ჰაერი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ანადგურებს

ჰაერი, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას ანადგურებს

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა 2016 წელს აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევას ეყრდნობა. შედეგები სავალალოა, მაგრამ ამ პრობლემაზე მუშაობა ჯერაც არ დაწყებულა. ხელისუფლების სხვადასხვა დონეებზე მხოლოდ მსჯელობა მიმდინარეობს და ეკოლოგიური საკითხების მოგვარებაზე ალგ-ალგ მხოლოდ დაპირება ისმის.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. თბილისის 3 წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება.

„არ ტარდება ღონისძიებები მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, ატმოსმფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობისა და დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ. ეს კი განაპირობებს პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობას და საზოგადოების დაბალ აქტიურობას ჰაერის დაცვის კუთხით.

მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზე“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანებია, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას.

03.10.2016 – 03.04.2017 პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 04.04.2017 – 06.10.2017 პერიოდში - 40%. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია. ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში შემუშავდა „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია“, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის სახით არ დამტკიცებულა.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა პირობა დადო, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს. კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განმარტებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც იქნებიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები. ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და დადებს დასკვნას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორც მერიის, ისე სხვადასხვა უწყებების მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ, არის თბილისში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყველა საპარლამენტო პარტია. ჯგუფი შეიკრიბება რეგულარულად და მას შემდეგ რაც დასრულდება პოზიციების გაცნობა, გაიმართება მოსმენები, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების. განხორციელდება ძალიან მკაცრი ზედამხედველობა იმ დირექტივების შესრულებაზე, რომელსაც სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს. ყველა პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე სოციალური ქსელების და ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. წინადადებების მიღება უკვე დაიწყება“, - განაცხადა კუჭავამ.

იგი გამოეხმაურა აუდიტის დასკვნასაც, რომლის თანახმად 2016 წელს სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება ძალიან ცოტა მუნიციპალურ ტრანსპორტს აქვს გავლილი.

„ეს არის საკითხი, რომელსაც სამუშაო ჯგუფი განიხილავს. შემუშავდება რეკომენდაციები და კომიტეტი დადებს დასკვნას. თუ გასამკაცრებელი იქნება რეგულაციები, ასეც მოხდება. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების დაკვეთაზე. ტრანსპორტის მიმართულებით, შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შემოიყვანს მერია ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს და ა.შ.“, - განაცხადა კუჭავამ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის კომიტეტის ინიციატივა საინტერესო და მისაღებია.

„დედაქალაქში ეკოლოგიის მხრივ ნამდვილად არის დიდი გამოწვევა და ესაა პრიორიტეტი, რომელიც უნდა გადავჭრათ. ყველა ღონისძება, რომელსაც მერია ახორციელებს, მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისაკენ“, - აღნიშნა ბითაძემ.