გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიური ფაროსანა მთლად ხელწამოსაკრავ მავნებლად არ დაახასიათა. მისი თქმით, აზიური ფაროსანა პროტეინის წყაროა და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმა, ინდაურებმა. რაც შეეხება ამ ხორცის ვარგისიანობას და მის სუნს, ლევან დავითაშვილის აზრით, ეს ინდივიდუალური აღქმის საგანია.
აზიური ფაროსანა საქართველოს თავსატეხად იქცა. ერთი პერიოდი, ფაროსანასთან საბრძოლველად იაპონური კრაზანის შემოყვანაზე იყო საუბარი, რომელსაც აზიური ფაროსანას კვერცხები უნდა გაენადგურებინა. თუმცა ამ ბუნებრივი გამანადგურებლის უპირატესობა იმით დაიჩრდილა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იაპონური კრაზანა-სამურაი ფაროსანას კვერცხებთან ერთად ქართულ ფუტკარსაც გაანადგურებდა.
მოგვიანებით შვეიცარიიდან დაბრუნებულმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლევან უჯმაჯურიძემ, რომელიც შვეიცარიაში სწორედ იაპონური კრაზანის ვარგისიანობას სწავლობდა, მეფუტკრეების შიში გააქარწყლა. მან აღნიშნა, რომ სამურაი კრაზანა ფუტკარს არანაირ ზიანს არ მიაყენებდა, სამურაი არც ცხოველებს ესხმოდა თავს, არც ადამიანებს და არც სხვა მწერებს, ერთადერთი გამონაკლისის-ფაროსანას გარდა. ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში, საიდანაც აზიური ფაროსანა გვესტუმრა, იაპონური კრაზანა ყველაზე კარგ ბუნებრივ მარეგულირებლად და აზიური ფაროსანას ბიოლოგიურ მტრად ითვლება. სამურაი კრაზანის დახმარებით ამ ქვეყნებში ფაროსანასთან ბრძოლა პრობლემას არ წარმოადგენს.
რას ნიშნავს ლევან დავითაშვილის განცხადება აზიური ფაროსანას პროტეინის წყაროს შესახებ და როგორ უნდა ვებრძოლოთ ფაროსანას?
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველა ასეთი მწერი პროტეინის წყაროა, მაგრამ რა საჭიროა, ვინმემ გამოსცადოს, როგორი გემო აქვს ამ მწერის გადაყლაპვის შემდეგ ქათმისა და ინდაურის ხორცს? რად უნდა ამას შეთავაზება, უბრალოდ, მოსპონ ფაროსანა და გადაყარონ.
„რა საჭიროა ყოველგვარი ცდები ფაროსანასთან მიმართებით? მაშინ საამისოდ ჩატარდეს შესაფერისი კვლევები და გვაჩვენონ, თუ რა შედეგს მივიღებთ ამით. შეიძლება, უარყოფითი არც არაფერი მოხდეს, ადამიანის ორგანიზმზე არ იმოქმედოს ასეთი ხორცის მიღებამ, მაგრამ მაინც უსიამოვნოა. ის, რომ ფაროსანა ძალიან ბევრია და საფრთხეს ქმნის, ეს რეალობაა. სადაც არ უნდა წახვიდეთ დასავლეთ საქართველოში, ყველგან ნახავთ სახლებსა თუ ეზოებში მიმობნეულ ფაროსანას. სასწრაფოდ გადამწყვეტი ზომების მიღებაა საჭირო. რაც შეეხება ქიმიური ბრძოლის მეთოდებს, თავისთავად ის უარყოფითად ზემოქმედებს გარემოზე. ჩვენ არასდროს, არანაირ ეტაპზე არ მივესალმებოდით ბრძოლის ქიმიურ მეთოდთა გამოყენებას, მაგრამ, როცა გამოუვალი მდგომარეობაა, ალბათ, ესეც უნდა მოისინჯოს. როცა მძლავრ ქიმიურ საშუალებას იყენებ, ის მერე ზემოქმედებს მთელ ეკოსისტემაზე. ბიოლოგიური ბრძოლა უკეთესი და მისაღებია ჩვენთვის, გარემოს დამცველებისთვის. მთელი თანხები აქეთკენ უნდა მიემართოს“, - აღნიშნა რუსუდან სიმონიძემ.
აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი, დოქტორი არჩილ სუპატაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქათამმა ან ინდაურმა ჭამოს თუ არა ფაროსანა და იქნება თუ არა მისგან მიღებული ხორცი მავნე, ამას ექსპერიმენტი და შესწავლა სჭირდება. ზოგადად, იმ ცხოველების ხორცს, რომლებიც თუნდაც თევზით იკვევებიან, სპეციფიკური სუნი აქვს. არჩილ სუპატაშვილის აზრით, ფაროსანათი ნაკვები ქათმისა და ინდაურის ხორცზე არანაკლებ საშიშია რთველის დროს საწნახელში შეყოლილი ფაროსანები.
