მოსახლეობა დიდ ენერგეტიკულ პროექტებს ეწინააღმდეგება და აქციებს აქციებზე აწყობს. ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება სწრაფად იზრდება, ხოლო გამომუშავება ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას. ინვესტორები კი ფრთხილობენ. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ჯერ არ ჩანს.
14 მარტს თბილისში მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ხევისა და მთიულეთის მცხოვრებლები, გარემოს დამცველები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს მოუწოდეს, არ დააფინანსონ დიდი ჰესების სამშენებლო პროექტები.
აქციის მონაწილეთა ნაწილის თქმით, თუკი მთავრობა არ შეწყვეტს ჰესების მშენებლობას, ისინი პრობლემის მოგვარებას თავად შეეცდებიან და მშენებლებს სვანეთის ტერიორიაზე შესვლის უფლებას არ მისცემენ.
აქცია თავისუფლების მოედანზე დაიწყო და მსვლელობით მთავრობის კანცელარიასთან მივიდა. მათ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მოითხოვეს შეხვედრა. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა აზრით, მთავრობამ უნდა შეასრულოს დაპირება და შეწყვიტოს დიდი ჰესების მშენებლობა.
მოგვიანებით, მსვლელობამ თბილისის პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს პარლამენტის წევრებს სოლიდარობა გამოეხატათ აქციის მიმართ. მათი თქმით, ეს არის ბრძოლა არამხოლოდ ჰესების წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ენერგოობიექტების მშენებლობა ბიომრავალფეროვნების, სოფლების ისტორიის და კულტურის განადგურებას ემუქრება.
საპროტესტო მსვლელობა „აზიის განვითარების ბანკთან“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ გაგრძელდა, რადგან დიდი ენერგოპროექტების დამფინანსებლები სწორედ ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებია.
გარდა დედაქალაქისა, აქციები გაიმართა ასევე ჭუბერში, ნაკრაში, ხაიშში, მესტიასა და ქუთაისში: „არა ონის კასკადს, არა გვირაბებს და არა დაძირვას. არაფერი სასარგებლო ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ისტორიისთვის არასდროს მოუტანია და არც მოუტანს“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
მოსახლეობის პროტესტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მთავრობა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სწირავს: „მადლობა ღმერთს, ადგილობრივი მოსახლეობა არ აპირებს ხელისუფლებას დაუთმოს ის, რაც დასათმობი არ არის. საკუთარი კუთხე-კუნჭულის დატბორვა - ეს არის რეალური პრობლემა და ტრაგედია, რომლისთვისაც წირავს ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ყველა კუთხეს“, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
„საფრთხე ემუქრება როგორც მოსახლეობას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განადგურდება ფლორა და ფაუნა. ჰესის აშენება იგეგმება სეისმურად და მეწყრულად საშიშ ზონებში. გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, უარი თქვან მსგავსი სახის პროექტებზე“, - განაცხადა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
ენერგეტიკოსები კი, მოსახლეობის მზარდ პროტესტს დარგის განვითარებისთვის მეტად სახიფათოდ მიიჩნევენ. თუკი ასე გაგრძელდება ინვესტორები საბალოოდ დაფრთხებიან და ბოლოდ და ბოლოს ქვეყანა ენერგეტიკული პრობლემების წინაშე დადგება. დეპუტატი რეზო არველაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ძალიან კარგი პროექტები აქვს ენერგეტიკის სექტორში, მაგრამ მათი განხორციელება ძალიან ჭიანურდება.
„მოსახლეობის პროტესტს სახელმწიფო წააწყდა „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით. წესით, პროექტი უკვე უნდა იყოს დაწყებული, მაგრამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. ხალხი ეწინააღმდეგება მცირე ჰესებსაც. აქედან გამომდინარე, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შეფერხდა და ეს ხდება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მიზეზებით“, - აცხადებს არველაძე.
ჯერჯერობით მოსახლეობასა და ხელისფულებას შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა. ქვეყანაში დენის მოხმარება წლიდან წლამდე მატულობს, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება კი მზარდ მოთხოვნას ვეღარ წვდება.