გადამწყვეტი ბრძოლა „ბადაგონისთვის“! - დასავლური მედია რუსეთის სპეცსამსახურებისა და საქართველოს მთავრობაში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას

გადამწყვეტი ბრძოლა „ბადაგონისთვის“! - დასავლური მედია რუსეთის სპეცსამსახურებისა და საქართველოს მთავრობაში შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ამახვილებს ყურადღებას

რამდენიმე დღის წინ For.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „ხვდება თუ არა საქართველოს ფინანსური პოლიცია, რომ „ბადაგონის“ საქმეში „გრუ“-ს აგენტების დაკვეთას ასრულებს?“ (http://www.for.ge/view.php?for_id=52408&cat=3), სტატია უკრაინული გამოცემა www.Contraqti.ua-ს მიხედვით იყო მომზადებული, რამაც  „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. ამჟამად, „ბადაგონის“ თემით დასავლური მედიაც დაინტერესდა, საიდანაც სტატიამ ლატვიურ მედიაში გადმოინაცვლა (http://www.latviannews.lv/news/11795/).

„ვის სურს ყველაზე ცნობილი ქართული ღვინის ბრენდი „ბადაგონი“-ს ხელში ჩაგდება?!“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას www.latviannews.lv. სტატია ერთი-ერთზე იმეორებს ინფორმაციას, რასაც უკრაინული მედია აშუქებდა - „ბადაგონის“ მიმართ მომეტებული ინტერესის კვალი რუსულ სპეცსამსახურებამდე მიდის. ამიტომაც ლატვიის მედიასაშუალებები ასკვნიან, რომ რუსეთი არა მხოლოდ ბირთვულ საფრთხეს უქმნის დასავლურ ცივილიზაციას, არამედ ეკონომიკურ ბერკეტებსაც საუკეთესოდ იყენებს.

გასულ კვირას ვწერდით, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური არა მხოლოდ რუსეთში გაქცეულ უკრაინელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოსა და იგორ კოლომოისკის ამხელდა უკრაინაში სააკაშვილის მეთაურობით გამართული საპროტესტო აქციების ძირითად დაფინანსებაში და ამ საქმეში რუსულ კვალს ხედავდა, არამედ სააკაშვილის საგმირო-საპროტესტო საქმეებში რუსული ინტერესის კიდევ ახალი კვალი იკვეთებოდა. საუბარია რუსეთის ორ მოქალაქეზე - ვლადიმერ ჯანჯღავასა და თეიმურაზ უბილავაზე, რომლებიც სააკაშვილს ეხმარებოდნენ. Contraqti. ua-ს მიხედვით, თეიმურაზ უბილავას ძმა რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი და 2009 წელს შექმნილი რუსული სპეცსამსახურის ვეტერანების კომიტეტის ხელმძღვანელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებმა სწორედ მაიდნის სულისჩამდგმელ მიხეილ სააკაშვილის კვალის ძიებისას აღმოაჩინეს.

გამოძიებისას გამოვლინდა, რომ სააკაშვილის ზოგიერთი თანამემამულის ანგარიშზე მიდიოდა ფული კვიპროსში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედისგან“, რომელიც რუსული სპეცსამსახურების ოფშორად ითვლება და სწორედ ჯანჯღავა და უბილავა არიან ამ კომპანიის მთავარი ბენეფიციარები. 

ამიტომაც „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წინააღმდეგ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ვინაიდან ამ ოფშორს სააკაშვილის დაფინანსებაში ედება ბრალი, ხოლო საქართველოში „გრაკორო“ სწორედ „ბადაგონის“ ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ასე რომ, საინტერესოა, ვინ დგას „გრაკოროს“ უკან საქართველოში და რომელი ჩინოვნიკის ნებას ასრულებდა ფინანსური პოლიცია, როცა „ბადაგონში“ იჭრებოდა?! ცნობილია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრს „ბადაგონში“ შეჭრის ბრძანება არ გაუცია. კულუარული ინფორმაციით, საქართველოში დაწყებულია შიდა მოკვლევა კორუფციის ფაქტზე. ასევე, იკვეთება ქართული წარმომავლობის ებრაელ ბიზნესმენთა როლი „ბადაგონის“ ხელში ჩასაგდებად.  

თავის მხრივ, ლატვური მედიასაშუალება ფაქტებს სხვადასხვა არგუმენტებით ამყარებს, მოუწოდებს რა მკითხველს, გაიხსენონ რუსული არასამთავრობოები. ეს არასამთავრობოები აქტიურად აშუქებდნენ ე.წ. მიხომაიდანს, რაც რუსეთის უმაღლესი ფენების მითითებით ხდებოდა. რუსული პროპაგანდისტული ძალები ჩართულნი იყვნენ, ასევე „ბადაგონის“ ისტორიის გარშემოც. შემთხვევითი არ არის, რომ „ბადაგონის“ ახლანდელ ფაქტობრივ მფლობელთა წინააღმდეგ კამპანია სწორედ კრემლის რუპორის სააგენტო „სპუტნიკის“ მიერ დაიწყო.

ლატვიის გამოცემის თანახმად, ქართული ღვინის მწარმოებელი „ბადაგონი“ ქართული ოცნების რეალიზებად შეიძლება ჩაითვალოს. 2002 წელს დაარსებულმა კომპანიამ ღვინის წარმოების ევროპული მიდგომა დანერგა და სააკაშვილის რეჟიმის წნეხსაც გაუძლო. 2006 წელს „ბადაგონიც“ დაწიოკებულ ბიზნესთა შორის იყო.

დღესდღეობით „ბადაგონში“ 600 ადამიანი მუშაობს და ეს კომპანია 7,5 მილიონ სხვადასხვა ხარისხის ღვინის ბოთლს უშვებს, რომლის ნახევარიც მსოფლიოს 18 ქვეყანაში იმპორტზე გადის. უფრო მეტიც, „ბადაგონი“ 2017-ში საუკეთესო კომპანიად დასახელდა, ხოლო ქართულ ღვინოებს შორის მხოლოდ „ბადაგონს“ აქვს მინიჭებული ISO-ს ხარისხის დამადასტურებელი ევროპული სერთიფიკატი.

თებერვლამდე კომპანია წარმატებით მოღვაწეობდა, სანამ      www.Finchannel.com -ის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო პოლიციის წარმომადგენლები კომპანიის სათაო ოფისს არ მიადგნენ. სამართალდამცავების დაინტერესება სწორედ   რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც, თავის მხრივ, ზემოხსენებულ ოფშორში არსებული შეზღუდული სავაჭრო კომპანია „გრაკორის“ წარმომადგენელია. როგორც www.Finchannel.com იტყობინება, ამ ოფშორულ კომპანიას „ბადაგონის“ აქციათა 100%-იანი წილის ხელში ჩაგდება სურს. თუმცა www.Finchannel.com იქვე მიუთითებს, რომ რთულია განსაზღვრო, რა არის ასეთი მოთხოვნის საფუძველი. არადა, პერიოდულ გამოცემაში მითითებული საინტერესო ფაქტი, რომ „გრაკორო ტრეიდინგ“-ის პარტნიორი რუსეთის მოქალაქე თემურ უბილავაა, ბევრ რამეს ხდის ფარდას.

ფაქტობრივად, ეს არის სააკაშვილ-ჯანჯღავა-უბილავას კავშირი, რომლის დაკვეთასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრი ასრულებს.