[გიორგი ბექაური]
ჩინელებს და ყაზახებს ბინები და კომერციული ფართები იზიდავთ, თურქებს მშნებარე პროექტები, ინდოელებს სასოფლო-სამეურნეო მიწები. საინტერესოა, ამათ რომ ყველა სურვილი 100%-ით აისრულონ, ქართველებს რაღა დარჩებათ. დიდი ალბათობით, ბუს კვერცხები...
ბოლო დროს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ჩინეთის მოქალაქეები აქტიურად ინტერესდებიან. უძრავი ქონების სააგენტოების თქმით, ტენდენცია მზარდია და ისინი დიდ ინტერესს განსაკუთრებით თბილისისადმი იჩენენ. ჩინელები ეტანებიან, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებს. განსაკუთრებით დიდ ინტერესს ჩინელები მიწის მიმართ იჩენენ, რადგან ის ფართებზე ბევრად იაფია.
უძრავი ქონების სააგენტო „პრივატ სერვისის“ ბროკერის ეკა ვადაჭკორიას განცხადებით, საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ჩინელების ინტერესი მატულობს, თუმცა ამ ეტაპზე ბაზრის შესწავლა უფრო ხდება, ვიდრე რეალური გარიგებების დადება. ბაზრისადმი ასეთი ინტერესი, შესაძლოა, გაყიდვების ბუმის წინაპირობად იქცეს. ეკა ვადაჭკორიას განმარტებით, ჩინელებთან ერთად საქართველოში უძრავი ქონებით ყაზახებიც ძალიან ინტერესდებიან.
„ამჟამად ჩინეთის მოქალაქეები უძრავ ქონებას ევროპის ქალაქებში მასობრივად ყიდულობენ. ჩინელებს ხიბლავთ ევროპის ბაზრის სტაბილურობა, ვალუტის ხელსაყრელი კურსი, მოქნილი საიმიგრაციო პოლიტიკა და საკუთრების უფლება. ამასთან, ევროპაში უძრავ ქონებაზე გაცილებით ხელსაყრელი ფასებია, ვიდრე პეკინში, შანხაისა და ჰონგ-კონგში“, - ასე თვლიან ევროპელი ექსპერტები.
სინამდვილეში კი ამგვარ ექსპანსიას უფრო ღრმა ფესვები აქვს. საქმე ისაა, რომ ჩინეთში, ინდოეთში, პაკისტანში თუ ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში მოსახლეობის ოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ამ ქვეყნის მოსახლეობას ელემენტარულად არ ყოფნის მიწა (განსაკუთრებით კი სასარგებლო, ღირებული), რომელიც მათ შთამომავლობას ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის. ამიტომაც ცოტა თუ ბევრი კაპიტალის მქონე აზიელები ყველგან ყიდულობენ თავისუფალ ფართობებს, რათა სამომავლოდ იქ დაემკვიდრონ. ეს ჩვეულებრივი მიგრაციული ექსპანსიაა, რომელიც ყოველთვის იჩენდა თავს მიწის დეფეციტის პირობებში.
ჩინელებისა და ყაზახებისაგან განსხვავებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს თურქემა თვალი კარგა ხანია დაადგეს. ამიტომაც არავის გაკვირვებია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილმა დეველოპერულმა კომპანიამ „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ საკუთარ ბიზნესში თურქი ინვესტორების შეყვანა გადაწყვიტა.
მომავალ პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობები თითქმის შეთანხმებულია. შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება კი რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს. წინასწარი ინფორმაციით, თურქი ინვესტორი კაპიტალ დაბანდებებს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ორ მშენებარე ობიექტში განახორციელებს.
საინტერესოა, უშველის კი უძრავი ქონების მიმკვდარუნებულ ბაზარს ახლო თუ შორეულ მეზობელთა აგრერიგი აქტიურობა? ამ კითხვაზე პასუხი სხავადასხვაგვრია. ოპტიმისტი ექსპერტების შეფასებით, ვითარება უკვე გამოსწორებულია და მომავალი ხომ საერთოდ ნათელ ფერებშია. თუმცა, არიან რეალისტებით, რომელთა აზრით, სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია.
„ბაზარზე კვლავ მძიმე სიტუაციაა, ვინაიდან მყიდველი ძალიან ცოტაა და ფასები ეცემა, განსაკუთრებით მიწის ფასები, როგორც ქალაქის ცენტრში, ისე გარეუბნებში. კერძო ინვესტორები ფაქტობრივად აღარ არსებობენ. მათ შეიძინეს მიწები, თუმცა აღარაფერი ააშენეს.
დღეს მოთხოვნა, ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიწებზეა, კახეთში, იმერეთში, იმ ადგილებში, სადაც სარწყავი მიწებია. ძირითადი ინვესტორები ინდოელები არიან, რომლებსაც მიწების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ზოგადად, გაზაფხულიდან მიწებზე მოთხოვნა იზრდება ხოლმე და იმედი გვაქვს, სამშენებლო აქტივობა გაიზრდება ისე, როგორც ომამდე იყო“, - ამბობს კომპანია „პრივატ სერვისის“ წარმომადგენელი ნანა ხუბელაშვილი.