ფარმაცევტებისა და ექიმების ალიანსი დაუმარცხებელია

ფარმაცევტებისა და ექიმების ალიანსი დაუმარცხებელია

მთავრობა ცდილობს ფარმაცევტულ ბაზარზე ვითარება დაარეგულიროს, მაგრამ მოახერხებს თუ არა - საეჭვოა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ნამდვილად ვერაფერს გახდა. მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება მუდმივად ძვირდება, ხოლო ექიმები პაციენტებს სულ უფრო მეტ წამლებს უნიშნავენ.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ დაინტერესების გამო ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების მხრიდან პაციენტებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების არამიზნობრივად დანიშვნას.

“ინდუსტრია საუბრობს მხოლოდ ცივილური ნორმების აღდგენაზე.  კერძოდ, ეს არის მკურნალობაში გარკვეული სტანდარტების შემოღება, კონტრრეგულირებადი გარემოს შექმნა, მოსახლეობისა და ინდუსტრიის დაცვა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაზრდის კუთხით.  უნდა გაკონტროლდეს ის არაეთიკური საქციელი, რომელსაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში სჩადის. დაინტერესებაა ექიმების, სამედიცინო წარმომადგენლების მხრიდან, რის სანაცვლოდ პაციენტებს არამიზნობრივად უნიშნავენ საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტებს“, - აცხადებს მარგველაშვილი.

მისი განმარტებით, არაეთიკურ კომპანიაში შეიძლება მოიაზროს ნებისმიერი კომპანია, მათ შორის მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც საქართველოში საპრომოციო საქმიანობას არაკეთილსინდისიერად ახორციელებს. უახლოეს პერიოდში კი ინდუსტრია პრობლემის გამოსწორების მიზნით საკუთარ ხედვებს პროექტის სახით ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენს.

მთავრობას გააზრებული აქვს ის პრობლემა, რომელიც ბოლო წლებში ფარმაცევტულ ბაზარზე ხდება. მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მედიკამენტების შეძენა და ამ მხრივ ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება.

ამიტომ უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტინგენტი. 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე.

„არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ჩვენ ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. კერძო-სახელმწიფო პარტნიორობასთან ერთად, ეს ორი ფაქტორი იმის გარანტია, რომ ჩვენ სასურველი შედეგები მივიღოთ“, - განაცხადა სერგეენკომ.

რამდენად მოიტანს ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა შედეგს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციის დარეგულირების გზა არ ჩანს. „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ წამლების დიდი ოდენობით გამოწერამ საყოველთაო მასშტაბი მიიღო.

საჭიროა და აუცილებელია ექიმების კონტროლი, რომლებიც პაციენტებს უწერენ ძვირადღირებულ მედიკამენტს, ხშირად - სრულიად უსაფუძვლოდ, არ ზოგავენ არც ადამიანს და არც სახელმწიფოს.  საერთოდ, ყველაზე კარგი დამკვირვებელი და შემფასებელი არის თავად მომხმარებელი. თუკი მთავრობის ინიციატივა კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობას გაგვიზრდის, ამას ყველა ერთად დავინახავთ“, - განაცხადა ბერაძემ.