„საქართველო აღიქმება, როგორც აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორი და ამას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება“

„საქართველო აღიქმება, როგორც აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორი და ამას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება“

გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აღიქმება, როგორც აშშ-ის განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში, ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას კი, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.

„მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. ამ გამორჩეულ აუდიტორიასთან საუბრისას, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის. საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოფს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში.

მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ განახორციელოთ განსაკუთრებული ამერიკული ხელმძღვანელობა თავისუფლების მიზნით. დღეს, საქართველოს 20% ოკუპირებულია, მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დარღვეულია, ყირიმი ანექსირებულია, უკრაინაში ომია.

დღეს, ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ მკვლელობის მცდელობაზე სოლსბერიში; საქართველოში, რამდენიმე კვირის წინ, ყოფილი სამშვიდობო, რომელიც ერაყში მოკავშირეებთან ერთად მსახურობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს; დღეს, მოსკოვიდან კიდევ უფრო შემაშფოთებელ საომარ რიტორიკას ვისმენთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ეს განცხადება მარგველაშვილმა აშშ-ს კონგრესში გამართულ „აშშ-საქართველოს პარტნიორობის“ კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენცია ატლანტიკური საბჭოს და NDI -ის ორგანიზებით გაიმართა და მას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უძღვებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სენატორი ემი კლობუჩარი.

როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონმა განაცხადა, საჭიროა, უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს, რომლის ხაზიც სწორედ საქართველოზე გადის.

„რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის რუსეთის კრემლის კამპანია, რომელიც მიმართულია დაასუსტოს დასავლური დემოკრატიები, რომელებიც იწყება ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა, უკრაინა და მოლდოვაა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება ეს პოლიტიკა აშშ-მდე. მიზეზი, რატომაც გვჭიდება, კონგრესის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, არის ის, რომ ჩვენ არ გვჭიდება ვუპასუხოთ რუსებს, ჩვენ გვინდა უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს და ეს ხაზი სწორედ საქართველოზე გადის.

გიორგი მარგველაშვილი საუბრობდა, ძალიან კონკრეტულ გზებზე, რომ აშშ-ს კონგრესმა და ადმინისტრაციამ გადადგას ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობებისა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისათვის. ეს არის ზუსტად ისეთი ქმედებები, რომელსაც ვახორციელებდით ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რომლებიც არიან ალიანსის წევრები“, - განაცხადა დეიმონ ვილსონმა

ამერიკელი კონგრესმენის ტედ პოს განცხადებაში, რომელიც კონგრესმენის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მოსკოვი არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას გამოავლინოს ადამიანის უფლებების უგულებელყოფის შემზარავი ფაქტები. შესაბამისად, კონგრესმენი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა გაიღოს საფასური მის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და ქართველი ხალხის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

„რუსეთის მხარდაჭერის მქონე სეპარატისტული ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაღუპული საქართვერლოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე. ასეთ დონეზე დაცემა მხოლოდ ტერორისტებსა და საძულველ რეჟიმებს შეუძლიათ. პუტინის რეჟიმის მიზანი ტირანიის ყველა ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში გავრცელებაა“, - წერს ტედ პო.

პრეზიდენტის ინიციატივას გამოხმაურება უკვე მოჰყვა მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ასეთი მაღალი დონის შეხვედრები გამართა აშშ-ში, მაგრამ აცხადებს, რომ ამერიკის კონგრესს უკვე მიღებული აქვს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან ძლიერი რეზოლუცია.

„ამერიკის კონგრესს მიღებული აქვს ძალიან ძლიერი რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე გვაქვს მოლაპარაკებები, კეთდება განცხადებები, ვეყრდნობით ამ ძალიან ძლიერ რეზოლუციას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერა გაიზარდა, ურთიერთობები ვითარდება და დარწმუნებული ვარ, ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა გაიზრდება მომავალშიც. ჩვენ გვაქვს 25 წლიანი თანამშრომლობის წარსული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის იდეა სწორია. თუმცა, ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე არაფერი გამოვა.

„ეს არის სწორი იდეა. დღეს შეიქმა საქართველოსთვის ხელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურა, ჩვენი პრობლემების წინა პლანზე წამოსაწევად, მაგრამ პრემიერ-მინისტრის აქტიურობის გარეშე აქედან არაფერი გამოვა. პირველ რიგში, ვგულისხმობ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღების მწვავე აუცილებლობას. სამი კვირა გავიდა და პარლამენტს ჯერაც არ მიუღია სანქციების პაკეტი. მათი არმიღების შემთხვევაში იმის შანსი, რომ ამ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს საკითხი მოხვდეს, არ იარსებებს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ ახლა მნიშვნელოვანია, აშშ-ს კონგრესმა ისეთი შინაარსის აქტი მიიღოს, სადაც რუსეთს სანქციები დაუწესდება და ეს სანქციები პირდაპირ დაუკავშირდება საქართველოს ოკუპაციის თემას. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს და მათი მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის რეალიზება შესაძლებელია.

„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა დროულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რა ჩაიწერება მსგავს აქტში. აშშ-ს კონგრესს არაერთხელ აქვს მიღებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას. დღეს იმ საერთაშორისო კონტექსტში, რომელიც არის შექმნილი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქტში პირდაპირ იყოს საუბარი რუსეთთან დაკავშირებით სანქციების საკითხზე და ეს სანქციები პირდაპირ დაუკავშირდეს საქართველოს ოკუპაციის თემას - ეს იქნება გარღვევა“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე სამადაშვილმა.