მერიამ ახალი წლიდან მოყოლებული კომპანია „სვეტის“ 3 მშენებლობა შეაჩერა. ვითარება საკმაოდ დაძაბულია. ირკვევა, რომ კომპანიას სამშენებლო პროცესს დარღვევებით წარმართავდა.
„სვეტი“ დიდუბეში საცხოვრებელ კომპლექსს მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა. კომპანიის კიდევ ერთ ობიექტზე მშენებლობის შეჩერების მიზეზი დარღვეული პროექტი გახდა. ამჟამად „სვეტის“ მომხმარებლები, რომელთაც მშენებარე ბინებში ფული აქვთ გადახდილი, ადმინისტრაციას ედავებიან.
მირცხულავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის გაყიდვების მენეჯერი ადასტურებს, რომ კომპანიას პრობლემები აქვს. თუმცა მშენებლობის ნებართვის გარეშე დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საჭირო ნებართვას მოგვიანებით აიღებენ, რის შემდეგაც კორპუსის შენება კვლავ გაგრძელდება.
კომპანია „სვეტს“ თბილისში რამდენიმე მშენებარე ობიექტი აქვს, მათგან სამ ობიექტზე სამშენებო სამუშაოები დაახლოებით იანვრის დასაწყისიდან შეჩერებულია. მიზეზი მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტებზე აღმოჩენილი დარღვევები გახდა. საუბარია ნუცუბიძისა და მირცხულავას ქუჩებზე, ასევე ნაძალადევის რაიონში მშენებარე ობიექტებზე.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებდნენ, საზედამხედველო პროცესი 2016 წლიდან მიმდინარეობს და საუბარი არ არის მხოლოდ კომპანია „სვეტის“ ობიექტებში გამოვლენილ დარღვევებზე.
„არის ობიექტები სადაც ჰქონდათ ნებართვები და ვადა გაუვიდა. არის მისამართები, სადაც უსაფრთხოების კუთხით დავაჯარიმეთ და მივეცით მითითებები. არის ადგილები, სადაც არ ჰქონდათ ნებართვა. მერიამ სამ მისამართზეა გააჩერა სამუშაოები - მირცხულავას ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩაზე, და ასევე ნაძალადევში. სამივე ტერიტორიაზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა.
მისი განმარტებით, ერთი თვის წინ ჰქონდა შეხვედრა „სვეტის“ წარმომადგენლებთან. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას დაახლოებით 2 კვირის ვადაში უნდა წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა ამ დრომდე კომპანიას მერიისთვის არ მიუმართავს. კომპანია „სვეტში“ კი ამტკიცებენ, რომ მერიასთან კომუნიკაციის შედეგად სამშენებლო პროცესი არა უგვიანეს მარტის ბოლოდან განახლდება.
როგორც ჩანს, ვითარება სამშენებლო სექტორში საკმაოდ რთულდება. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერიამ პირობების გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა, უკვე რამდენიმე სერიოზული დარღვევა გამოვლინდა. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა მშენებლობების ნებართვის გაცემის დროს მკაცრი კონტროლი.
„ნებისმიერ შემთხვევაში რა დარღვევაც გამოვლინდება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად. მესმის, რომ მოსახლეობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, მაგრამ ისინი უკანონო სახლებში ცხოვრობენ ან შეაქვთ შენატანი. უნდა დაფიქრდნენ, რომ ასეთ კორპუსებში ან სხვა ტიპის მშენებლობებზე არ დააბანდონ ფული. მოითხოვონ ხელშეკრულება რამდენად კანონიერია, გადაამოწმონ მრავალჯერ, რადგან საკმაო თანხას იხდიან ისინი უძრავი ქონების შესაძენად“, - აცხადებს როსტომაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტი“თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებს: ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე - „სვეტი ქალაქი 1“ (1200-ბინიანი კომპლექსი); დიდუბეში, წერეთლის გამზირზე - „წერეთლის კოშკი“ (17-სართულიანი კომპლექსი); ნუცუბიძეზე - „სვეტი ქალაქი-3“ (15-სართულიანი), და კაიროს ქუჩაზე - „სვეტი ისანი“ (10-სართულიანი) და მირცხულავას ქუჩაზე 15-სართულიანი კომპლექსი.