საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ხშირ შემთხვევაში სავალდებულო ინსპექტირებას თავს არიდებს. თბილისის 816 ავტობუსიდან ნახევარზე მეტმა ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. აუდიტის დასკვნის თანახმად, 143 ერთეულ ახალ MAN-ის ფირმის ავტობუსს არ ეკუთვნის ინსპექტირება, ხოლო დანარჩენი 673 ძველი ავტობუსიდან, 456 ერთეულმა ტექნიკური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, მაგრამ მათი მდგომარეობის გაუარესება საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ განაპირობა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. მართალია 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, მაგრამ იგი ოფიციალური დოკუმენტის სახით არ დამტკიცებულა.
არანაკლებ რთული მდგომარეობაა ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით. საქმე ისაა, რომ 2017 წელს მათი 42% სავალდებულო ტექდათვალიერებაზე საერთოდ არ გამოცხადდა, ხოლო ინსპექტირებაზე მისული სატრანსპორტო საშუალებებიდან თავდაპირველად 68 ერთეულმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების შემდეგ განმეორებითი ინსპექტირება დადებითი შედეგით 61 მიკროავტობუსმა დაასრულა.
„ტრანსპორტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მიმოსვლის მიკროავტობუსების მფლობელი ოთხივე კომპანია განმარტავს, რომ ყველა მიკროავტობუსმა 03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პტი) კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა ამის დამადასტურებელი საბუთები არ არის წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი და აკრედიტაციის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მიერ ინსპექტირების გავლის შესახებ არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ყველა მიკროავტობუსს აქვს გავლილი პტი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც არ დასტურდება აკრედიტაციის ცენტრის მონაცემებით.
სატრანსპორტო სამსახურს არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებზე. მიკროავტობუსების ნაწილის გამოუცხადებლობა ინსპექტირების ცენტრებში გამოწვეულია როგორც მერიის მხრიდან კონტროლის მექანიზმების არარსებობით, ასევე დარღვევებზე საპატრულო პოლიციის რეაგირების დაბალი მაჩვენებლით“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, როგორც ირკვევა ტექდათვალიერების ვალდებულების თავიდან არიდება მუდმივად ხდებოდა. 2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, ყვითელი მიკროავტობუსების 25% პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად არ გამოცხადდა, ხოლო გამოცხადებული - 1 524 მიკროავტობუსიდან 4% უვარგისი გამოდგა.
საინტერესოა, როგორ რეაგირებს ამაზე ის უწყებები, რომლებსაც ავტომობილების ინსპექტირების კონტროლი ევალება? ამ მხრივ მონიტორინგი მაინცდამაინც არ გამკაცრებულა. თებერვალში ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო 1 287 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯამში, 15 821 საჯარიმო ქვითარი იყო გამოწერილი. საშუალო სტატისტიკური მონაცემები დაახლოებით იდენტურია.
არადა წესით, წელს კონტროლი უფრო მეტად მკაცრი უნდა იყოს, რადგან 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8-ზე მეტადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს ეხება, რომელთაც ინსპექტირების ვალდებულება აქამდეც ჰქონდათ. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, მძღოლის - 50 ლარით, ხოლო ასეთი სატრანსპორტო საშუალების სხვისთვის გადაცემა კი ფიზიკური პირის - 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირის თუ ინდივიდუალური მეწარმის 200 ლარით დაჯარიმებას იწვევს.