„რელიგიური გაერთიანებების ნაჩქარევი კანონპროექტი შეიძლება, დაპირისპირებების მიზეზი გახდეს“

„რელიგიური გაერთიანებების ნაჩქარევი კანონპროექტი შეიძლება, დაპირისპირებების მიზეზი გახდეს“

[მერაბ ბრეგაძე]

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად,  საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები საჯარო სამართლის იურდიულ პირებად ჩაითვლებიან. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შედის. ინიციატორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური არიან.

კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩაითვლებიან რელიგიური გაერთიანებები, რომლებსაც „გააჩნიათ მჭიდრო ისტორიული კავშირი საქართველოსთან“. კერძოდ, რომაული კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, მუსლიმანთა და იუდეველთა თემები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუგზარ წიკლაური საკანონმდებლო ინიციატივას, ქართული შემწყნარებლობის ტრადიციის დადასტურებად აფასებს. როგორც წიკლაურმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა, საქართველო ხდება ქვეყანა, რომელიც ეფუძნება ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპებს.

წიკლაურმა კოლეგებს მოუწოდა გაითვალისწინონ, რომ ასი ათასობით ქართველი ცხოვრობს თუნდაც თურქეთში, რომლებიც აღმსარებლობით მუსლიმები არიან.

ასევე, წიკლაურმა გაიხსენა ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულება, რომელიც თავად ჩაუდგა სათავეში ყურანის თარგმნას და გაიხსენა კათოლიკე ქართველები – მიხეილ თამარაშვილი, მიხეილ თარხნიშვილი. ასევე ზაზაძეები, რომლებმაც სტამბულში უდიდესი სავანე შეინარჩუნეს და ა.შ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შემწყნარებლობის ტრადიციას.

მისი თქმით, საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებულია და ეს ასახულია კონკორდატშიც, სხვა რელიგიებთან მიმართებაში ახალი ინიციატივის განხორციელება კი იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო მათზეც ზრუნავს.

„ჩვენ სხვა რელიგიების ჩაგვრას არასოდეს დავუბრუნდებით. ჩვენ ეროვნული ტრადიცია არის შემწყნარებლობის ტრადიცია“.

საპარლამენტო ოპოზიციას კი, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ რიგი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურდიული პირების სტატუსის მინიჭების საკითხის დროებით შეჩერებას ითხოვენ .

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას „ქრისტიან-დემოკრატმა“ ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, საინტერესოა, აქვთ თუ არა საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც ანალოგიური კეთილი ნება ქართული ეკლესიის მიმართ.

მისი თქმით, შეუძლებელია ამ ინიციატივის ასე ცალმხრივად განხილვა და მიღება, ვიდრე  მეზობელი ქვეყნების და, ასევე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია არ იქნება ცნობილი.

ნიკა ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი მიუღებელი არ არის, მაგრამ გაუგებარია განმარტება „საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი რელიგიური გაერთიანებები“.

ნიკა ლალიაშვილი განსაკუთრებით ბაბტისტური ეკლესიის საქართველოს „ბედისწერასთან“ კავშირით ინტერესდება.

ლალიაშვილმა საკითხის განხილვისგან ჯერჯერობით თავის შეკავება მოითხოვა: „მე ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტილებისაგან თავი უნდა შევიკავოთ. მივმართოთ ჩვენ ეკლესიას, გავიგოთ, რამდენად არის დაცული ჩვენი ეკლესიის სტატუსი მეზობელ ქვეყნებაში“.

დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთვის „გაუგებარია“, რამ გამოიწვია „სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ის ცვლილებები, რომელიც რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„მიკვირს, რამ გამოიწვია ამ ცვლილებების მომზადება. საქართველოში რამდენიმე კონფესიის ადამიანი ცხოვრობს და რატომ უნდა მივუდგეთ მათ იმ ნიშნით, თუ ვინ როდის ჩამოვიდა?!“ - აცხადებს ბაღათურია, რომლისთვისაც ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება „პრინციპულად მიუღებელია“.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი 21-ე საუკუნის“ თავმჯდომარის პაატა გაჩეჩილაძის აზრით, რელიგიური გაერთიანებების შესახებ „სამოქალაქო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ნაჩქარევი და მოუმზადებელია.

როგორც „პირWელს“ გაჩეჩილაძემ განუცხადა, „იურიდიული სტატუსის საკითხი საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიებისთვის ცენტრალური პრობლემაა და მისი გადაწყვეტა ფართო განხილვისა და კონსენსუსის შედეგად უნდა მოხდეს“:

„ეს კანონპროექტი ყოვლად მოუმზადებელია და ასე ნაჩქარევად მისი მომზადება მიზანშეუწონლად მიმაჩნია. ამ საკითხზე მსჯელობები მიმდინარეობს, მათ შორის - ჩვენი ორგანიზაციის ფორმატშიც, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობს. ამ თემის ფორსირება მძიმე და არასასურველი შედეგებისა და დაპირისპირებების მიზეზი შეიძლება, გახდეს, ვინაიდან კანონპროექტი ბევრ წინააღმდეგობას მოიცავს.

ამასთან, არასამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი, რომლითაც დღეს რელიგიური გაერთიანებები რეგისტრირდებიან, გაცილებით მეტი თავისუფლების საშუალებას იძლევა, ვიდრე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. სსიპ სახელმწიფო წარმონაქმნია და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ კონტოლირებადი“.

მისივე აზრით, „გაუგებრობას და აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს ის კრიტერიუმებიც, რომელთა მიხედვითაც სსიპ სტატუსი ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებას მიენიჭება“.

კერძოდ, გაჩეჩილაძისთვის გაუგებარია, რატომ არ არის ჩამონათვალში ლუთერანული თუ სხვა ეკლესიები, რომლებიც ამ სტატუსს ითხოვდნენ.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ სომხების პატრიარქმა გარეგინ მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას საქართველოში სომხეთის ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხიც დააყენა, რის საპასუხოდაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სომეხთა კათოლიკოსს ზუსტად ანალოგიური მოთხოვნები წაუყენა.

„ჩვენი ურთიერთობა არა ცალმხრივ, არამედ ორმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს“, – ბრძანა მაშინ პატრიარქმა.