლევს ასეთ უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას, მეორე მხრივ გაუგებარია მისი პოზიცია სრულად გაუგებარ დეკლარაციაზე მიერთებასთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველო ადასტურებს ძალის გამოუყენებლობას აფხაზეთთან და ე.წ. სამხერთ ოსეთთან ერთად. ძნელად ასახსნელია - აშშ ერთი ხელით დახმარებას გიწევდეს და მეორე ხელით ამხელა დათმობისკენ გიბიძგებდეს რუსეთთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ აშშ-ის პოზიცია.

როდესაც საუბარია ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციაზე მიერთებაზე, პარალელურ რეჟიმში გრძელდება საქართველოს მოქალაქეების გატაცების შემთხვევა. როგორ ფიქრობთ, მიზანმიმართულად ძაბავს რუსეთი სიტუციას და რა მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში?

- ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული დათბობის პოლიტიკა გადაიყვანოს დათმობის პოლიტიკაში და საქართველოს ხელისუფლება ჩააყენოს ჩოქბჯენში. ძალიან საეჭვოდ გამწვავდა პროცესები და განსაკუთრებით პუტინის მეოთხე ვადით არჩევის წინა და შემდგომ პერიოდში. ამას დამეთხვა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება და ჟენევის ფორმატში სრულიად გაუგებარ დეკლარაციაზე საქართველოს შესაძლო მიერთება. გასაგებია და მოსალოდნელია, რომ პუტინის მეოთხე ვადა იქნება გაცილებით უფრო ხისტი ვიდრე წინა წლებში იყო.

როგორი უნდა იყოს უფრო მეტად ხისტი მისი პოლიტიკა?

- რუსეთის მიერ საერთაშორისო სივრცეზე დაბრუნებული პოზიციების შენარჩუნება-გამყარება და ახალი პოზიციების ათვისებისთვის ბრძოლა - ეს იქნება პუტინის მთავარი ამოცანა თავისი პრეზიდენტობის ბოლო ვადაში. რაც შეეხება დასავლეთის ამოცანას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პუტინისთვის, დიდი ალბათობით, ბოლო ვადაა, შეეცდება რუსულ პოლიტიკურ სპექტრში და რუსულ საზოგადოებაში იმგვარი განწყობების ხელშეწყობას, რომ პუტინის შემდეგ რუსეთში უფრო თანამედროვე, ევროპელი ტიპის ლიდერი მოვიდეს. ლიდერი, რომელიც დასავლეთთან დიალოგისთვის მზად იქნება. ასე რომ, ჩვენ წინ გველოდება ძალიან რთული ფაზა. შეიძლება გაცილებით უფრო რთული ფაზა, ვიდრე ჩვენ გვქონდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს არ იქნება ერთ-ორთვიანი, ან თუნდაც ერთწლიანი პერიოდი. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იქნება, იმიტომ, რომ სრულიად განსხვავებულ იმედს ისახავს ერთი მხრივ პუტინი ამ სიტუაციაში და მეორე მხრივ დასავლეთი.

პუტინის ამოცანაა შეინარჩუნოს და განამტკიცოს ბოლო წლებში მის მიერ წარმოებული პოლიტიკა და, ჩვენს შემთხვევაში, მისი ინტერესია პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის ზრდა და ამ კუთხით საფრთხე სწორედ საქართველოსკენაც არის მომართული. დასავლეთის ამოცანა არის სრულიად საპირისპირო, თანაც იმდენად საპირისპირო, რომ დაასუსტოს პუტინის გარემოცვა, რათა მიიღოს მისთვის უფრო სასურველი რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებაში.

ანუ, ძალიან მწვავე დაპირისპირების ფაზაში შევდივართ?

- რა თქმა უნდა და ეს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთს დიდწილად ჰყავს უკიდურესად არასტრატეგიულად მოაზრონე, არაშორსმხედველი ხელისუფლება, რომელიც ობივატელური ყოფით გაჯერებული ევროპის საზოგადოების მოთხოვნებს არის მორგებული და შესაბამისად, მისთვის რუსული ბაზარი და ენერგეტიკული რესურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ასე მარტივად ვერ ელევიან. ასეთია კონფორმისტული ევროპა. მეორე მხრივ არის მტაცებელი პუტინი, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი გარემოცვის პოზიციების გაძლიერებას და მსოფლიოს მთავარი მოთამაშე აშშ, რომელიც ლოგიკურად უნდა ეცადოს მისთვის ლოიალური რეჟიმი მოიყვანოს რუსეთის სათავეში. ამ დაპირისპირების ნასხლეტები შეიძლება საქართველოსაც მოხვდეს. ახლა მთავარია არ გავხდეთ ამ დაპირისპირების უფრო მწვავე სცენა, ვიდრე აქამდე ვიყავით. და, ეს ძალიან რთული ამოცანაა.

გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა. ქართული მხარის ამოცანა ჟენევაში იყო, რუსეთს აეღო ჩვენს მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულება და ახლა ჩვენი მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე დათანხმება, როგორ ფიქრობთ შეცდომა არ იქნება?

