მშენებლებს სადაზღვევო სექტორის აქტიურობა არ მოსწონთ

მშენებლებს სადაზღვევო სექტორის აქტიურობა არ მოსწონთ

ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო კომპანიებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების დაზღვევის ვალდებულება ექნებათ. ბოლო 3-4 თვეში ეს რიგით მერამდენე რეგულაციაა სამშენებლო სფეროში, უკვე ძნელი დასათვლელია. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი უძრავ ქონებას ნამდვილად გააძვირებს.

იმ შემთხვევაში, თუ შენობაში რაიმე კონსტრუქციული ხარვეზი ან უფრო დიდი პრობლემა აღმოჩნდა, რამაც შენობა ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ საცხოვრებლად უვარგისი გახადა, დაზღვევის შემდეგ ნაკლის გამოსწორება უნდა მოხდეს. დაახლოებით ასეთია საკანონმდებლო ცვლილებების ის პაკეტი, რასაც ქუმსიშვილის უწყება ამუშავებს.

„პასუხისმგებლობის დაზღვევა დღესაც არსებობს და ნებაყოფლობითობის საფუძველზე ნებისმიერ კომპანიას და ნებისმიერ დარგში მომუშავე ექსპერტს შეუძლია, რომ ასეთი სადაზღვევო პროდუქტი შეიძინოს. რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევას, ამის თაობაზე მსჯელობა მიმდინარეობს დარგთან ერთად. მე ვგულისხმობ როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე სადაზღვევო კომპანიებს.

ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, რომელ ქვეყნებში არსებობს ასეთი სავალდებულო მოთხოვნები, რა გავლენას ახდენს ის სექტორზე და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ასეთი რეგულაციების შემოღებაზე გავაგრძელებთ კონსულტაციებს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი თინა სტამბოლიშვილი ადასტურებს, რომ შესაბამისი დაცვითი მექანიზმის შემუშავების მიზნით მზღვეველები მთავრობასთან ერთად მართლაც მუშაოებენ.

„მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები სამშენებლო კომპანიებისთვის ფარული დეფექტების დაზღვევის შესახებ. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი დაცული იქნება უხარისხო მშენებლობის ან სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც შეიძლება ბინის ყიდვის დროს ვერ შეამჩნიოს და სავალალო შედეგი მიიღოს რამდენიმე წლის შემდეგ. საუბარია ხუთწლიანი ან ათწლიანი დავის მექანიზმზე, რასაც დაზღვევა უზრუნველყოფს.

მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყნებში და ძირითადად იმიტომ კეთდება, რომ 5-10 წლის შემდეგ რთულია კომპენსაციის მიღება იმ კომპანიისგან, რომელმაც მშენებლობა განახორციელა. მთავარია დაცვის ეფექტური მექანიზმის შემუშავება. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად“, - განმარტა „ბიზნეს მედიასთან“ თინა სტამბოლიშვილმა.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინიციატივას სადაზღვევო სექტორი ლობირებს. ამ საკითხზე მათ ეკონომიკის სამინისტროში დაახლოებით 6 თვის წინ ჰქონდათ შეხვედრა, სადაც დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება.

„ეს გაზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს. აზრი რა აქვს ამ დაზღვევის შემოღებას, მართლა ვერ ვხვდები. თქვენ წარმოიდგინეთ ინვესტორის მდგომარეობა, რომელმაც ინვესტიცია გააკეთა საქართველოში, სახლი ააშენა, მოახდინა რეალიზაცია და წავიდა ქვეყნიდან. მერე 10 წელი დაზღვევა იხადოს? არსად ასეთი რამ არ არის. მესმის რომ სადაზღვევო კომპანიებს ცუდი პერიოდი აქვთ და ეძებენ ვარიანტებს და უკეთებენ ლობირებას სხვადასხვა უწყებებში, რომ რაღაც შემოსავალი გაუჩნდეთ. საბოლოო ჯამში, ეს მოსახლეობის გადასახდელია. ბუნებრივია დაედება გაყიდვას ტვირთად“, - აცხადებს როსტომაშვილი.

ყველაფერს კი გაძვირებისკენ მივყავართ, თუმცა, რამდენი პროცენტით მოიმატებს ამა თუ იმ ქონებაზე ფასი, ამის ვარაუდი რთულია. უძრავი ქონების სააგენტო Myclient.ge-ს დირექტორი გვანცა გუჯელაშვილის თქმით, სხვადასხვა ტიპის რეგულაციების შემოღება ბევრად მეტი ნებართვის მიღებასთან და მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებასთან იქნება დაკავშირებული.

„კომპანიები ვალდებულები იქნებიან, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები შეიძინონ, მაქსიმალურად დაიცვან იქ დასაქმებულთა უსაფრთხოება, შესაბამისად, მშენებლებს სამშენებლო სამუშაოების თვითღირებულება შედარებით მეტი დაუჯდებათ, ეს კი ავტომატურად უძრავი ქონების ფასზეც იმოქმედებს. ფაქტია, რომ გაძვირდება, თუმცა იმის თქმა, თუ რამდენით, შეუძლებელია. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და შესაბამისად, წინასწარ ამის თქმა ძნელი იქნება“, - აღნიშნა გუჯელაშვილმა.