ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაცია ვრცელდება. კანონპროექტი დამუშავების სტადიაშია. ჯარიმებთან ერთად იქვე გათვალისწინებულია მასტიმულირებელი ნიუანსებიც. მაგალითად, ირკვევა, რომ ტაქსების რეგულაციის ფარგლებში ელექტრომობილების რეგისტრაცია უფასო, ხოლო ე.წ. ჰიბრიდული ავტომობილისთვის 50%-იანი შეღავათით იქნება.
„ტაქსების რეგულაციის იმ ფორმატში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ და დაიწყო განხილვა, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც, ის ერთჯერადი საფასური, რომელიც ტაქსის რეგისტრაციისთვის იქნება სავალდებულო, თუმცა აბსოლუტურად უფასო იქნება ელექტრომანქანებისთვის და 50%-იანი ფასდაკლება მიესადაგება ე.წ. ჰიბრიდულ ავტომობილებს, რაც წაახალისებს სარანსპორტო ავტომობილების ამ სეგმენტს“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა მაია ბითაძემ.
ბოლო პერიოდში ტაქსებისათვის ლიცენზირების საკითხთან მიმართებით საინტერესო კვლევა ჩაატარა „ეისითიმ“. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი შეეცადა გაერკვია თუ რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ თემაზე.
როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს, თბილისელების უმრავლესობა (69%) ტაქსებისათვის გარკვეული რეგულაციების დაწესებისა და ლიცენზირების სისტემის შემოღების მომხრეა.
„ტაქსების ლიცენზირების ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა მიიჩნევა (84%), თითქმის ყოველი მეორე თბილისელი კი ჰიგიენურ მხარეზე აკეთებს აქცენტს (44%). მესამე და მეოთხე ადგილს, შესაბამისად, ეკოლოგიური უსაფრთხოება (35%) და ტაქსის მძღოლის მიერ ქუჩების კარგად ცოდნა (29%) ინაწილებენ.
როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, მხოლოდ ყოველი მესამე თბილისელი (29%) სარგებლობს ტაქსით კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად; ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას კი ტაქსის ქუჩაში შემთხვევითად გაჩერება წარმოადგენს (55%).“, - განმარტავენ „ეისითიში“.
უნდა ითქვას, რომ კერძო ტაქსებში ბევრი რამ მართლაც მოსაწესრიგებელია. ამაზე ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებიც არაერთხელ საუბრობდნენ, ისინი დღესაც უჭერენ მხარს რეგულაციას, თუმცა ითხოვენ, რომ რეფორმა უმტკივნეულოდ დაიწყოს.
„სანიტარულ მდგომარეობას რაც შეეხება, რეგულაციის შემდეგაც ვერ ვხედავ ამ პრობლემის აღმოფხვრის შანსს. ქუჩების არცოდნაც აღარაა პრობლემა, რადგან ტექნოლოგია განვითარდა. იყო მოსაზრება, რომ დედაქალაქი იმსახურებს კარგ ტაქსს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება იმსახურებს უკეთეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
ტაქსის მძღოლი სხვა მძღოლისგან არ უნდა განსხვავდებოდეს. გარკვეულ საკითხებში აღსრულების შესაძლებლობა ნულია. ლიცენზირება ვერ უზრუნველყოფს ტაქსის გამართულობას, რისი მაგალითიც ჩვენ გვაქვს რამდენიმე კომპანიის სახით.
მთავარი საკითხი, რის გამოც ევროპის ქვეყნებში ტაქსების ლიცენზირება ხდება, ესაა საგადასახადო რეგულაცია, ბიუჯეტის შევსების საუკეთესო წყარო. მე წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, რომ ტაქსის მძღოლებმა ბიუჯეტში თანხა შეიტანონ“, - აცხადებს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.
ახალი კანონპროექტის ფარგლებში ცნობილია საჯარიმო სანქციებიც. გარკვეულია, რომ ტაქსის მძღოლები უნებართვო საქმიანობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან. ფულად სანქციებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, დედაქალაქში სანებართვო პირობების დარღვევით ან ნებართვის გარეშე ტაქსით გადაყვანის განხორციელება 200-200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.