[მერაბ ბრეგაძე]
„ლაიფნიუსი“ ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის („ეფ–ეს–ბეს“) სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ „რუსეთში პანკისის ხეობიდან 70 მებრძოლმა შეაღწია“. თბილისში აცხადებენ, რომ „მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის თვალში თავისი არაკომპეტენტური და უსუსური პოლიტიკის გამართლებას ცდილობს“.
„ეფ-ეს-ბეს“ წარმომადგენლის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლების დაჯგუფება, რომლის წევრებიც მომზადებას პანკისის ხეობაში მდებარე ბანაკებში გადიოდნენ, დაღესტნის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათი უმეტესობა ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
„ახლა კი ისინი რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში მდებარე „ბოევიკთა“ საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდნენ“.
„ლაიფნიუსის“ წყაროს თქმით, მებრძოლები რუსეთში 10-15 კაციან ჯგუფებად დაბრუნდნენ, რამდენიმე მათგანი დააკავეს. სპეცსამსახურის წარმომადგენლის მტკიცებით, როგორც დაკითხვისას ერთ-ერთი მებრძოლი ყვება, პანკისში პატარა დასახლება თილიბანში იწვრთნებოდნენ.
„წვრთნებს ძირითადად არაბები ხელმძღვანელობდნენ. ჩვენ ვცხოვრობდით სხვადასხვა დასახლებებში – თილიბანი, ბირიკიანე, ომალო და საწყის სამხედრო მომზადებას გავდიოდით. პანკისში წარმოშობით თურქი გვავარჯიშებდა. იქ მესმოდა, რომ ამზადებდნენ მებრძოლთა დაჯგუფებებს დაღესტანსა და ჩეჩნეთში გასაგზავნად. ძირითადი დაჯგუფება 30-40 კაცისგან შედგებოდა და მასში ჩვენმა ამირმა ყველაზე მეტად ძლიერი და ერთგული მებრძოლები შეკრიბა“, - ავრცელებს „ლაიფნიუსი“ ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებას.
მორიგ რუსულ ბრალდებას თბილისში გამოეხმაურნენ. საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის ნაცვლად რუსეთი საქართველოს შესახებ ბრალდებებს თხზავს“.
მისი თქმით, იმ ფონზე, როცა დადასტურებულია, რომ საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტები რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მზადდებოდა, მოსკოვის მიერ შეთხზული ბრალდებები და არაკონსტრუქციულობა სამწუხაროა.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, მსგავს ინფორმაციას საქართველოსთან მიმართებაში რუსი მაღალჩინოსნები და „ეფ ეს ბეს“ ანონიმური წყაროები ხშირად ავრცელებენ, თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებები მოსკოვს არასოდეს წარმოუდგენია:
„საქართველოსთან დაკავშირებით მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის თვალში თავისი არაკომპეტენტური და უსუსური პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. სურთ, როგორმე გაამართლონ თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკა კავკასიელ ხალხთან მიმართებაში. რუსეთი მუდმივად ეძებს დაძაბულობის კერას საქართველოში და ამავდროულად ცდილობს, მოსინჯოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია“.
თავის მხრივ, ანალიტიკოსები ქართულ მხარეს ამ საკითხში მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ. სამხედრო მიმომხილველ ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, რუსულ სპეცსამსახურებს წლების მანძილზე კავკასიაში განცდილი წარუმატებლობის თბილისზე გადაბრალება სურთ. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ რუსულ მხარეს სპეცოპერაციის ჩატარება სურდეს და ქართულ სპეცსამსახურებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.
ირაკლი ალადაშვილი: „რამდენიმე ასპექტთან გვაქვს საქმე. პირველი ბრალდება არ არის და მსგავსი ტიპის გამოხდომები უკვე 15 წლის მანძილზე მეორდება. ყოველთვიურად რამდენჯერმე გაისმის მათი მხრიდან, რომ თითქოს საქართველოდან გადადიან ე.წ ბოევიკები და ა.შ.
მეორე – რუსეთის სპეცსამსახურებს თავიანთი წარუმატებლობის გამართლება სურთ, როდესაც ამდენი წლის მანძილზე ვერ შეძლეს ადგილობრივი, არაფორმალური საბრძოლო დაჯგუფებების სრულად განადგურება. ცდილობენ, ყოველივე ისევ საქართველოს გადააბრალონ, რომ თითქოს მებრძოლები აქ თავს აფარებენ და შემდგომში გადადიან ჩრდილოეთით.
