საქართველოში პორტების ბუმი დაიწყო

საქართველოში პორტების ბუმი დაიწყო

ანაკლიის ნავსადგურის პროექტმა კონკურენტები გამოაფხიზლა. როგორ ჩანს, ღრმაწყლოვანი პორტის იდეა სწრაფად გაითავისეს ფოთშიც. ამიტომ გადაწყდა, რომ საქართველოში კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება და მას „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“ ააშენებს.

როგორც კონსორციუმის ხელმძღვანელმა თამაზ ჩხიკვიშვილმა განაცხადა, პირველ გემს პორტი 2020 წელს მიიღებს, ხოლო ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. თანხა დროთა განმავლობაში შეიძლება კიდევ გაიზარდოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ახლაც წარმატებით მიმდინარეობს. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ თანამშრომლობის მემორანდუმს წინა კვირას მოაწერეს ხელი.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ „ეიპიემ ტერმინალსი“ სულაც არ ფიქრობდა ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენი ორიოდე თვის წინათ აცხადებდა, რომ ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავდა.

აქედან გამომდინარე 2020 წელს საქართველოს შესაძლოა, ორი ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს. მშენებლობა უკვე დაიწყო და სავარაუდოდ, 3 წლის შემდეგ პორტი პირველ ტვირთს მიიღებს. მშენებლობის პირველი ფაზისთვის 540 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

ბიზნეს მედიასთან ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შესახებ გაკეთებულ განცხადებამ მყისიერი გამოხმაურება ჰპოვა კონკურენტებში. „ეიპიემ ტერმინალსის“ დამოკიდებულებას არასერიოზულს უწოდებს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი. მისი აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ეს არის, უბრალოდ, განცხადება, რომელიც ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია. გასაკვირია მათი პოზიცია, რადგან აქამდე კომპანიის მფლობელები ამბობდნენ, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება არ აქვს. ახლა კი აცხადებენ, რომ გაფართოებას აპირებენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში კომპანიამ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ერთი დოლარის ინვესტიციაც არ განახორციელა, ხშირად იყო დაკეტილი და ეს ლოჯისტიკური კომპანიებისთვის ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა. მათ სერვისის გაუმჯობესებაზე არ უფიქრიათ. შესაძლოა მათ განცხადება სხვა მიზნებს უფრო ემსახურებოდეს. ამ პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, ასეთი დიდი მოცულობის პორტის ასაშენებლად 100 მილიონი დოლარი საკმარისი არ იქნება: „თანხა, რომელიც მათ დაასახელეს, არარეალურად მეჩვენება. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 100 მილიონი დოლარი საკმარისი ვერ იქნება. მხოლოდ ამწეების შესყიდვა 50 მილიონი დოლარი ჯდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბოჭორიშვილმა.

„თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი“ მამუკა ხაზარაძე შედარებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ახალი ინიციატივასთან დაკავშირებით. „საკმაოდ საინტერესო პროცესი დაიწყო. მალე, ალბათ, კიდევ ბევრი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შესახებ გავიგებთ“, - ასე გამოეხმაურა ხაზარაძე ფოთის პორტის მიერ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის დაანონსებას.

საინტერესოა რამდენად არის შესაძლებელი უშუალოდ ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა. ეს აკვატორია იმით არის ცნობილი, რომ ნაპირთან წყლის დონე ძალიან დაბალია და იქ დიდი ტვირთამწეობის გემებს მიახლოება არ შეუძლიათ. ამიტომ სპეციალურ ტექნიკას მუდმივად უხდება მუშაობა აკვატორიის დასაღმავებლად, თუმცა საქმეს ესეც არ შველის. დიდი გემები, როგორც წესი, ნაპირიდან მოშორებით დგებიან და შედარებით მომცრო საწყლოსნო საშუალებებზე მიმდინარეობს ტვირთის გადაზიდვა და შემდგომ ტერმინალებში განთავსება.