საცობების პრობლემის მოგვარებას ჯარიმების დაწესებით აპირებენ

საცობების პრობლემის მოგვარებას ჯარიმების დაწესებით აპირებენ

დედაქალაქში გზების განტვირთვისა და საცობების პრობლემის გადაჭრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები დაიგეგმა. აქ კი ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ ახალი ჯარიმები წესდება, რომელიც საკმაოდ დიდია.

ავტობუსები და მიკროავტობუსები, რომლებიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ გაჩერებებზე არ გაჩერდებიან, დაჯარიმდებიან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მხრიდან დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილი გაჩერების წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა იქნება განსაზღვრული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისას სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებიც დაჯარიმდება. კერძოდ, ამ დარღვევაზე 50-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

თბილისში უკვე შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს მგზავრებისთვის მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერება მოუწევთ: მერაბ კოსტავას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, შოთა რუსთაველის გამზირი, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის ხეივანი, დავით აღმაშენებლის გამზირი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, ჟიული შარტავას ქუჩა, პეკინის ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ჯორჯ ბუშის ქუჩა და კახეთის გზატკეცილი.

აღსანიშნავია, რომ ეს რეგულაცია მხოლოდ ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხება. ასევე მხოლოდ გაჩერებებზე მოუწევთ გაჩერება რუსთავიდან თბილისში მოძრავ სარეისო მიკროავტობუსებსაც, რომელთა რაოდენობაც დაახლოებით, 300-მდეა.

გარდა ამისა, თბილისის მერია, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან საპილოტე პროექტს იწყებს, რომელიც ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების ღამის საათებში დაცლას ითვალისწინებს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ.

საპილოტე რეჟიმში ერთვება ჭავჭავაძის გამზირი, აბაშიძის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, ბერძენიშვილის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კავსაძის ქუჩა, ბაზალეთის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ნაფარეულის ქუჩა, ბარნოვის ქუჩა, არაყიშვილის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, რადიანის ქუჩა, მცხეთის ქუჩა, შატბერაშვილის ქუჩა, ჯანაშვილის ქუჩა, ქუთათელაძის ქუჩა, ატენის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, ელიავას ქუჩა, ცხვედაძის ქუჩა, მარუხის გმირების ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, რამიშვილის ქუჩა, გაბაშვილის ქუჩა, ყიფშიძის ქუჩა, აბულაძის ქუჩა, მარაბდის ქუჩა, მოსეშვილის ქუჩა, დარიალის ქუჩა და კეკელიძის ქუჩა.

ახალმა გრაფიკმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა უნდა უზრუნველყოს. საცდელი გეგმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, აღნიშნული მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით დაინერგება.

პარალელურად მიმდინარეობს სქემის შედგენა, რომ სატვირთო ავტომობილებს დილისა და საღამოს „პიკის საათებში“ 2-2 საათით მოძრაობა აუკრძალონ. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. კონკრეტულად რომელ საათებში დაწესდება ეს აკრძალვა, ამას დედაქალაქის თვითმმართველობა განსაზღვრავს. თბილისის მერიას კი მოუწევს იმის დადგენა, თუ დღის რა პერიოდში ექნება სადისტრიბუციო მანქანებს ქუჩებში მოძრაობის შესაძლებლობა. ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ მილიონს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა და მათი ნახევარი დედაქალაქშია თავმოყრილი. საქართველოში ყველა მეორე ადამიანს, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 40%-ზე მეტს ჰყავს ავტომობილი.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი.