„ბიტკოინის აღმასვლა უამრავ ადამიანს აიყოლიებს, ხოლო დაღმასვლას უამრავი ადამიანის ფული და ენერგია გაჰყვება“

„ბიტკოინის აღმასვლა უამრავ ადამიანს აიყოლიებს, ხოლო დაღმასვლას უამრავი ადამიანის ფული და ენერგია გაჰყვება“

ციფრული ვალუტების რეგულაცია დორის საკითხია და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაჩქარდა. ბოლო 1 წელიწადში ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების არნახულმა პოპულარობამ ცენტრალური ბანკები თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საგონებელში ჩააგდო. ახლა ისინი გამოსავალს ეძებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტენ ლაგარდი ციფრული ვალუტების ბაზრის რეგულირების მომხრეა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კრიმინალიზება ემუქრება. მისი აზრით, რეგულირებისა და ზედამხედველობის ტექნოლოგიებს შეუძლია კრიპტოსამყაროდან განდევნოს კრიმინალური ელემენტები.

ამ დროისთვის აშშ-ს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისია და სხვა ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები პირველადი განთავსების კრიპტომონეტების მიმართ იმავე კანონს იყენებს, რასაც ფასიანი ქაღალდების დროს. „ეს კი ზრდის გამჭვირვალობის დონეს და აფრთხილებს მყიდველს პოტენციურ რისკებზე, თუმცა ვინაიდან კრიპტოვალუტები არ ცნობენ საზღვრებს, მათი რეგულირების სისტემაც ასევე გლობალური უნდა იყოს“, - დასძინა მან.

იგივე აზრს იზიარებენ ევროპული ქვეყნების მინისტრებიც. მაგალითად, ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრმა ვოპკე ჰოეკსტრამ პარლამენტში ოფიციალური წერილი წარადგინა, რომელშიც კრიპტოვალუტის რეგულაციაზეა საუბარი. იგი კრიპტოვალუტის საერთაშრისო დონეზე დარეგულირების მომხრეა. გარდა რეგულაციისა, ჰოეკსტრას განცხადება მომხმარებელთა დაცვაზეა ორიენტირებული. ამიტომ, ფინანსთა მინისტრს შემოაქვს წინადადება, რომ ადგილობრივი სავაჭრო პლატფორმები და კრიპტოვალუტის მომსახურეობა ოფიციალურად უნდა დარეგისტრირდეს.

მიუხედავად ამისა, ვოპკე ჰოეკსტრამ აღნიშნა, რომ ჰოლანდიაში საკანონმდებლო დონეზე კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. „ამჟამინდელი საკანონმდებლო სტრუქტურა არასაკმარისად არის მოქნილი“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ნობელის პრემიის გამარჯვებული ეკონომისტი იოსეფ სტიგლიცი კი საერთოდ მისი აკრძალვის მომხრეა. იგი ამტკიცებს, რომ ბიტკოინი წარმატებული მხოლოდ ნაკლები ზედამხედველობის შესაძლებლობის გამოა.

„კრიპტოვალუტა უნდა გამოცხადდეს უკანონოდ და აიკრძალოს იმის გამო, რომ მას არ გააჩნია სოციალურად რაიმე სასარგებლო ფუნქცია“, – განაცხადა მან

რაც შეეხება, ბიტკოინის ფასის ზრდას, სტიგლიცი ამბობს, რომ მისდამი ინტერესი საპნის ბუშტივითაა და გადაჭარბებული ინტერესი მის გახეთქვას აჩქარებს.

„ბიტკოინის აღმასვლა უამრავ ადამიანს აიყოლიებს, ხოლო დაღმასვლას უამრავი ადამიანის ფული და ენერგია გაჰყვება“, – ამბობს ნობელის პრემიის ლაურეატი.

ციფრული ვალუტების რეგულაციაზე მსჯელობენ საქართველოშიც. კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ მსგავსი აქტივების ფასი არის ძალიან მერყევი და მათ, ვინც ინვესტიციას აკეთებს ამ მიმართულებით, უნდა გაითვალისწინონ ეს რისკი.

„ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას, ვადევნებთ თვალსყურს თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენ გაფრთხილებაც გამოვუშვით ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ვთქვით, რომ ასეთი სახის აქტივების ფასი არის ძალიან მერყევი და აქედან გამომდინარე მათ, ვინც ინვესტიციას აკეთებს უნდა გაითვალისწინონ ის დიდი რყევა, რაც ახასიათებთ ამ სახის აქტივებს“, - განუცხადა „ბიემს“ გვენეტაძემ.

მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით რეგულაცია არც ერთ მარეგულირებელს არ შემოუღია. ისეთი დიდი ბანკები როგორიცაა ამრიკული ფედერალური რეზერვები, კანადის ბანკი, იაპონიის ბანკი და ა.შ სწავლობენ სიტუაციას.

„დროთა განმავლობში ასეთი რეგულაციის შემოღება საჭირო გახდება და დღის წესრიგშიც დადგება. ახლა არის დაკვირვების პერიოდი, გროვდება ინფორმაცია, რომელ სფეროში მონაწილეობენ ეს კრიპტოვალუტები, როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ჯერ კიდევ სწავლისა და დაკვირვების პერიოდში ვიმყოფებით“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.