მესამე და მთავარი – ეს მათთვის მუდმივ მიზეზად და საბაბად რჩება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც სპეცოპერაცია ჩაატარონ. დაახლოებით ამერიკელების მიბაძვით, როდესაც მათ პაკისტანში ბინ ლადენის წინააღმდეგ ოპერაცია ისე ჩაატარეს, რომ ოფიციალური ისლამაბადი არცკი გაუფრთხილებიათ. მოსკოვში დაახლოებით ასე მსჯელობენ – თუ ამერიკელებს შეუძლიათ, ჩვენ რატომ არა?
ამ მიმართულებით მცდელობა შეინიშნება. დოკუ უმაროვს გამალებით ეძებენ და ვერ პოულობენ ჩრდილოთ კავკასიაში. ამბობენ, რომ ის თითქოს საქართველოში, პანკისის ხეობაში იმალება. თუმცა, ამისთვის რაიმე კონკრეტული მაგალითი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, მსოფლიო საზოგადოების თვალწინ მუდმივად ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს საქართველო ტერორისტებს ეხმარება.
ამასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ქართულ სპეცსამსახურებს პანკისის ხეობაში და სხვა ადგილებშიც მუდმივი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რომ რუსეთმა მის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფება არ შემოუშვას.
რაც შეეხება სპეცოპერაციის შესაძლებლობას, მიმაჩნია, რომ ამის დიდი ალბათობა კვლავ რჩება. ვთქვათ, პანკისში შვეულმფრენებით რუსული სპეცდანიშნილების ჯგუფი შემოფრინდა და რაღაც სპეცოპერაციასავით ჩაატარა, შეიძლება ვინმე გაანადგუროს, ან თუნდაც, ცნობილი ბოევიკის გვამი შემოიყვანოს და აქ დააგდოს, იტყვიან, რომ აქ გავანადგურეთო.
ისმის კითხვა, ვის შეუძლია მათ წინააღმდეგობა გაუწიოს? იმ მომენტში, სამხედრო თვალსაზრისით, ეს თითქმის არავის შეუძლია. შეიძლება ისე სწრაფად განხორციელდეს, რომ საქართველოს თავდაცვა ამას ვერც დააფიქსირებს და კონკეტულ საპასუხო ქმედებებს ვერავინ მიმართავს.
მეორეც, პოლიტიკური მიმართულებით ვერც ამერიკა ბევრს ვერაფერს იზამს. შეიძლება შეშფოთდეს და აღშფოთდეს, მაგრამ მოსკოვი ისევ ეტყვის, შენ ასეთივე სპეცოპერაცია პაკისტანში ჩაატარეო, ჩვენ იგივეს უფლება რატომ არ გვაქვსო. ამიტომ, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, აქ ადგილზე ფხიზლად უნდა ვიყოთ“.
კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი იმაზე მიანიშნებს, რომ გარკვეული მინავლების შემდეგ, ბოლო ხანს პანკისის თემა რუსულ წრეებში კვლავ აქტუალობას იძენს. მისივე თქმით, მორიგ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს და ქართულმა მხარემ ამას ნათელი პასუხი უნდა გასცეს.
გოგი ხუციშვილი: „ბოლო ხანს, პანკისის აქტივიზაცია შეინიშნება. მიკვირს, რადგან ეს მაინც მიწყნარებული თემაა. ტურისტები ჩაყავთ, უცხოელები მოძრაობენ და იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ნებისმიერ კუთხე–კუნჭულში შეგიძლია შეხვიდე და რეალობა შენი თვალით ნახო. მიუხედავად ამისა, პერმანენტულად პანკისის თემის წინწამოწევა ხდება, რაც ჩემში გაოცებას იწვევს.
რუსული მხარის მიზანი, შეიძლება მხოლოდ ყურადღების გადატანა იყოს საქართველოში ე.წ. დაძაბულობის ზონებზე აქცენტების გადატანა. ამ ფონზე, მესიჯები „პანკისში არსებული სიტუაციის გაკონტროლების“ შესახებ, ეჭვებს ბადებს. ქართულმა მხარემ მორიგ გამოხდომას ნათელი პასუხი უნდა გასცეს – რომ ეს ქვეყანა ჩალით დაფარული არ არის, საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები ამაზე მუშაობენ.
რაიმე, გაუთვალისწინებელი ხალხის მოძრაობა რომ ყოფილიყო, ეს დაფიქსირდებოდა კიდევაც. მსგავს მოვლენას კი ადგილი არ ჰქონია და ამის შესახებ არავის, არაფერი გაუგია. თუ კონკრეტული ინფორმაცია აქვთ, მაშინ დაასაბუთონ და არაფრისმთქმელ განცხადებებს შეეშვან“.