[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
ხუან ვილიარონგა ნავარომ ესპანურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefonica-ს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და მსოფლიო გიგანტად აქცია. მან შეძლო კომპანიის კაპიტალიზაციის გახუთმაგება და უცხოური ბაზრების დაპყრობა, თუმცა, თავისი იდეების განხორციელება ბოლომდე არ დააცადეს.
არა უბრალოდ ხუანიტო
ხუან ვილიარონგა დაიბადა 1953 წლის 8 აპრილს მადრიდში. დაამთავრა დეუსტინოს პრესტიჟული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბარსელონას უნივერსიტეტში ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ, იგი ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა საკონსულტაციო ფირმა McKinsey & Co-ში, შემდეგ კი ესპანეთში ბოსტონური ბიზნეს-ბანკის პირველი განყოფილების აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ამის შემდეგ ხუანი საინვესტიციო კომპანია Bankers-Trust-ში მოღვაწეობდა.
ნავაროს მეგობრული და ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა 1996-2004 წლებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ხოსე მარია ანსარასთან. სწორედ მისი დახმარებით მოახერხა ხუანმა 1996 წლის გაზაფხულზე სახელმწიფოს კონტროლიდან განთავისუფლებული სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefonica-ს თავკაცის პოსტის ხელში ჩაგდება. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ მთავრობას სურდა კომპანია მართული ადამიანისათვის ჩაებარებინა, მაგრამ ნავარომ მალე აჩვენა, რომ საკუთარი იდეები გააჩნდა და სრულიად დამოუკიდებელი მუშაობა შეეძლო. მისი მმართველობის პირველივე თვეები ერთობ გაბედული ნაბიჯებით აღინიშნა.
თავდაპირველად ნავარომ გადაწყვიტა ლათინურ ამერიკაში კომპანიის ისედაც მყარი პოზიციები კიდევ უფრო გაემყარებინა. აღსანიშნავია, რომ მისი მცდელობის შემდეგ Telefonica-მ ხელში ჩაიგდო ლათინოამერიკული რეგიონის სატელეკომუნიკაციო სექტორის დიდი ნაწილის კონტროლი.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანონებმა სატელეფონო კავშირის ეროვნული ბაზრების ლიბერალიზაცია სავალდებულო გახადა, Telefonica-მ მონოპოლისტის მომგებიანი პოზიცია დაკარგა. მაგრამ ნავარომ სწორი ბიზნეს-სვლების წყალობით მოახერხა კომპანიისათვის ბაზარზე ლიდერობის შენარჩუნება და ახლადწარმოქმნილ კონკურენტებს წიგ გაჭრის საშუალება არ მისცა.
კიდევ ერთი მძიმე გამოცდა ვილიარონგამ საუკუნეთა მიჯნაზე ჩააბარა, როცა Telefonica ლოკალური სატელეფონო ბაზრის მონოპოლიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, ნავარომ შეიმუშავა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც კომპანია ესპანურ ბაზარზე ნაკლებად იყო დამოკიდებული, რადგან აქცენს ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაფართოვებაზე აკეთებდა.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ნავარომ კომპანიის გაფართოვებისათვის ძალა არ დაიშურა. 1998 წელს მან შექმნა განყოფილება Telefonica Interactiva, რომელიც ერთი წლის შემდეგ კომპანიის ინტერნეტ-პორტალი გახდა და Terra ეწოდა. თანდათანობით ისიც ლათინოამერიკულ სივრცეშიც გაფართოვდა. ორი წლის შემდეგ Telefonica-მ 5,3 მილიარდ ევროდ ტელეპროდუქციის მწარმოებელი კომპანია Endemol, რითაც პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
დიდი განხეთქილება
მაშ ასე, ნავაროს ხელმძღვანელობით სატელეკომუნიკაციო გიგანტი სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ვილიარონგასა და ესპანეთის მთავრობას შორის ურთიერთობა თანდათან გაფუჭდა. ამას საფუძვლად მეტად ბანალური მიზეზი ედო: 1999 წელს ნავარო ცოლს გაშორდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ასნარას მეუღლის ახლო მეგობარი იყო. ხუანის ახალი რჩეული მასზე 18 წლით უმცროსი, უმშვენიერესი ადრიანა აბასკალი, მექსიკელი ტელემაგნატის ემილიო ასკარაგას ქვრივი გახდა. გარდა ამისა, მთავრობას არ მოსწონდა Terra-ში ოპციონების გადანაწილებისათვის მზადება.
ასე რომ, მთავრობამ გადაწყვიტა დაესაჯა ადამიანი, რომელმაც 4 წლის განმავლობაში კომპანია 5-ჯერ გაზარდა. 2000 წელს ხუანი ესპანურმა პრესამ რამდენჯერმე გააკრიტიკა. ამასთან, დაიწყო ოპციონების გადანაწილებასთან დაკავშირებულ მაქინაციებში მისი მონაწილეობის თაობაზე გამოძიება.
მოკლედ, ვილიარონგაზე მრავალმხრივი ზეწოლა განხორციელდა, რის შემდეგაც მან 2000 წლის 26 ივლისს პოსტი დატოვა. ზუსტად ერთ კვირაში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ გადადგომამდე ნავაროს ინიციატივით Telefonica-მ 12,5 მილიარდ დოლარად შეიძინა ამერიკული კომპანია Lycos, რითაც თავის ინტერნეტ-პორტალ Terra-ს ამერიკული და აზიური ბაზარი მოუპოვა. ამგვარად შეიქმნა მსოფლიოში პირველი გლობალური ინტერნეტ-კომპანია, რომელიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში მუშაობდა.
საინტერესოა, რომ ნავაროს წასვლის შემდეგ Telefonica ადრინდელი, მისებური ბიზნეს-სტრატეგიით ვითარდება. თავად ვილიარონგა კი, რომლის კაპიტალი მილიარდ დოლარს აღწევს, მაიამიში გადასახალდა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ისვენებდა, უახლოეს მომავალში კი, როგორც ამბობენ, ახალ ქვეყანაში ახალი კომპანიის შექმნას გეგმავს.