აზიურმა ფაროსანამ დეპუტატები და მთავრობა ერთმანეთთან დააპირისპირა

აზიურმა ფაროსანამ დეპუტატები და მთავრობა ერთმანეთთან დააპირისპირა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დაახლოებით ერთ თვეში უნდა დაიწყოს და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას ამ მხრივ კონსოლიდაცია აკლია. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ინფრასტრუქტურის მინისტრს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია პირდაპირ აცხადებს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასათანადოდ არის ჩართული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მინისტრ ზურაბ ალავიძეს არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს მავნებელთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობასთან.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება მნიშვნელოვან სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში. გარდა ამისა, ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მე მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლა საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხია, რადგანაც ქვეყენაში თავი იჩინა უდიდესმა საფრთხემ.

მავნებელთან ბრძოლის საქმეში უფრო მეტ აქტიურობას ითხოვს ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი არის მთელი ქვეყნის პრობლემა.

​„ნამდვილად კარგია და მისასალმებელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ პარლამენტისგან, მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტიისგან, მომთხოვნ დამოკიდებულებას, ძალიან კატეგორიულად დასმულ საკითხს. ეს არ არის პარტიული საკითხი. ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ვიზიარებთ და ვუერთდებით ამ მოთხოვნას, რომ მთავრობა რეალურად დაკავდეს ფაროსანას პრობლემით“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რამდნიმე დღის წინ კი სამთავრობო კომისიამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის გეგმა დაამტკიცა. რამდენად ეფექტური იქნება იგი სულ მალე გამოჩნდება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანია 2018 წელს „კარდაკარ“-ის პრინციპით ჩატარდება, ხოლო ქიმიური დამუშავების პროცესი მარტიდან დაიწყება. მავნებლებისგან მიყენებული ზარალი ჯერ ციფრებში დათვლილი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიურმა ფაროსანამ შარშან თხილის მოსავლის 20% გაანადგურა.