[თეონა ხარაბაძე]
ჯერ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხიც არ არის გარკვეული და უკვე კითხვის ქვეშ დგება ყველა ის თემა, რაც გარკვეულწილად რეფერენდუმს უკავშირდება. ბოლო დღეების განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა იმაზე აპელირებს, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა ტარდებოდეს და, თუკი ეს პირობა დარღვეულია, მაშინ ჩატარებული რეფერენდუმიც უკანონოდ ითვლება.
ყოველ შემთხვევაში, ასეთია ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება 2005 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პარლამენტართა რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებდა, 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმის შედეგებს ემყარებოდეს.
ცხადია, ნაციონალების ეს არგუმენტი გასაგებია, რადგან კანონში მართლაც სწერია, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტარდება. მაგრამ კითხვას ის ბადებს, ეს მიზეზი ახლა რატომ აღმოაჩინეს და აქამდე რატომ არავის გახსენებია. მით უმეტეს, რომ რეფერენდუმის საკითხი სულ ცოტა ხნის წინაც ძალზე აქტუალური იყო.
საუბარია იმ ახალ საკონსტიტუციო ნორმაზე, რომელიც გადასახადების გაზრდას მხოლოდ რეფერენდუმით ხდის შესაძლებელს.
შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტმა დემოკრატიის გამოვლინებად გაასაღა და ბოლო დროს საქართველოში არნახული დემოკრატიის დამადასტურებლად ამ მაგალითსაც იშველიებს.
მართალია, თავის დროზე პრეზიდენტის ეს განცხადება ექსპერტებმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს, რადგან, ცხადია, რომ გადასახადების გაზრდას მხარს ხალხი არც ერთ ქვეყანაში არ დაუჭერს, რაც არ უნდა განვითარებული იყოს.
როგორც ჩანს, ეს იყო გარკვეული მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტის განცხადების კანონში ასახვა წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც ნაცმოძრაობისთვის არცთუ ისე დამახასიათებელია. მით უმეტეს, თუ საქმე პრეზიდენტის სურვილს ეხება.
ასეა თუ ისე, ეს ცვლილება უკვე ძალაშია, მაგრამ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ახლადაღმოჩენილი არგუმენტის გამო ეს ნორმა უბრალოდ სასაცილოდ ჟღერს და მეტი არაფერი.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ორ საკითხს საერთო არაფერი აქვს ერთმანეთთან.
„რაც შეეხება საგადასახადო ნაწილს, ჩვენ ეს ნორმა სპეციალურად ჩავდეთ კონსტიტუციაში. ჩვენ ეს, რომ არ ჩაგვეწერა, რომ გადასახადების განაკვეთების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გამოვიდოდა, რომ ორგანული კანონის ნორმა შეეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის ნორმას. ახლა კი ამის პრობლემა არ არის და ვფიქრობ, რომ ამ ორი საკითხის შედარებაც არ შეიძლება. თუმცა, პრობლემად დარჩება ის, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე“, - აცხადებს კუბლაშვილი.
ფაქტია, რომ არჩევნები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ახლა სწორედ ამას ამბობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა კი როდის აღდგება, ამაზე საუბარია ძალიან ძნელია.
მაშინ რა უნდა ქნას ქვეყანამ, თუკი გადასახადების გაზრდა გარდაუვალი აუცილებლობა იქნება?
ამ კითხვაზე უმრავლესობას პასუხი არა აქვს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ კითხვას თავი აარიდონ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა იხუმრა, რა გინდათ, გადასახადები აღარ გაიზრდებაო და გულწრფელად გვთხოვა, ასეთი კითხვებით იურიდიულ კომიტეტს მიმართეთ, მე იურიდიულ საკითხებში არ ვერევიო. არადა, ეს საკითხი თავის დროზე იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთსულოვანი თანხმობით დამტკიცდა.
რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან პასუხი ვერ მივიღეთ, იურიდიულ კომიტეტს მივმართეთ, მაგრამ ისინი უარესად დაიბნენ.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილმა უდროობა მოიმიზეზა და გვითხრა, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კი ყურადღების გადატანა 2003 წლის რეფერენდუმის არაკანონიერებაზე გადაიტანა. არადა, რამდენჯერმე ავუხსენით, რომ ამჟამად ეს საკითხი კი არა, გადასახადების გაზრდის მექანიზმის კანონიერება გვაინტერესებდა.
ამ კითხვაზე პასუხი არც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. დავით ბაქრაძემაც უდროობა მოიმიზეზა და პასუხს თავი აარიდა.
სამაგიეროდ, პასუხის გაცემა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ „გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად არ ნიშნავს, რომ რეფერენდუმი დღესვე ჩატარდება. რეფერენდუმის ინსტიტუტი, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კონსტიტუციაში მოცემულია და მომავალში ნებისმიერ ხელისუფლებას მისი ჩატარების შესაძლებლობა აქვს“.
საინტერესო კი ის არის, რომ გუშინ პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე „ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“ ორგანული კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
ეს მნიშვნელოვანი იმით არის, რომ რეფერენდუმის გზით ახალი სახის გადასახადის შემოღებასთან, ან არსებული გადასახადის ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ნორმას უკავშირდება და გადასახადების გაზრდის საკითხის რეფერენდუმზე გატანას ართულებს.
კერძოდ, როგორც ორგანულ კანონში ჩაიწერა, საკითხი რეფერენდუმზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუკი გადასახადის ზრდა სამ წელზე მეტი ვადით იგეგმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ახალ გადასახადებს დროებით - სამი წლით დააწესებს და თავსაც გაიმართლებენ, არც კონსტიტუცია დაგვირღვევია და არც კანონიო. სამაგიეროდ, სააკაშვილს, როდესაც დასჭირდება, სატრაბახოდ ექნება, რომ საქართველოში განვითარებული დემოკრატიის ხარიხს მკვდრაშობილი საკონსტიტუციო ნორმა განაპირობებსო.