[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]
რუსთავში, კოსტავას გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის” ფილიალში მისულ რუსთაველებს სიახლე დახვდათ.
„ამ თვის ჩათვლით, წყლის გადასახადის გადახდისას საკომისიოს სახით 25 თეთრის გადახდა მოგიწევთ“ – უხსინიდა ბანკის ოპერატორი რუსთაველებს.
„არ ვიცით რატომ დაწესდა საკომისიო“ – მოგვიანებით ჩვენ გვპასუხობდნენ ბანკის ოპერატორები.
წყლის გადასახადზე საკომისიოს გადახდა, დედაქალაქისთვის შეიძლება ახალი ამბავი არაა, თუმცა რუსთავისთვის ასეცაა.
„ლიბერთი ბანკში არც წყლის და არც ელექტორენერგიის გადასახადზე საკომისიოს არ ვიხდიდით. ახლა, გესმოდათ თქვენც, წყალთან დაკავშირებით რაც გვითხრეს. 25 თეთრი ჩემთვის რთული დასამატებელი არაა, მაგრამ პენსიონერებისთვის და გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომლებიც გადასახადებს ვერ აუდიან ეს დამატებითი საზრუნავია. მყავს მეზობელი, რომელიც საჭმელს გაზზე არ აცხელებს და ზამთარში მხოლოდ, ძილის წინ რთავდა ნახევარი-საათით გამათბობელს. ასეთი ოჯახებისთვის 25 თეთრი პრობლემაა“ – ამბობს „ლიბერთი ბანკის“ რიგში მდგომი რუსთაველი, მზია მეტრეველი.
პრესაგე.ტვ დაინტერესდა, თუ რა თანხის საკომისოები აქვთ დაწესებული რუსთავში მომუშავე კომერციული ბანკების ფილიალებს. „ჩვენთან ვერცერთ კომუნალურ გადასახადს ვერ გადაიხდით. ეს სერვისი რუსთავისთვის არ გვაქვს. თუ თბილისელი ბრძანდებით, იმ შემთხვევაში შეგვიძლია კომუნალურ გადასახადებზე მოგემსახუროთ“ – გვითრეს „თი-ბი-სი“ ბანკის რუსთავის ფილიალში.
გავარკვიეთ, რომ კომუნალური გადასახადის გადახდა შეგვიძლია „პროკრედიტ ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“.
„ყველა სახის გადასახადი შეგიძლიათ გადაიხადოთ. საკომისიოს შეადგებს 50 თეთრს - ანუ, წყალს, ელექტროენერგიას და გაზსს, თუ იხდით საკომისიოს სახით ტოვებთ 1.50 თეთრს. საკომისიო 40 თეთრს შეადგენს, თუ ჩვენი ბანკომატით გადაიხდით, თუმცა ეს მომსახურება სამწუხაროდ, მხოლოდ ელექტროენერგიის გადასახადზე გვაქვს“ – გვითხრეს „საქართველოს ბანკში“.
ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე 50 თეთრი აქვს დაწესებული „პროკრედიტ ბანკსაც“. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ აღნიშნულ ბანკში „ენერგო-პროს“ რუსთავის კლიენტებს ვერ ემსახურებიან. ბანკმა რუსთავში კომუნალურ გადასახადებზე საკომისიო თვე-ნახევრის წინ დააწესა, მანადე მომსახურება უფასო იყო.
ვუბრუნდებით „ლიბერთი ბანკს“. ყველაზე მეტი კლიენტი და ყველაზე გრძელი რიგები ზამთარ-ზაფხულ სწორედ ამ ბანკის კართანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა წყლის გადასახადზე საკომისიო დააწესა, საეჭვოა ამან კლიენტების რაოდენობა მოაკლოს. ბანკში უფასოა გაზის, ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადის გადახდა. ხოლო, მათ ვინც საათობით „ლიბერთი ბანკის“ რიგებში დგომას ვერ შეწირავს თავისუფალ დროს, გადახდა სხვაგან მოუწევს, სადაც თითო გადასახადზე 50 თეთრს გადაახდევინებენ.
საკომისიოებს „ლიბერთის“ რუსთავის ფილიალი ნელ-ნელა სხვა გადასახადებზეც დააწესებს თუ არა უცნობია.
კომერციულ ბანკებში კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ საკომისიოებს გასულ წელს „უსამართლო“ უწოდა საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზურაბ მელიქიშვილმა. მან საქმეში გარკვევა და „უსამართლობის“ გამოსწორება მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დაავალა.
„თუ ეს გაუგებრობაა, საკითხი ბანკებთან გაარკვიეთ და შესაბამისი ინფორმაცია მოგვაწოდეთ“ – აცხადებდა პარლამენტის ტრიბუნიდან ზურაბ მელიქიშვილი.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და პრობლემად დასახელებული საკითხი, საპარლამენტო უმრავლეოსაბას მეხსიერებიდან ამოუვარდა. სამაგიეროდ, რუსთაველს კარგად მოუწევთ იმის დამახსოვრება, რომ წყლის გადასახადის გადახდისას, სახლებიდან 25 თეთრიც უნდა გამოაყოლონ.