პროდუქციის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება

პროდუქციის კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებები შედის. ეკონომიკის სამინისტროს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხდეველობის“ სააგენტოს უფლება ექნება მოახდინოს რეაგირება ისეთ სამომხმარებლო და ინდუსტრიულ პროდუქტებზე, რომელიც ბაზარზეა განთავსებული და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლესა და გარემოს. სპეციალისტები თავიდანვე მკაცრი ნორმების დაწესებას არ ემხრობიან, რადგან ადგილობრივი წარმოება და ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია ევროპულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს.

„მეწარმემ უნდა იცოდეს რა პროდუქტს ყიდის ბაზარზე და უნდა იცოდეს რა საფრთხეებს შეიცავს მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი. ბაზრის ზედამხედველი რისკის ანალიზის საფუძველზე გადაამოწმებს სხვადასხვა პროდუქტებს ბაზარზე და თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე მეწარმემ იცოდა და განზრახ განათავსა, სააგენტოს მოუწევს რეაგირება და მეწარმე მოხვდება შესაბამისი სანქციების ქვეშ“, - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი ჩიტაძე.

საფრთხის შემცველი პროდუქციის ბაზარზე აღმოჩენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს შესაბამისი სანქციები დაუწესდებათ, რომლის მოცულობასაც არა ზედამხედველი, არამედ სასამართლო განსაზღვრავს. პროდუქციას კი ბაზრიდან ამოიღებენ. კანონის შემუშავებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს და ევროპულ კანონთან დაახლოება 2022 წლამდე სრულად უნდა მოხდეს.

„საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა დაკავშირებულია სანქციების პროცესთან. სანქცირებას განახორციელებს სასამართლო. ის გადაწყვეტს თუ რა სახის სანქცია იყოს გამოყენებული ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტის მიმართ“, - განმარტავს ჩიტაძე.

საფრთხის შემცველი პროდუქტების ჩამონათვალი კოდექსში არ არის გაწერილი. საერთოდ კი, 21 დირექტივაა, თითოეული მოიცავს სხვადასხვა პროდუქტებს, იქნება ეს ელექტრომოწყობილობები თუ სათამაშო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის პროდუქტები.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ყველაზე მეტი პრობლემა სამშენებლო მასალებშია და განსაკუთრებით კი რადონის მაღალი შემცველობაა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს მოსაპირკეთებელი მასალები და არმატურა, რომლებიც მომწამლავ ნივთიერებას ჭარბი ოდენობით შეიცავენ.

ამ ეტაპზე უმაღლესი დონის ევროპული სტანდარტის შემოღებას სპეციალისტები არ ემხრობიან. რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე დაუშვებლად მიიჩნევს თავიდანვე ასეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმას, რადგან ნორმები არის საკმაოდ მკაცრი. პირობების სრულად დაკმაყოფილება კი ნიშნავს, რომ სამშენებლო ბაზარი საერთოდ გაჩერდება. ამიტომ რეგულაცია პირველ ეტაპზე უნდა იყოს შედარებით რბილი და თანდათან გამკაცრდეს, რომ მშენებლებსა და მეწარმეებს მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

„გამოდის, რომ ბაზარზე არსებული პროდუქციის დიდი უმეტესობა უნდა ამოიღონ. როგორც ვიცი, არსებული მასალების 80% უვარგისია და სტანდარტს მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს. არ ხდება არავითარი საბაჟო შემოწმება, საბითუმო და საცალო სეგმენტის არანაირი კონტროლი, მშენებლობებზეც კი არ ამოწმებენ ამ მასალებს. კატასტროფული ვითარებაა! განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი მასალაა უვარგისი, პრობლემაა არმატურაზეც. ევროპულ სტანდარტზე პირდაპირ ვერ გადავალთ, ამას თუ შეეცდებიან, სავალალო შედეგს მივიღებთ“, - აცხადებს საკანდელიძე და დასძენს, რომ საწყის ეტაპზე სამშენებლო მასალები რადონის შემცველობაზე უნდა შემოწმდეს.

სხვათა შორის, პირველი პრობლემები უკვე გამოვლინდა ცემენტთან დაკავშირებით. 2017 წელს „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ინიციატივით ბაზარზე სამი ფარული ტესტირება ჩატარდა. რიგით მესამე შემოწმების შედეგად (დეკემბერი) ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად, გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები. 2017 წელს საქართველოში დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13%-ს შეადგენს.