ბრძოლა 100 მილიონისთვის

ბრძოლა 100 მილიონისთვის

[ინგა კუხიანიძე]

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ებრაელი ბიზნესმენების ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმის განხილვა, შესაძლოა, დღეს დასრულდეს. სასამართლო კამათის ეტაპზეა. ბრალდებულთა ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა დაცვითი სიტყვა უკვე თქვა და დაკავებულთა გამართლება მოითხოვა. შეგახსენებთ, ებრაელი ბიზნესმენების ხმაურიანი დაკავება ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს მოხდა. მაშინ, მთავარი პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ „ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კორუფციული გარიგების ფაქტი გამოვლინდა...“

პროკურატურის ცნობით, ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოში საქმიანობა 1991 წელს, კომპანია „ტრამექსის“ დაარსებით დაიწყეს. მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას საქართველოში ნავთობისა და გაზის გადამუშავების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. მაგრამ, მათ ეს უფლება 1996 წელს ჩამოერთვათ, რადგან, ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, ნავთობისა და გაზის კორპორაცია შეიქმნა. ამის შემდეგ „ტრამექსმა“ დაკარგული უფლებების აღდგენის მოთხოვნით, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა. ბიზნესმენებმა პროცესი მოიგეს და საქართველოს მთავრობას მათთვის 100 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

გამოძიების მტკიცებით, ბიზნესმენები 7 მილიონის სანაცვლოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან ითხოვდნენ საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაესაჩივრებინა და მათ თანხის დროულად მიღებაში დახმარებოდა.

ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი 339-ე მუხლის მესამე ნაწილით გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი სახელმწიფო მოხელისათვის ქრთამის მიცემაში დამნაშავედ ცნო. ზეევ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით აღუკვეთა თავისუფლება, მასვე დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დააკისრა. რონი ფუქსს კი 7 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.  დამატებით, 500 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს.

თავად ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ.   

არჩილ კბილაშვილი, ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატი:
- სააპელაციო სასამართლოში შევეცადეთ დაგვეკითხა ის ადამიანები, რომელთა დაკითხვაზე პირველმა ინსტანციამ უარი თქვა და რომელთა ჩვენება მნიშვნელოვანი იყო. პრემიერ მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, მისი მოადგილის, საქართველოს მხარის ადვოკატების, უცხოელი ადვოკატების და თურქი პროფესორის დაკითხვას ვითხოვდით. ამ ადამიანებს ამ საქმეზე ინფორმაცია გააჩნიათ. რონი ფუქსი ხომ პრემიერ მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის დავალებით მოქმედებდა. ჩვენ ამაში ეჭვი გვეპარება და ვამბობთ, რომ ის პროკურატურის დავალებით მოქმედებდა, ამიტომ ვითხოვდით ფინანსთა მინისტრის დაკითხვას.

სააპელაციო სასამართლომ ეს პირები დაკითხვა?
- არ დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობები. მნიშვნელოვანი იყო თურქი პროფესორის დაკითხვა, რადგან საქმეში მტკიცებულებად დევს თურქეთში ჩატარებული ფარულად გადაღებული კადრები. ვაცხადებთ, რომ თურქეთში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არ შეიძლებოდა, თუ ეს შეთანხმებული არ იქნებოდა იმ სახელმწიფოსთან. თურქი პროფესორის დასკვნა წარვუდგინეთ სასამართლოს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნებს შორის შეთანხმების არ არსებობის პირობებში ასეთი მოქმედების ჩატარება თურქეთის კანონით, დანაშაულია. ეს მტკიცებულება კანონის დარღვევით არის მოპოვებული და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ამ მტკიცებულების საქმიდან ამორიცხვას ითხოვდით?
- ვითხოვდით, მაგრამ, მოსამართლემ ჩათვალა, რომ თურქეთის კანონმდებლობას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მოცემულ შემთხვევას საქართველოს კანონმდებლობით იხილავს.

მაგრამ ოპერატიული ღონისძიება ხომ იქ ჩატარდა?
- ეს ლოგიკური კითხვაა, მაგრამ, როცა სასამართლო ამბობს საპირისპიროს, აღარ გრჩება სხვა უფლება, ეს შემდგომ, შენს საჩივარში უნდა თქვა და გაასაჩივრო.

