[გერა მამულაშვილი]
„ექვსიანში“ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აპირებენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ძალების პირველი მოთელვა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა და სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, უფლებადამცველები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ძალები სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ულტიმატუმის ენას უპირისპირდებიან.
„ექვსიანის“ ახალ პოლიტიკურ გეგმებზე და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ.
რამდენად წარმატებული იქნება „ექვსიანის“ მცდელობა?
– დღევანდელი გადმოსახედიდან, რაიმეს თქმა გამიჭირდება. თუ ქართული საზოგადოების მიერ მიღებული გამოცდილებით ვიმსჯელებთ, შეიძლება უფრო სკეპტიკურად განვეწყოთ. პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ურთიერთობაზე ბევრი საუბარია, მაგრამ თვალით არავის უნახავს, რეალურად ეს რას ნიშნავს. ისევე როგორც, პარტიების პირდაპირი კომუნიკაცია ხალხთან.
აქედან გამომდინარე, რთული სათქმელია, ამ სიტყვებს და სურვილებს განხორციელება უწერია თუ არა. წინა გამოცდილების გათვალისწინებით, იმედი უნდა ვიქონიოთ, პარტიები ამჯერად მაინც გადადგამენ ნაბიჯებს, რომლებიც საზოგადოებაში ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ხალხი დაინახავს, რომ მათთვის მთავარი საკუთარი პოლიტიკური ინტერესი არ არის.
მივცეთ კიდევ ერთი შანსი, მითუმეტეს, რომ სხვა გზა არც გვაქვს. ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრის სხვა სეგმენტები, სხვადასხვა მიზეზების გამო უბრალოდ აღარ არსებობს.
მაინც როგორი უნდა იყოს კომუნიკაციის ფორმა საზოგადოებასთან ამ გზაზე პოლიტიკურმა სპექტრა რა ნაბიჯები უნდა გადადგას?
– პოლიტიკოსებმა საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანა და მისი ინტერესებია. ეს იმისთვის უნდა გაკეთდეს, რომ ხალხში ნდობა აღადგინონ. გაცილებით აქტიურები უნდა იყვნენ. ყველა ხელთ არსებული რესურსი უნდა გამოიყენონ, საზოგადოებისთვის რეალური ვითარების ასახსნელად. ხალხს უნდა გააგებინონ, რომ ამ ამოცანების აწევა შეუძლიათ. პირველ რიგში, ეს წინასწარი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, ხალხს გასაგებ ენაზე აუხსნან, როგორ აპირებენ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გაჯანსაღებას.
ამ თვალსაზრისით, ექვს პოლიტიკურ ძალაში რამდენად ხედავთ საჭირო რესურსს?
– ე.წ. ექვსიანს, თანამოაზრეთა გუნდად მაინც არ განვიხილავდი. მგონია, ეს გაერთიანებაც ხელოვნურად არის შექმნილი. ფუნდამენტური განსხვავებებია, როგორც მსოფლმხედველობრივი, ასევე სუბიექტურ–ადამიანური თვალსაზრისით.
ვფიქრობ, მასში არიან როგორც ინდივიდუალური, ასევე პარტიული წევრები, რომლებსაც მეტი პოლიტიკური პერსპექტივები აქვთ. ზოგს უფრო ნაკლები. ისეთი წევრებიც არიან, პარტიები რომ ჰქვიათ, მაგრამ მათ უკან ორგანიზაციული სტრუქტურა საერთოდ არ იგრძნობა.
მთლიანობაში, შიდა რესურსს ვხედავ. თუმცა, საკითხავია, ამ ერთიანობის პოლიტიკაში კონვერტირებას აზრი აქვს თუ არა. დიდი ეჭვი მეპარება, ასეთი ფორმით ამას აზრი ჰქონდეს. აჯობებს, რომ პარტიები საერთო მსოფლმხედველობრივ ბაზაზე იკრიბებოდნენ და პოზიტივზე იყვნენ მიმართულნი. არა იმ ნიშნით – „ჩვენ რას ვფიქრობთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მიშა დავამარცხოთ“, რაც მხოლოდ ნეგატიური და დესტრუქციული ლოზუნგია.
პარტიები ფუნდამენტური ღირებულებების ირგვლივ უნდა იკრიბებოდნენ. მთავარი აქცენტი პოზიტივზე, სამომავლო მიზნებზე უნდა გაკეთდეს და არა ერთჯერადი ამოცანის შესრულებაზე.
როგორ დავამარცხოთ მიშა – ეს არ არის მთავარი კითხვა. მთავარი საზრუნავია, რა ვუშველოთ ამ ქვეყანას. სააკაშვილის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა და არ შეიძლება მიზანი იყოს. როდესაც საშუალებას მიზნად აქცევ, ასეთ ბრძოლას პერსექტივა არ აქვს.
რას გამოყოფთ ცნებაში „რეალური ვითარება“ და როგორ უნდა აუხსნან ეს პოლიტიკოსებმა საზოგადოებას?
– ეს რეალობა ყველა მიმართულებით საკმაოდ დამძიმებულია. პოლიტიკური, დემოკრატიული ფასეულობების, ეკომომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებებით რისკები ძალიან მაღალია. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მედმივად არწმუნებენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ხელისუფლების ტაქტიკა ამაზეა მიმართული.
შესაბამისად, პროტესტის ლოკალიზაცია სამზარეულოებში ხდება. პოლიტიკოსებს არ უნდა დაეზაროთ და უნდა მივიდნენ ყველა სამზარეულოში (რა თქმა უნდა, გადატანითი გაგებით), აუხსნან ადამიანებს, რომ ისინი არა უმცირესობაში, არამედ აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან. ამით, სამზარეულოში დაბუდებული პროტესტის კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ. ამ განწყობის ერთ ძალად შეკვრა, მომავალ არჩევნებზე სერიოზულ ფაქტორად გადაიქცევა.
ეს დიდ, რუტინულ შრომასთან არის დაკავშირებული. იმუქრებიან, რეგიონებში ხვალ ან ზეგ წავალთო, რეალურად წავიდნენ. ჩაიცვან რკინის ქალამნები და საქმე გააკეთონ. ადმინისტრაციული და მედიარესურსის უქონლობის პირობებში, ფიზიკურად იშრომონ. თავი დაანებონ სხვადასხვა თათბირებზე ჯდომას და საქართველოს მოქალაქესთან მივიდნენ, მორალური უფლება შეიძინონ, რომ საბოლოო ჯამში, ხალხმა მათ ხელისუფლებაში მოსვლაზე იფიქროს.
ხელისუფლება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შემდგომ დათმობებზე წასვლას აღარ აპირებს. შემოდგომაზე ცვლილებების დამტკიცება იგეგმება...
– ეს პირველი შემთხვევა არ არის და არ მიკვირს. ხელისუფლებას კომპრომისები საერთოდ არ უყვარს. მოიქცა ისე, როგორც საკუთარი ბუნება კარნახობს. ახლა დავუკვირდეთ, ოპოზიციური პარტიები როგორ მოახერხებენ ბრძოლის გაგრძელებას, როგორ აიძულებენ ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს. ვიმეორებ, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ საზოგადოების მხრიდან რეალური მხარდაჭერა ექნებათ.
ახლა სამუშაო, საზოგადოებრივი პროტესტის კონსოლიდაციაა. შემდგომში საზოგადოებამ მათთან ერთად რომ აიძულოს ხელისუფლება, რეალურად შეცვალოს არსებული გარემო, შეიქმნას სივრცე, რომელშიც ნორმალური პოლიტიკური პროცესის წარმართვა შესაძლებელი გახდება.