2018 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გაზრდის. დამტკიცებული ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, 2018 წელს, საქართველო რუსეთიდან გაზს არ შეიძენს, შესაბამისად, ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი რჩება, საიდანაც 2,679 მლრდ კბ/მეტრი ბუნებრივი აირის შეძენაა დაგეგმილი. რამდენად მოახერხებს მეზობელი ქვეყანა საქართველოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას, ეს რთული საკითხია. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ამასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა და საქართველოს ალტერნატიული გზების მოძებნა მოუხდა. მას შემდეგ მოწოდების საკითხი თითქოს დარეგულირდა, მაგრამ მოთხოვნაც დიდი სისწრაფით გაიზარდა. მაგალითად, 2016 წელს საწართველომ აზერბაიჯანიდან 1,32 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო, 2017 წელს კი 2.2 მლრდ კბ/მეტრი, წელს კი 2,679 მლრდ კბ/მ-ს ითხოვს. გამოდის, რომ 2 წელიწადში მოთხოვნა გაორმაგდა.
„საქართველოს გაზის დამტკიცებულ ბალანსში, 2018 წელს არ არის გათვალისწინებული რუსული გაზი. ეს მოცულობა ჩანაცვლდება აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტით. გაზის ფაქტიური მოხმარება შესაძლოა შეიცვალოს ამინდის პირობების და ენერგოსადგურების მუშაობის რეჟიმის მიხედვით“, - აცხადებს „სოკარ ენერჯიჯორჯიას“ ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი.
საქართველო აზერბაიჯანიდან 2 წყაროთი იღებს გაზს უშუალოდ „სოკარის“ რესურსებიდან და „შაჰ-დენიზის“ საბადოდან.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა 2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი შარშან წლის ბოლოს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წელს საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს. ბალანსის თანახმად, 2018 წელს საქართველო 2.680 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღებას სრულად აზერბაიჯანისგან გეგმავს. კერძოდ, 1.866 მილიარდ კუბურ მეტრს „სოკარისგან“, 813,9 მილიონ კუბურ მეტრს შაჰ-დენიზისგან მიიღებს, ხოლო 9,4 მილიონი კუბური მეტრი ადგილობრივი მოპოვებაა.
2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 100 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო. მარტის შემდეგ მიწოდება აღარ განხორციელებულა. „გაზპრომთან“ გაფორმებული დოკუმენტით, რუსეთი საქართველოს სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირისთვის შესაბამის გადასახადს უხდის. დოკუმენტი 2018 წლის ბოლომდეა ძალაში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გამო ქვეყანას ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ პასუხი უნდა მოეთხოვოს.
„წელს საქართველო რუსეთიდან გაზს ვერ მიიღებს. მთელი მოხმარება აზარბაიჯანული გაზით იქნება დაკმაყოფილებული. რუსულ გაზს ვერ შეიძენს, რადგან „გაზპრომისგან“ ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული ფული ძლივს ფარავს გაზის სომხეთის საზღვრამდე მიტანის ხარჯებს. საყიდლად არაფერი რჩება. ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
„გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას იმით ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანს გაზი არა აქვსო, აზერბაიჯანის მილსადენებს გამტარუნარიანობა არ ჰყოფნისო, რუსული გაზის გარეშე დანაკლისს ვერ შევივსებთ და ზამთარში გავიყინებითო. ყველაფერი იყო სიცრუე. ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა ქვეყანას. ამაზე მოეთხოვებათ პასუხი“, - განაცხადა გოცირიძემ.
ცალკე საკითხია გაზრდილი მოთხოვნის პირობებში რამდენად შენარჩუნდება სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს დამატებითი მოცულობის შეძენა კომერციული ტარიფით უწევს, რაც საშუალო შეწონილი ფასის მატებას იწვევს.