სასამართლომ არც ერთი მოწმე არ დაჰკითხა?
- მხოლოდ ორი გამომძიებლის დაკითხვა დაგვიკმაყოფილა, რაც სხვა მოწმეებთან შედარებით, უმნიშვნელო იყო.

ამტკიცებთ, რომ ებრაელი ბიზნესმენები უდანაშაულოები არიან, მაშინ რაში დასჭირდა ხელისუფლებას მათი დაკავება?
- სახელმწიფოს დაკისრებული 100 მილიონი მათთვის რომ არ გადაეხადა, ამიტომ შემუშავდა დანაშაულის პროვოცირების გეგმა. თუ გამოაშკარავდებოდა, რომ გამარჯვებულმა ინვესტორებმა საქართველოში კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს და თუ მოხდებოდა მათი დაპატიმრება, მაშინ შესაძლებელი იყო თავისუფლების სანაცვლოდ, მათ უარი ეთქვათ მოგებულ 100 მილიონზე და ეს საკითხი ასე გადაწყდებოდა. ყველაფერი წინასწარ დაიგეგმა, ამ მიზნის შესასრულებლად ძალოვანი სტრუქტურის ოპერატიული თანამშრომელი, ავთანდილ ხარაიძე, პროფესიით იურისტი, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მას არანაირი ეკონომიკური განათლება არ აქვს. თავის ჩვენებაში ხარაიძემ თქვა, რომ ეს მისი პირველი სამსახური იყო. მანამდე შპს „ინტერ პლასში“ იურისტად მუშაობდა. მინისტრის მოადგილედ დაინიშნა იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრი, ბაინდურაშვილი, მისი ბავშვობის მეგობარია. დაკითხვისას თქვა, - არ მახსოვს, თანამდებობაზე დანიშვნის წინ პრემიერ მინისტრს შევხვდი თუ არაო. ეს განმარტება მართლა უცნაურია. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს მოადგილეებს, შეიძლება შეხვდე ან არ შეხვდე მას, მაგრამ, არ გახსოვდეს შეხვდი თუ არა, უცნაურია.

ამ თანამდებობაზე პირი პრეზიდენტის თანხმობით ინიშნება. ძალიან საყურადღებოა ერთი გარემოება. ხარაიძე თანამდებობაზე ბიზნესმენების დაკავებიდან 6 დღით ადრე ინიშნება. ქართულ მხარეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა გამარჯვებულ რონი ფუქსთან და მან გარკვევით თქვა, რომ მოლაპარაკებას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენელთან გამართავდა.

ფუქსი ვის ესაუბრა?
- ეს სატელეფონო საუბარი შედგა ისრაელში მყოფ ზეევ ფრენკელს და ავთანდილ ხარაიძეს შორის. ხარაიძემ ჩვენებაში თქვა, ფრენკელმა მას ფუქსის მოსაზრება გადასცა. ფუქსი არის გამარჯვებული ინვესტორი, ფრენკელი კი შუამავალი. ამ საუბრიდან სამი დღის შემდეგ, მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს დებულებაში ცვლილება შედის და 5 მოადგილის ნაცვლად, მეექვსე მოადგილის თანამდებობა ჩნდება. კიდევ სამი დღის შემდეგ, ხარაიძე ინიშნება ამ თანამდებობაზე. ჩვენ მტკიცებულებებით ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმა.

დამატებით, ახალი მოადგილის დანიშვნა რა აუცილებლობას წარმოადგენდა, პროვოკაციაში არსებული მოადგილეებიდან რომელიმეს გამოყენება არ შეიძლებოდა
- ამისთვის ოპერატიული მუშაკი იყო საჭირო. სწორედ, ხარაიძის დანიშვნის შემდეგ, ფრენკელი საქართველოში ჩამოდის, ხვდება მინისტრის მოადგილეს და მის კაბინეტშია გადაღებულია 6 შეხვედრა, სადაც მიდის მოლაპარაკება მათ შორის. გამოძიებამ 7 ჩანაწერი წარმოადგინა, მეშვიდე სტამბულშია ჩაწერილი, მაგრამ მთავარი შეხვედრის, ჩანაწერი არ არსებობს. საუბარია 2010 წლის პირველი სექტემბრის შეხვედრაზე, როდესაც ფრენკელი ჩამოვიდა ისრაელიდან და პირველად შეხვდა მინისტრის მოადგილეს. ხარაიძე წინა დღის დანიშნული იყო. ის ამბობს, რომ იმ დღეს ფრენკელმა ფუქსის სახელით მას ქრთამად 7 მილიონი შესთავაზა, იმისათვის, რომ მათთვის განკუთვნილი თანხა სწრაფად მიეღოთ. ამ დღეს შედგა მოჩვენებითი შეთანხმება, მინისტრის მოადგილემ 72 მილიონი შესთავაზა და დარჩენილ 28 მილიონზე მათ უარი თქვეს. ამ 72 მლნ-იდან 7 მილიონი უკან უნდა დაებრუნებინათ ებრაელებს, მას შემდეგ რაც ამ თანხას მიიღებდნენ.

