პირველი მარტიდან მთავრობის დადგენილების თანახმად საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდა. ამიერიდან მეწარმეები უფრო მეტად იქნებიან დაცული საკუთარი ქონების ზარალისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან. საინტერესოა ამის შემდეგ შეწყდება თუ არა უცაბედი ხანძრების სერია დიდ სავაჭრო ობიექტებში.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები მთავრობის 28 დეკემბრის დადგენილებით დამტკიცდა. ამ დადგენილების მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).
დადგენილებაში ასევე განსაზღვრულია სადაზღვევო ლიმიტები, ანუ მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ, დადგენილების თანახმად, სასტუმროს შემთხვევაში, ობიექტის მფლობელის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი - დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე −600 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე 300 ათასი ლარია.
„მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება - სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე
ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა. ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის შემთხვევაში კი წლიური სადაზღვევო ლიმიტი - დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე − 200 000 ლარია“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
კერძო მზღვეველები მხარს უჭერებ მთავრობის ინიციატივას. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, რომ უბედური შემთხევევის დროს მხოლოდ ბიზნესი არ ზარალდება, ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება მიადგეს ზიანი.
„დაზღვევა ის ფინანსურია მექანიზმია, რომელიც ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, იცავს მის საქმიანობას შეფერხებისგან და ინაწილებს მეწარმის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიმართ. მესამე პირად იგულისხმება ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე–სუბიექტიც, რომლის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიდგება ზიანი“, – განაცხადა ლომაძემ.
წინა წლების შემთხვევებმა ცხადყო თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტიქიურ უბედურებას როგორც ბიზნესისთვის, ისე ცალკეული ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა მეწარმეებს და ზოგიერთი მათგანის საქმიანობა დღემდე შეჩერებულია. ამიტომ მსხვილი მეწარმეები გაგებით ეკიდებიან ახალ გადაწყვეტილებას.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი თავშეყრის ობიექტების მესამე პირთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ბიზნესისთვის ხარჯიანია, ისინი მზად არიან კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ. გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ მათ უკვე შერჩეულიც ჰყავთ სადაზღვევო კომპანია.
„კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ 1-ლი მარტისთვის მზად ვიქნებით. კომპანია „უნისონმა“ წლების განამვლობაში იმუშავა ჩვენთან და დაზღვევა დაახლოებით მეწარმეთა 65%-ს ჰქონდა. 1-ლი მარტიდან დაეზღვევა 100%. კანონი ჩვენს ბიზნესს ავალდებულებს ჯანმრთელობის დაზღვევას, დანარჩენი მეწარმეთა ნაშთების დაზღვევა უკვე დიდი ხნის წინ არის დაწყებული.
მესამე პირის ჯანმრთელობის დაზღვევას რაც შეეხება, თუ მეწარმეს ნაშთი არ აქვს დაზღვეული, კომპანია დააზღვევს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და რამდენადაც ხარჯიანი არ უნდა იყოს, ყველაფერი ისე იქნება გაკეთებული როგორც კანონმდებლობა მოითხოვს“, - აცხადებს კვარაცხელია.
სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამა ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს. 2017 წელს მსოფლიოს მასშტაბით სტიქიური უბედურებების შემთხვევების შედეგად ზარალი 4 მილიარდს შეადგენდა, აქედან 2 მილიარდი კერძო სადაზღვევო კომპანიებმა აანაზღაურეს.