შაქრის პროტესტი რეგიონიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს

შაქრის პროტესტი რეგიონიდან დედაქალაქში გადმოინაცვლებს

აგარაში ვითარება დაიძაბა და მალე ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას დედაქალაქში აპირებს. ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი შაქრის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის გაჩერებამ მოსახლეობა სოციალურდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და მოთმინებიდანაც გამოიყვანა.

უკვე მეშვიდე თვეა, აგარის შაქრის საწარმო გაჩერებულია. მუშებს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ და უსამსახუროდ დარჩნენ. 500-მდე მუშა მეოთხე თვეა, დასაქმებას უშედეგოდ მოითხოვს.

ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას, დაბალი ფასის გამო კონკურენციას ვერ უწევს. შესაბამისად, კომბინატი დიდი ხანია უფუნქციოა, ხოლო მთელი დასახლება უკიდურესად რთულ სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აგარის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ შაქრის ქარხანაშია დასაქმებული და მათი შემოსავლის წყაროს საკუთარი შრომის საფასურად მიღებული ანაზღაურება წარმოადგენს.

ბოლო წლებში აგარის შაქრის კომბინატი არაერთხელ გაჩერდა, თუმცა ყოვეთვის ახერხებდა მუშაობა განეახლებინა. ბოლო პაუზა ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ქარხანა უკვე მეშვიდე თვეა გაჩერებულია და ახლო მომავალში მისი ამოქმედების არანაირი ნიშნაწყალი არ ჩანს.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქარხნის გაჩერების საკითხით დაინტერესება მოსთხოვეს. მათი თქმით, არჩევნების წინ მმართველი პარტია ამომრჩეველს ახალ სამუშაო ადგილებს ჰპირდებოდა, დღეს კი ეს პირობა არ სრულდება და უკვე შექმნილი სამუშაო ადგილებიც იკარგება.

ვეფხია დარბაიძე აგარის შაქრის კომბინატში უკვე 23 წელია მუშაობს, საწარმოს გაჩერების შემდეგ მან არაერთ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. რადიო „თავისუფლებასთან“ იგი ამბობს, რომ საქართველოში ყველა ინსტანცია შეაწუხეს, მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღეს. ახლა მისი მთავარი სურვილია ამ პრობლემაზე პრემიერ-მინისტრს შეხვდეს და მისგან მოითხოვოს რეაგირება.

„აგარის შაქრის კომპანიის“ თანამშრომლები ერთ კვირაზე მეტია, ქარხნის წინ ყოველდღიურ აქციებს მართავენ. ამჯერად აქციას დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ენერგეტიკის, რკინიგზისა და მეტროს პროფკავშირების წარმომადგენლებმა აგარელ მუშებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართეს და ქართული პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდეს, რაც, მათი აზრით, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გარდა, აგარელი მუშების მდგომარეობასაც გააუმჯობესებს.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა აგარაში დააანონსეს, რომ შაქრის კომბინატის მუშებისადმი სოლიდარობის აქციები უკვე თბილისში დაიწყება და ამ გზით შეეცდებიან მთავრობის ყურადღება მიიპყრონ.