26 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. ძირითადმა კანდიდატებმა, ალექსანდე ანქვაბმა და სერგეი შამბამ პირველი ხმაურიანი განცხადებები გააკეთეს. ისინი თბილისთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდე ანქვაბის მთავარი ამოცანა საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრებაა, განურჩევლად იმისა, წავა თუ არა ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილი.
"საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს მიხეილ სააკაშვილის თანმდებობიდან წასვლა-არწასვლას არ დავუკავშირებდი. მთავარია, როგორი იქნება სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ დღესაც მზად ვართ, საქართველოსთან მშვიდობის და თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა. ჩვენ მშვიდობა და კეთილმეზობლობა გვსურს", - განაცხადა ანქვაბმა რუსულ "РБК"-სთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, "აფხაზეთს არანაირი აგრესიული მიზნები არ აქვს და სურს, როგორღაც უსაფრთხოება და საკუთარი მოქალაქეების ნორმალური ცხოვრება უზრუნველყოს, პირველ რიგში კი - ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში":
"ცოტა ხნის წინ გალში ახალგაზრდა რუსი მესაზღვრე დაგვეღუპა. რამდენი ჩვენი მოქალაქე და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომელი, რამდენი რუსი სამშვიდობო იქნა მოკლული ქართველი ბანდიტების მიერ. ასეთი სახის აქტებს, ჩვენდა სამწუხაროდ, ალბათ, კიდევ ექნება ადგილი.
როგორი კონტაქტები გვაქვს საქართველოსთან? ცოტა ხნის წინ ჟენევიდან ჩვენი დელეგაცია დაბრუნდა. ვერ ვიტყვი, რომ როგორღაც წინ წავიწიეთ, მაგრამ საუბარი გრძელდება. ჩვენთვის ჟენევის დისკუსიებს მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიო სივრცეში გასასვლელი უნდა გვქონდეს. მართალია, ეს გასასვლელი სადღეისოდ არაეფექტურია, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად საკუთარი აზრის გამოთქმა მაინც შეგვიძლია".
ასევე, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, "აფხაზეთში ჩასული უცხოელი სტუმრები დემოკრატიის მაგალითად საქართველოს ასახელებენ". თავად ანქვაბი ამ აზრს არ ეთანხმება. როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, "რუსეთსაც, აფხაზეთსაც და საქართველოსაც დემოკრატიის კუთხით გასაკეთებელი კიდევ აქვთ":
"იმის თქმა, რომ ყველაზე დემოკრატიულები აფხაზები, რუსები ან ქართველები არიან, უადგილოა. მე, მაგალითად, არ მომწონს, როდესაც დედაქალაქის ცენტრში ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებით და მხოლოდ საკუთარი პროტესტი გამოხატეს, ხელჯოხებით ცემენ. თუმცა ჩვენთან ჩამოსული უცხოელი სტუმრები დემოკრატიის პრინციპებზე საუბრისას საქართველოს მაგალითად ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ "ქვეყანა დემოკრატიის გზით მიდის და დიდი პერსპექტივები აქვს".
თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, "საქართველო-აფხაზეთის მომავალ ურთიერთობაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ქართული მხარე კოსტრუქციული დიალოგისთვის იქნება მზად".
როგორც შამბამ იმავე "РБК"-სთან ინტერვიუში განაცხადა, "ყველა საკითხი მაშინ იქნება განხილული, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხი სახელმწიფო დონეზე განისაზღვრება":
"როდესაც აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მისი დეოკუპაციისთვის რაღაც პროექტები მზადდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან არსებითი საუბარი, როგორც მე წარმომიდგენია, შეუძლებელია. ვფიქრობ, მოვა დრო, როდესაც სიტუაცია შეიცვლება და მაშინ ვნახოთ. ზოგადად კი, აფხაზეთის საქართველოსთან ურთიერთობები ოდესმე აუცილებლად უნდა დარეგულირდეს, - ეს ეჭვგარეშეა".
