მშენებლობების ნებართვის გაცემის წესში შესატანი ცვლილებების დადგენილების პროექტი უკვე მთავრობაშია. იქ მნიშვნელოვანია ორი მიმართულება, რომელმაც, შესაძლოა, დასრულებული პროექტების საბოლოო ფასზე იმოქმედოს. ერთია ის, რომ მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესშივე აუცილებელი იქნება გამწვანების გეგმის წარმოდგენა, იქ არსებული ხეების აღრიცხვა. ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევისა და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ. კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც. ეს, ასევე, მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მშენებლობის ნებართვის წესში ცვლილებები მთავრობას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, განხორციელებული ცვლილებებით თავიდანვე განისაზღვრება, თუ რამდენად შესაძლებელია და რამდენად აიტანს ერთი კონკრეტული ადგილმდებარეობა საცხოვრებელ თუ სხვა სახის ფართებს და რამდენად შესაძლებელი იქნება იქ მცხოვრები ხალხისთვის ტრანსპორტით სარგებლობა.
„გამწვანების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები, მიმდინარეობს მშენებლობები, მაგრამ არ ხდება ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგება, გამწვანება. როცა სამშენებლო პროექტის შეთანხმება იქნება, იმავდროულად, დამკვეთებს გაუჩნდებათ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ დენდროლოგიური პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს მერიასთან შეთანხმებით“, – განაცხადა კალაძემ.
დეველოპერები განმარტავენ, რომ მშენებლობის ნებართვის აღების პროცესში დამატებითი დოკუმენტების მოძიება-შექმნა არაფერს გააძვირებს, თუმცა ბიზნესისთვის რისკებს გაზრდის, თუ გაუგებარი ბიუროკრატიის ფორმას მიიღებს.
„სიახლეებისთვის მზად ვართ და საჭიროა. მშენებლობის ნებართვას ისედაც დრო სჭირდება და ამან კიდევ რომ გაახანგრძლივოს, კარგი არ იქნება. ბიუროკრატიული პროცესები მაქსიმალურად მცირე დროში უნდა დასრულდეს. ზოგადად რეგულაცია, რომელსაც დამატებითი კვლევა და ნებართვა სჭირდება, გარკვეულ დროს მოითხოვს. ბიზნესისთვის რისკებს შექმნის, თუ ეს გაუგებარი ბიუროკრატიის ფორმას მიიღებს.
ფინანსური ნაწილის ერთ-ერთი კომპონენტი არის დროის ეფექტურად გამოყენება. რაც უფრო მოკლე ვადებში დასრულდება პროცესები, მით უფრო ნაკლები ზედმეტი დანახარჯი გვექნება. ცვლილებები მოწესრიგებულად და ეფექტურად უნდა ამოქმედდეს. ვალდებულებების შესრულება დროში თუ გაჭიანურდა, მაშინ ეს ბევრ რამეს გააძვირებს. ამიტომაც ბიზნესმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად რა ევალება, რა ვადებში მიიღებს ამა თუ იმ ნებართვას, რომ სწორი ფინანსური გათვლები გააკეთოს“, - აცხადებს „ბიპიენთან“ კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური.
სპეციალისტები დიდი ხანია მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ დორულად მოაწესრიგონ ქაოსური მშენებლობები. არასამთავრობო ორგანიზაცია „მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძის აზრით, ქვეყანაში გამეფებული სრული განუკითხაობის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მშენებლობის სამინისტრო.
„სამინისტროს ვინ ჩივის, სანთლით რომ ეძებოთ, მთავრობაში, სამინისტროებში, პარლამენტში და მერიაში ერთ მშენებელს ვერ ნახავთ. ამ დარგის თითო მრჩეველი მაინც აიყვანონ პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა, რომ მშენებელი როცა მივა იქ, დაელაპარაკოს.
ყველაფერი არქიტექტორებმა აიღეს ხელში, მშენებლები კი გვერდით გაწიეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. არქიტექტურა არ არის მშენებლობა, ის მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილია (20%), დანარჩენი სამშენებლო ნაწილებია დაწყებული საძირკვლიდან, კონსტრუქციული ნაწილი, ტექნოლოგია, ორგანიზაცია, შრომის დაცვა და ა.შ.
საქმე ისაა, რომ თბილისს არც ურბანისტის ხელი ეტყობა, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილს, მიჯრით მიწყობილმა მრავალსართულიანმა კორპუსებმა ქვის ჯუნგლებს დაამსგავსა დედაქალაქი. ქაოსური მშენებლობების პროცესი თუ არ შევაჩერეთ, უარესი გველის, მთლად ჩაბნელდება ქალაქი“, - აღნიშნა საკანდელიძემ.