„სვეტის“ დაზარალებულებმა აქციებისთვის მზადება დაიწყეს

„სვეტის“ დაზარალებულებმა აქციებისთვის მზადება დაიწყეს

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საკითხი საკმაოდ დამაფიქრებელია. როგორ განვითარდება კომპანიის ირგვლივ მოვლენები ჯერაც გაურკვეველია. ამ ყველაფერს კარგად ხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც თანხა გადახდილი აქვთ დაუსრულებელ კორპუსებში. ამიტომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. დაზარალებულებმა თბილისის მერიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი პრობლემების მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტისგან დახმარებას ითხოვენ.

როგორც აქციაზე „სვეტის“ მენაშენეებმა განაცხადეს, კომპანია „სვეტის“ წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მირცხულავას ქ.N9-11-ში მშენებარე კორპუსების მშენებლობის დასრულებას ვერ ახერხებენ. ადგილზე მხოლოდ ორი სართულია აშენებული, როცა 2017 წლის დეკემბერში მენაშენეთა ნაწილს კორპუსში უკვე ბინები უნდა ჰქონოდათ და საცხოვრებლად შესულიყვნენ. ადგილზე სულ 18 კორპუსი უნდა აიგოს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გრიგოლ სირბილაძის თქმით, მას წინასწარ უკვე გადახდილი აქვს 73 ათასი დოლარი ორი ბინის შესაძენად. მშენებლობა „ალდაგს“ ჰქონდა დაზღვეული, რის გამოც, ამ კომპანიას ენდნენ. თუმცა გაარკვიეს, რომ 23 თებერვალს „ალდაგმა“ მშენებლობის დაზღვევა შეწყვიტა.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიასთან წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავენ.

ჯერჯერობით შეუვალია დედაქალაქის მერის კახა კალაძის პოზიცია. მისი თქმით, კომპანიამ კეთილი უნდა ინებოს და ყველაფერი მოაწესრიგოს.

„კომპანია „სვეტს“ რაც შეეხება, სერიოზული დარღვევები აქვს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იგი უკანონოდ ახორციელებდა მშენებლობას. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში უკანონოდ იმოქმედონ. ჰარი-ჰარალე და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა და აღარ მოხდება. შესაბამისად, დეველოპერებმა კეთილი ინებონ, მწყობრში მოიყვანონ ყველაფერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამის დადგენილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„ეს ყველაფერი კეთდება თითოეული ჩვენთაგანის, იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის, ვინც ახალ საცხოვრებელს შეიძენს. მაქსიმალურად უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოება გათვალისწინებული. სამშენებლო კომპანიამ ყველა ეს პირობა უნდა დააკმაყოფილოს. მშენებლობის წინააღმდეგი როგორ ვიქნებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, თუმცა უკანონო მშენებლობების შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა კალაძემ.

თავის მხრივ, კომპანია „სვეტის“ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მერიასთან კომუნიკაციის შედეგად სამშენებლო პროცესი არაუგვიანეს მარტის ბოლოდან განახლდება, თუმცა კომპანიას მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია ამ დრომდე არ წარუდგენია. რეალურად კი კომპანიას მხოლოდ დოკუმენტაციის მოწესრიგება არ უშლის ხელს, მას სერიოზული ფინანსური პრობლემებიც აქვს.

აღსანიშნავია, რომ „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები უკვე ამოქმედდა და პირველი, ვისაც წესების დარღვევისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო მშნებლობა შუჩერდა, კომპანია „სვეტია“. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, საზედამხედველო პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და ნებისმიერი მშენებელი, რომელიც კანონს დაარღვევს ან შესაბამის დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენს, დაჯარიმდება ან შეუჩერდება მშენებლობის გაგრძელების უფლებამოსილება, სულერთია ეს მიმდინარე მშენებლობაა თუ დასრულებული.