რატომ?
- მართალია ბრალდების მტკიცებით, ეს 7 მილიონი არის ქრთამი, მაგრამ დაკავებულები ამბობენ, რომ ეს პრემიერ-მინისტრის მოთხოვნა იყო. ითხოვდა 7 მილიონი ინვესტიციაში ჩაედოთ.

რა სფეროში უნდა განეხორციელებინათ ინვესტიცია?
- რომელ სფეროსაც პრემიერ მინისტრი დაასახელებდა, იქ უნდა ჩაედოთ ეს თანხა. ეს მოთხოვნილი იყო იმისთვის, რომ სახელმწიფოს ამხელა თანხის გადახდა გაემართლებინა. გარკვეული პიარ-აქციას ჩაატარებდნენ და იტყოდნენ, მართალია, სახელმწიფომ ეს თანხა გადაიხადა, მაგრამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ინვერსტიციის სახით ისევ ბრუნდება ქვეყანაში. ეს ჩანაწერი არ არსებობს. დანარჩენ შეხვედრებზე კი უკვე საუბარია, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხის გადაცემა. გამოძიების მტკიცებით, ფინანსთა მინისტრმა დაავალა მოლაპარაკებები ეწარმოებინა ხარაიძეს და ამ მოლაპარაკების პროცესში ის დააწინაურეს. დანიშვნიდან მეორე დღეს კი ქრთამი შესთავაზეს.

2 სექტემბერს ოფიციალურად იწყება საქმეზე გამოძიება ხარაიძის  ჩვენების საფუძველზე. არადა, ვხედავთ, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება იურისტი, რომელიც მხოლოდ ქართულად და რუსულად საუბრობს და ფინანსთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობებს კურირებს, ეს დამაჯერებელია? თან ფინანსთა სამინისტროს კადრისთვის შეუფერებელ ცოდნას ამჟღავნებს. არ იცის, რას ნიშნავს ფულის მიმოქცევა, საბანკო გარანტია და აშ. როცა ეს სახეზეა, საფუძვლიანი ეჭვები ჩნდება. პროცესზე გვსურდა გაგვერკვია, რომელ სამმართველოში მუშაობდა, ვინ იყო მისი უშუალო უფროსი, მაგრამ სასამართლომ ეს კითხვები მოგვიხსნა. უბრალოდ, იმიტომ, რომ ეს რთული კითხვები იყო და ხარაიძე ამაზე პასუხს ვერ გასცემდა. არ უმუშავია იქ და რა უნდა ეთქვა? ფაქტია, დაიგეგმა პროვოკაცია და განხორციელდა.

ბოლომდე არ გაუმართლათ. ეს 100 მილიონი ორ ადამიანს ეკუთვნის. მოსაწვევი ორივეს გაეგზავნა, მაგრამ მხოლოდ ერთი ბიზნესმენი ჩამოვიდა. ისიც რომ დაეკავებინათ ეს საკითხი იოლად გადაწყდებოდა.

დაპატიმრებულმა ადამიანმა მოსალოდნელია თავისუფლების სანაცვლოდ თანხაზე უარი თქვას. ამ შემთხვევაში მაქსიმალური რაც შეიძლება მიეღოთ, ფუქსი თავის 50 პროცენტზე იტყოდა უარს, მაგრამ მეორე 50 მლნ-ი გადასახდელი მაინც რჩებოდა.

ამ ლოგიკით, შესაძლოა, ხელისუფლებას 50 მილიონის გადახდა მოუწიოს?
- არა, 100 მილიონი მთლიანად გადასახდელი რჩება.

