დღეს საქართველოში 731 ათასი პენსიონერია და მათი დიდი უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ამჟამად მთლიანად სახელმწიფოს ეკისრება, მაგრამ მომავალში ყველაფერი დამოკიდებული იქნება საპენსიო რეფორმაზე, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს გამართული და ეფექტური.
დღევენდელი პენსია რეალურად სოციალური დახმარებაა, მაგრამ იგი ამ ფუნქციასაც ვერ ასრულებს. მიუხედავად ამისა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 12,2%-ს შეადგენს. სპეციალისტების აზრით, დაგროვებითი საპესნიო სისტემა უნდა განსხვავდებოდეს კერძო საპენსიო ფონდებისგან. ის უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი ჯგუფების ინტერესს და უნდა ეფუძნებოდეს სოლიდარობის პრინციპს.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კი ორიენტირებულია მხოლოდ ფონდის მდგრადობაზე, ეყრდნობა მხოლოდ უნივერსალური სამართლიანობის პრინციპს, რაც ამცირებს ამ რეფორმის სოციალურ ღირებულებას.
პროფკავშირების ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე ამბობს, რომ ეს მომავალში მიგვიყვანს პენსიონერთა შორის შემოსავლის, ანუ პენსიის მოცულობის მნიშვნელოვან სხვაობამდე და შემოსავლების უთანასწორობის ზრდამდე მოსახლეობაში.
„პენსიონერთათვის საკვანძო საკითხია პენსიის სიცოცხლის ბოლომდე მიღება. მთავრობის მიერ შემოთავაზაბულ კანონპროექტში ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს. დაგროვებითი პენსია გადანაწილდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე (72-75 წელი), ხოლო თუკი ადამიანი ამაზე მეტხანს იცოცხლებს, იგი დარჩება მხოლოდ საბაზისო პენსიის იმედად (ამჟამად 180 ლარი). ეს არის კანონპროექტის მნიშვნელოვან ნაკლი და პროექტი საჭიროებს დაემატოს საპენსიო უზრუნველყოფის სიცოცხლის ბოლომდე დაზღვევის შესაძლებლობა.
საზოგადოებაში ხშირად დაისმის საპენსიო ფონდის შექმნის შემთხვევაში ამ ფონდისადმი უნდობლობის საკითხი. დღევანდელი კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედის მხოლოდ 3 მინისტრი და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. იმისათვის, რომ მოსახლეობას გაუჩნდეს ნდობა, აუცილებელია, რომ ფონდის მართვაში მონაწილეობდნენ სოციალური პარტნიორები- პროფკავშირები, დამსაქმებლები და ხელისუფლება, რომელთა მიერ განხორციელებული შენატანებიც წარმოადგენს ფონდის შექმნის საფუძველს“, - აცხადებს გიორგი ჭანტურიძე.
დაახლოებით იგივე რისკებზე საუბრობს კვლევითი ორგანიზაცია pmc-ის დირექტორი გიორგი ხიშტოვანიც. ისიც ამტკიცებს, რომ სოცალური უთანასწორობის გაზრიდის რისკი არსებობს, რადგან კანონპროექტით უფრო დიდი სარგებელს საშუალოზე მაღალი ხელფასის მქონე ადამიანები მიიღებენ.
ის ადამიანი, ვინც ამ სქემაში თავისი ნებით ჩერთვება, სავარაუდოდ ვერ მიიღებს იმ ღირსეულ პენსიას რასაც პირდებიან რეფორმის ავტორები. დასაქმებულთა უმრავლესობის ხელფასი არის 600 ლარი ან ნაკლები, რაც არ იძლევა საკმარისი თანხების დაგროვების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, რეფორმამ შეიძლება არ იმუშაოს. ამით კი სახელმწიფოს მიმართ ნდობა შეირყევა. ხიშტოვანის აზრით, ამ რეფორმით ხელისუფლება დიდ რისკზე მიდის და სახელმწიფო მას ადმინისტრაციულად ვერ უზრუნველყოფს.
„პენსია და სოციალური უზრუნველყოფა სიბერეში პოლიტიკის უმნიშველოვანესი თემაა. საერთაშორისო გამოცდილება ჩვენი ტიპის განვითარების ეტაპზე მყოფი ქვეეყნების არის შემდეგი, რომ ხშირად ხდება ამ ფონდების გამოყენება სახელმწიფოს მხრიდან მაშინ, როცა პირველი ეკონომიკური კრიზისი იწყება. ამისგან არც ჩვენი ქვეყანაა დაზღვეული. საპენსიო უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ფიქრობს და ეს კარგია, მაგრამ კითხვა არის როგორ უნდა გაკეთდეს და რამდენად სწორად გაკეთდება? აუცილებელია ალტერნატივაზე ფიქრი“, - განუცხადა „კომერსანტს“ ხიშტოვანმა.
ოფიციალური პირები ჯერჯერობით ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლებიან. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი აღნიშნული რეფორმის არის ის, რომ საქართველოში მივიღოთ სოციალური დაცვის მისაღები დონე.
„ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ქვეყანას, რომელსაც საპენსიო რეფორმა არ განუხორციელებია. ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, ეს რეფორმა აუცილებელია და იგი წარმოადგენს პრინციპულ და მნიშვნელოვან ნაბიჯს. სასურველი იყო იგი გაცილებით ადრე განეხორციელებინა ქვეყანას და მათ შორის იმ ოპონენტებს, ვინც დღეს საუბრობს“, - აღნიშნა ბახტაძემ.