„საწნახელში ღვინოს რომ წურავენ და ღვინოს შეერიოს ფაროსანას სუნი, ეს ხომ საშინელება იქნება? უნდა ვიცოდეთ, ათ კილო ყურძენს მხოლოდ ორი ცალი ფაროსანა რომ შეჰყვეს, მისცემს თუ არა სუნს წვენს? იაპონურ კრაზანას რაც შეეხება, საერთოდ, ბუნებრივ მწერზე კარგი არაფერია, რადგან შესაწამლი საშუალების შესხურება ცოტა რთულია. მაშინ უნდა სდიო ფაროსანას. თანაც, შესხურება ხდება მაშინ, როცა გაზაფხულზე გამოზამთრებული ფაროსანას დიდი ხოჭო კვერცხებს დებს. ხუთ დღეში გამოდის მისი პატარა მატლები და სწორედ მატლზე უნდა მოხდეს შესხურება. თუმცა ამ მატლების დაჭერაც რთულია, ვინაიდან ფაროსანა კვერცხებს დებს ფოთლის ქვედა მხარეს. ერთ ჯგუფში დაახლოებით 30-მდე კვერცხია, ისე 200 კვერცხი აქვს მუცელში და 30-30 კვერცხს ჯგუფ-ჯგუფად დებს. იაპონური კრაზანა სწორედ ფაროსანას კვერცხებზე დებს თავის კვერცხებს, საიდანაც გამოსული მატლი ჭამს ფაროსანას კვერცხში არსებულ ემბრიონს. ამით ნადგურდება ფაროსანა“, - აღნიშნა არჩილ სუპატაშვილმა და დასძინა, ანადგურებს თუ არა იაპონური კრაზანა ფუტკარს, ამასაც გამოკვლევა სჭირდება. თუმცა გამოკვლევა დროსა და თანხებს მოითხოვს. ამდენად, პარალელურად ძალიან რომ არ გამრავლდეს ფაროსანა, ბრძოლის სხვადასხვა მეთოდიც უნდა გამოვიყენოთ.
მათ შორის, საუბარია ფაროსანას მამლის სტერილიზაციაზე, რათა მან ვერ გაანაყოფიეროს დედალი. ფაროსანას ფიზიკურად განადგურების პროცესში მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს, რომელთა სახლებშიც შედის ეს მავნებელი.
არჩილ სუპატაშვილი ამბობს, რომ, სამწუხაროდ, როდესაც თანხებზე მიდგება საქმე, სამეცნიერო კვლევების მიმართ ინტერესი ქვეითდება. ასე რომ არ იყოს, პირადად მისი უწყება შეისწავლიდა ფაროსანას და მასთან ბრძოლის მეთოდებს. მით უმეტეს, რომ მის სამსახურს ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ნაძვის დიდ ლაფნიჭამიასთან ბრძოლის წარმატებული გამოცდილება აქვს.
„ბორჯომის ხეობაში ნაძვის დიდი ლაფნიჭამია სწორედ ჩვენმა განყოფილებამ გაანადგურა. ჩვენ ვმუშაობდით ნაძვის დიდი ლაფნიჭამიის ბიოლოგიის შესწავლაზე. მამაჩემმა, შალვა სუპატაშვილმა 1956 წელს პირველად ნახა ჩითახევის ჰესის მშენებლობაზე ეს მავნებელი და გაარკვია, რომ ეს იყო ლაფნიჭამია. ამის შემდეგ ატყდა მთელი ამბავი. მოგვიანებით უკვე ელექტროსადგურის მშენებლობისას ბორჯომში ეს მავნებელი რუსეთიდან ვაგონებით ჩამოტანილ ფიჭვის დაუხერხავ მორებს შემოჰყვა.
სულ ვამბობთ, რომ ტყიდან საერთოდ არ უნდა გამოვიდეს გაუხერხავი მასალა და არ გავიდეს სხვაგან, მაგრამ ლაფნიჭამიებს მაინც ვერ ავცდით. თანაც, წარმოიდგინეთ, თუ ეს მავნებელი რუსეთში ფიჭვს აზიანებდა, საქართველოში შემოსვლისას ბიოლოგიური აკლიმატიზაცია განიცადა და აღმოსავლურ ნაძვზე დასახლდა ბორჯომის ხეობაში. იქიდან მთელი საქართველოს ნაძვნარებს მოედო. ლაფნიჭამიების შემდეგ ჩვენ ჩეხოსლოვაკიაში ჩავედით, იქიდან წამოვიყვანეთ ნაძვის დიდი ლაფნიჭამიას გამანადგურებელი მწერი, ორი დედალ-მამალი. ლაფნიჭამიას გამანადგურებელი მონოფაგი სასარგებლო მწერია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მავნებლით იკვებება. ის მცენარით კი არ იკვებება, არამედ ზუსტად მავნებელი ლაფნიჭამიათი. სხვას არაფერს აზიანებს.
ჯერ ლაფნიჭამიას გამანადგურებლის ხელოვნური გამრავლების მეთოდიკა შევისწავლეთ, რამაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა. საქართველოს სატყეო მეურნეობის პატარა ლაბორატორიების ბაზაზე კი ლაფნიჭამიას გამანადგურებელი ოთხი მილიონი მწერი გავამრავლეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ მათი ჩასახლება ბუნებაში, სადაც ნაძვის დიდი ლაფნიჭამიების კერები იყო. ლაფნიჭამიას მსგავსად, ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლაც უნდა მოხდეს. სხვათა შორის, ჩინეთსა და კორეაში ფაროსანას კვერცხების ათი დაზიანებიდან 9 სწორედ იაპონურ კრაზანა-სამურაიზე მოდის“.