ისრაელის სახელმწიფოს პოზიცია დღეს როგორია?
- მათი დაკავებისთანავე ისრაელის პრეზიდენტი საქმეში ჩაერთო. როდესაც მათთვის საქმის დეტალები და განაჩენი გახდა ცნობილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონის დეპატრამენტის თავმჯდომარემ ფალსიფიცირებული განაჩენი უწოდა ამას და ამიტომ, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ისინი განთავისუფლდნენ. ფაქტია, ურთიერთობა გაფუჭდა ორ ქვეყანას შორის. მათი დაკავების დღეებში, ოქტომბერში, ოფიციალურად, დაგეგმილი იყო ისრაელში პრემიერ- მინისტრის ვიზიტები, რაც ისე გაუქმდა, რომ მიზეზი არც უთქვამთ ქართული მხარისთვის.

ორი თვის წინ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტიც გაუქმდა და მაშინ ისრაელის პარლამენტის პრეს-სპიკერმა განაცხადა პირდაპირ, რომ ჩაშლის მიზეზი ბიზნესმენების დაკავება იყო. საქართველოს ნაკრების თამაშს ისრაელში არც ერთი ოფიციალური პირი არ დასწრებია, უბრალოდ, იმიტომ რომ, იცოდნენ, მათ, როგორც ოფიციალურ პირებს არ მიიღებდნენ. ალბათ, უღირდა სახელმწიფოს ეს 100 მილიონი, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი თანხაა. რადგან ისინი ციხეში არიან, საკითხი კვლავ გადაუჭრელია.

სააპელაციო სასამართლოში საქმის მოგების იმედი გაქვთ?
- არა, ყველამ ვიცით, ეს საკითხი სასამართლოში რომ არ წყდება და რატომ უნდა გავბრაზდეთ მოსამართლეზე?

როგორც ვიცი, საქართველოს პრეზიდენტს სთხოვეთ მათი შეწყალება, განცხადებაზე პასუხი ხომ არ მიგიღიათ?
- შეწყალება დაკავებულთა შვილებმა ითხოვეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და არა დანაშაულის მონანიების გამო. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. რეალურად ამას შედეგი არ მოჰყოლია.

რას აპირებთ?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ აღსრულებას დაექვემდებარა და 100 მილიონის გადახდა უნდა მოხდეს. ეს უკვე ახალ რეალობებს ქმნის, ამან შეიძლება დააჩქაროს მათი ციხიდან გათავისუფლება.

თავისუფლების სანაცვლოდ ამ თანხა საბოლოოდ დათმობენ?
- დაკავებამდე თანხმდებოდნენ 65 მილიონის მიღებას. ახლა, როცა პატიმრობაში არიან შესაძლოა, კიდევ მეტი დათმონ, მაგრამ მთლიან თანხას ვერ დათმობს ფუქსი, რადგან მას არ ეკუთვნის ეს თანხა მთლიანად.

თავის წილს მთლიანად დათმობს?
- შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფოს სურდა მთლიანად 100 მილიონი.

ვადების გადაცდენის შემთხვევაში პროცენტი დაერიცხება სახელმწიფოს?
- თვეში 350 ათასი დოლარი ერიცხებათ. ფუქსი ის პატიმარია, რომელიც დღეში 10 000 დოლარს გამოიმუშავებს. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა ეძებოს შეთანხმების გზები.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა თურქი ნარკორეალიზატორები გაათავისუფლა ციხიდან და თურქეთის პრეზიდენტს გადასცა, ხომ არ არის მოსალოდნელი ეს გზა ამ შემთხვევაშიც გამოიყენონ?
- აქ 100 მლნ-ზეა ლაპარაკი. ფაქტია, თანხა გადასახდელია. როგორც ვიცი, რომში 1-ელ ივნისს ისრაელის პრეზიდენტი კვლავ ესაუბრა ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტს. ანუ განხილვა გრძელდება. ვიცით, სააპელაციო სასამართლოში  წავაგებთ პროცესს, მაგრამ გვინდა დამაჯერებლად წავაგოთ.

შესაძლოა მეგობრის თავისუფლების სანაცვლოდ ფუქსის პარტნიორმა თავისი წილი  დათმოს?
- ასე არ დგას საკითხი. უამრავი ხარჯებია, უამრავი ვალდებულობებია. როგორც ვიცი, საუბარი გადასახდელი თანხის შემცირებაზე მიდის, მაგრამ არა განულებაზე.