- ამ დეკლარაციაზე საქართველოს მიერთება-არმიერთების თემის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანია. იმ ფონზე, რაც ჩვენ ვიხილეთ და ვგულისმობ ტატუნაშილის ცხედრის გადმოცემისთანავე საქართველოს 2 მოქალაქის გატაცებას სეპარატისტების თუ ოკუპანტების მიერ, ყველანირ გამართლებას უკარგავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დეკლარაციის მიერთებას. ქვეყანა მხეცურად მოკლულ ადამიანს გლოვობს და ამ დროს სალოცავიდან გაიტაცეს ორი ადამიანი. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია და გამოწვევა. თუ რუსეთი იმედოვნებს, რომ 27 მარტს საქართველოს ხელისუფლება მიუერთდება დეკლარაციას, რომლის შინაარსი ჯერ არ ვიცით, ამის ფონზე საკუთარ თავს რატომ უწყობენ ასეთ პროვოკაციებს, ამას ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი, ძალიან უცნაურად გამოიყურება.

ამათსანავე არის კიდევ ერთი რამ, რაც ერთგვარად საეჭვოს ხდის იმას, რომ საქართველო დღეს მზად არის ამ დეკლარაციას შეუერთდეს. ეს გახლავთ გიორგი კვირიკაშვილის 22 მარტის განცხადება, რომელიც ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა - „რუსეთი განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული უკანონო ქმედებების განხორციელებას, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო შეფასება უნდა მიეცეს“, - ცოტა არ იყოს უცნაურია განცხადებაა.

რატომ, რას გულისხმობთ?

- ეს იმ პრემიერის განცხადებაა, რომელმაც ერთი თვის წინ სრულიად სხვა შინაარსის შემცველი წერილი გაუგზავნა რუსეთის ხელმძღვანელობას, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საქართველოში. ახლა ასეთი საკმაოდ კატეგორიული შეფასება იმ ქვეყნის პრემიერის მხრიდან, რომელიც ხვალ ჟენევაში თითქოდა უნდა შეუერთდეს დეკლარაციას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ცოტა უცნაურია. თუ ასეთი კატეგორიული შეფასებებით გამოდის საქართველოს ხელისუფლება, მაშინ რას უერთდება და რას აწერს ხელს ჟენევაში? ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ პროცესთან დაკავშირებით. რადგან თემა დაიძრა და თუ მაინც მოხდა ამ დეკლარაციაზე ხელის მოწერა, უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, რას უკავშირდება საქართველოს მხრიდან ეს დათმობა. თუ უკავშირდება ტატუნაშვილის თემას, ასეთ შემთხვევაში ეს არის სრული კატასტროფა.

რატომ?

- იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი დაინახავს, რომ საქართველოს ჯარისკაცების გატაცებით, სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგ ასეთი ვანდალური წამებითი, მას შეუძლია საქართველოსგან სულ უფრო მეტი დათმობა მიიღოს. ასე რომ, ამის შემდეგ არც არავინ არის დაცული საქართველოში და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს რუსეთის სამიზნე. ვფიქრობ, რომ ჟენევის დეკლარციის თემა არ უკავშირდება ტატუნაშვილის ტრაგედიას. როგორც რუსული მედია გვაუწყებს, კარასინს განუცხადებია, რომ ჩვენ ამ დეკლარაციაზე თანხმობას ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში მივაღწიეთო. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა გახლავთ ის, რას უკავშირდება საქართველოს მხრიდან ეს დათმობა - უკავშირდება ტატუნაშვილს, თუ მართლაც გაცილებით ადრე, 2017 წლის დეკემბერში მოხდა ამ საკითხზე შეჯერება? თუ ასეა, მაშინ რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლება იძულებული, რომ ამ დათმობაზე წასულიყო? რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში სრულებით გასაგებია და აქ ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვით, მაგრამ თუკი მართლაც მიდის ამ დეკლარაციაზე მსჯელობა, მაშინ საინტერესოა აშშ-ის პოზიცია, რომელიც ჩართულია ჟენევის ფორმატში.

დეკლარაციაზე, რომლის შესახებ არაფერი არ ვიცით, საიტერესოა, როგორია აშშ-ის პოზიცია, როგორ აღიქვამს ამ დეკლარაციას და მასზე საქართველოს მიერთებას. თუ ეს არის დათმობა საქართველოს მხრიდან, მაშინ რატომ უჭერს მხარს აშშ? ჩემთვის ეს არის მთავარი და ფუნდამეტური კითხვა, ისე, როგორც ის, რატომ უჭერდნენ ასე ერთხმად მხარს კვირიკაშვილის განცხადებას ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ნატოს გენერალური მდივანი, აშშ-ის და საფრანგეთის ელჩი?

უამრავი კითხვის ნიშანია, საგარეო ურთიერთობებში ასეთი ჩახლართული ფონი დიდი ხანია არ გვქონია. თითქოს ურთიერთგამომრიცხავი მოთამშეები რაღაცა ერთ ნიშნულზე ჯერდებიან. ჟენევის პროცესთან დაკავშირებით მაქვს ორი კითხვა - რას უკავშირდება საქართველოს მხრიდან დათმობა, ეს არის ტატუნაშვილის თემა, თუ გაცილებით უფრო ადრე, დეკემბერში რაღაცა სხვა მოხდა? ამ შემთხვევაში რას იგებს სანაცვლოდ საქართველო და მეორე - როგორია აშშ-ის როლი და პოზიცია ამ ყველაფერში? ამ კითხვებზე პასუხი ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს უახლოესი თვეების განმავლობაში.