ამავე დროს, დე–ფაქტო პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, "აფხაზეთში ქართველებს ნორმალურად ექცევიან". როგორც შამბამ განაცხადა, "ქართული მოსახლეობა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ცხოვრობს, არიან აფხაზები, რომლებსაც ქართველი ცოლები ჰყავთ და არავინ არავის ეთნიკური ნიშნით არ ასხვავებს":
"აუცილებელია, მნიშვნელოვნად დიდი ყურადღება მივაქციოთ გალის რაიონს, რომელიც ძირითადად მეგრელებითაა დასახლებული. ზოგადად კი, უნდა შევქმნათ სამოქალაქო საზოგადოება, რომელშიც ყველა მოქალაქე თავს კომფორტულად იგრძნობს".
აფხაზური წინასაარჩევნო კონიუნქტურა გვერდზე რომ გადავდოთ, მხარეებს შორის პირდაპირ დიალოგს და კონტაქტებს ალტერნატივა არ აქვს. ანტაგონიზმი ადრე თუ გვიან მთავრდება და ერთი შეხედვით გადაუჭრელი საკითხები, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა გადაწყდეს.
აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პერსპექტივებზე „თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია „პირველთან“ საუბრისას შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„ვთვლი, რომ სამომავლოდ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება არა მხოლოდ ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის ხელშემწყობი იქნება, არამედ ეს არის მთავარი პირობა, რათა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოსახლეობასთან ურთიერთობები დავიბრუნოთ, იმ ინფრასტრუქტურული სავაჭრო პროექტების რეალურად ამოქმედება დავიწყოთ, რაც ჩვენი საზოგადოებების ხელახლა გაცნობას და დაახლოებას შეუწყობს ხელს. ეს, ბუნებრივია, პოლიტიკური საკითხების უფრო შინაარსიან განხილვამდე მიგვიყვანს.
ჩვენ პირველ რიგში, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი აზრით, სტატუსზე ლაპარაკი შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში უნდა "გავყინოთ", იქნება ეს 10 თუ 15 წელი. მოლაპარაკებების საგანი ის უნდა გახდეს, რომ საზოგადოებებმა, რომელიც ომმა და ამხელა დრომ გაგვაუცხოვა, ხელახლა გავიცნოთ ერთმანეთი. პოლიტიკურ საკითხებს ახლა არ შევეხები, შევეხები მხოლოდ ურთიერთობების აღდგენის ხელშემწყობ ფაქტორებს. ეს არის ვაჭრობა, ეკონომიკური და ინფრასტრუქტული ფაქტორები, ასევე სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობა.
მსოფლიო კონფლიქტების დარეგულირების წარმატებულ მაგალითებში ყველაზე მეტად ადამიანური ურთიერთობების წამოწყება ჟღერს, რომელიც ეკონომიკური და სავაჭრო შესაძლებლობებით იქნება გამაგრებული. ეს ჩვენი მაგალითითაც დასტურდება: ერგნეთის ბაზრობა, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირებით გახლეჩილი ოსური და ქართული საზოგადოება დააახლოვა. ამას სწორი ლოგიკური გაგრძელება სჭირდებოდა, რაც პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესამდე მიგვიყვანდა, მაგრამ სააკაშვილს ამის გასაკეთებლად არც მოთმინება და არც გონიერება ეყო.
რაც შეეხება აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს, ქართულ საზოგადოებას არ უნდა გვქონდეს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ პერსონების ცვლა ან ქართველებისადმი შედარებით ნორმალურად განწყობილი ადამიანების დე ფაქტო ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნა მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენს ურთიერთობებზე ძალიან დიდ გავლენას იქონიებს.
2008 წელს სააკაშვილის წინდაუხედავი პოლიტიკის შედეგად მომხდარმა კონფლიქტმა აფხაზური და ოსური საზოგადოებები რუსეთის დიქტატზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახადა და ეს გასათვალიწინებელი ფაქტორია. მეორეს მხრივ, ვინც არ უნდა აირჩიოს აფხაზეთში დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილმა, ჩვენ მასთან მოლაპარაკებები და ურთიერთობა დაგვჭირდება. დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ჩვენ მოლაპარაკებების დაწყებას ყველასთან მოვახერხებთ და ჩვენი საზოგადოებების დაახლოებისთვის საფუძვლის შექმნას შევეცდებით“.