[მანანა ნოზაძე]
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ პაპასქირი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს მხრიდან სრული კაპიტულაცია იქნება და დაამტკიცებს, რომ აფხაზები მართლები ყოფილან და საუკუნეების წინ ქართველები თურმე ხიზნებად შეუფარებიათ.
მამუკა არეშიძის განცხადებამ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თქვენ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, როგორ შეაფასებთ არეშიძის წინადადებას?
– ამგვარი განცხადება აბსოლუტურად კაპიტულანტურია. უტოპიურ მოსაზრებას გვთავაზობს, თითქოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას თუ ვაღიარებთ, დევნილებს დააბრუნებენ და რუსეთის ჯარი გავა. სხვათაშორის, ამ დღეებში თამარ ჩხეიძის კომენტარი წავიკითხე და მას ბევრ რამეში ვეთანხმები. თუ დღეს ძირძველი ქართული მოსახლეობის დაახლოებით 60% გააფხაზებულია, ამის შემდეგ ნახეთ, რაც მოხდება. სულ რაღაც 50 წელიწადში იმ ქართველებისგან, რომლებიც „დამოუკიდებელ“ აფხაზეთში დაბრუნდებიან, ნამდვილ აფხაზებს მივიღებთ.
მეტიც, დიდხანს კიდევ თუ გაგრძელდება გალის რაიონის დღევანდელი მდგომარეობა, მისი ქართული მოსახლეობა, შესაძლოა, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც ქართული (ძირთადად მეგრული) წარმომავლობის დანარჩენი აფხაზური მოსახლეობაა. ასე რომ, ასეთნაირად არ უნდა დაისვას საკითხი.
გამოითქვა მოსაზრება, რომ მამუკა არეშიძე ამ აზრს დამოუკიდებლად ვერ გამოთქვამდა.
– მეც მაქვს ეჭვი, რომ ეს მოსაზრება გარკვეული წრეებიდან მოდის. ვერ დავაკონკრეტებ, საიდან. არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ ეს რუსეთის მიერაა ინსპირირებული. იქნებ, საკითხის შიდა ზონდირებაც ხდება, თუ როგორ მიიღებს ქართული საზოგადოება ამ თვალსაზრისს. აფხაზების, როგორც აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის, რომლის 60%, როგორც უკვე აღვნიშნე, XVI-XVIII საუკუნეებსა და უფრო გვიან გააფხაზებულ ქართველთა შთამომავალია, და რომელსაც სხვა სამშობლო არ გააჩნია, თვითგამორკვევის უფლება შეუვალია, მაგრამ რა ვუყოთ აფხაზეთის მკვიდრ ქართველობას, რომელსაც ასევე აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენი მოძმე აფხაზების ისტორიული დანაშაული სწორედ ქართველებისათვის ამ უფლების წართმევაში მდგომარეობს.
ორი მოძმე ერი ძირეულ საკითხში ერთმანეთს დაუპირისპირდა – გამოდევნილი ქართველობისთვის სამშობლო ერთიანი საქართველოა, ანუ მათ აფხაზეთის დანარჩენი საქართველოსაგან მოწყვეტილად ვერ წარმოუდგენია, იქ დარჩენილი აფხაზი სეპარატისტებისთვის კი სამშობლო მხოლოდ საკუთრივ აფხაზეთია – ფსოუდან ენგურამდე.
ახლა ჩვენ დღეს აფხაზეთი რომ ვაღიაროთ, გამოდის, რომ თურმე აფხაზები სწორად მსჯელობდნენ, რომ თითქოს, ეს მათი სამშობლო ყოფილა და ჩვენ სტუმრის, ხიზნის სტატუსით გვიცხოვრია აფხაზეთში. მაშინ ან რატომ ვიომეთ, ან რატომ დაიხოცა ამდენი ხალხი? ჩვენ ხომ საქართველოს ერთიანობისთვის ვომობდით, ჩვენ ხომ აფხაზეთს ვიცავდით? ახლა კი ეს სრული კაპიტულაციაა.
რაც რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს?
– რასაკვირველია. მთელი დიპლომატიური ჭიდილი მიმდინარეობს საერთაშორისო არენაზე. რუსეთი მათ აღიარებას ცდილობს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი უნდა, არამედ როგორც კი მსოფლიო აღიარებს აფხაზეთს, რუსეთი მეორე დღესვე მოაწყობს რეფერენდუმს და ჩაიბარებს აფხაზეთს, როგორც საკუთარი სახელმწიფოს ნაწილს. ეს ელემენტარული პოლიტიკური გათვლაა.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხელისუფლება ამ კომპრომისზე წავიდა და აღიარა, რუსეთი ამის შემდეგაც ხომ გააგრძელებს აფხაზების გენოციდს? თუ ეს გამორიცხულია, რაკი ქართული მოსახლეობა დაბრუნდება?
– აფხაზების ერთადერთი ხსნა ქართული მოსახლეობის დაბრუნება და ქართული მოსახლეობის გააფხაზებაა. იმასაც კი ამბობენ, რომ სერგეი ბაგაფშმა სიკვდილის წინ თურქეთში ყოფნისას გათურქებულ აფხაზებს მოუწოდა, დაბრუნდით, თორემ ვიღუპებით, არც მიწა გვექნება და არც ენაო. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ეს გამონათქვამი გახდა მისთვის საბედისწერო და ამის გამო მოუსწრაფეს მას სიცოცხლე მოსკოვში. ბაღაფშის ეს იდეაც უტოპიურია, რადგან რუსულ აფხაზეთში „თურქი აფხაზი“ არ დაბრუნდება. შესაძლოა, დაბრუნდეს ათი, ოცი, ასი კაცი, მაგრამ მასობრივად არ დაბრუნდებიან.
რატომ, არ ენდობიან რუსებს?
– არა, რუსულ აფხაზეთში არ დაბრუნდებიან. რუსულ აფხაზეთს გაექცნენ ისინი აქედან და ახლა მობრუნდებიან? იქ დაწყობილი, დალაგებული ცხოვრება აქვთ. თურქეთი წარმატებული ქვეყანაა. აქ ერთი პრინციპული საკითხია, რის გამოც მამუკა არეშიძის მესმის. ამჟამად ისეთი ვითარებაა შექმნილი, ძალიან ძნელია აფხაზისა და ქართველის ერთ ტაძარში შეყვანა. პირადად მე ვერ წარმომიდგენია ისეთ სოხუმში დაბრუნება, სადაც ჟიული შარტავას ქუჩა არ იქნება. მაგრამ, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უტოპიურად მიმაჩნია აფხაზებისა და ქართველების ისეთი სოხუმიც, სადაც პოლიტიკოს არძინბასა (სხვა საკითხია მისი მეცნიერული ღვაწლი) და შარტავას ქუჩები პარალელურად იქნება.
ამიტომ დღეს მე, ზოგადად, უკვე არ გამოვრიცხავ, რომ, პერსპექტივაში, მართლაც დაიწყოს დიალოგი ამჟამინდელი აფხაზეთის – ქართულ-აფხაზური საერთო სახლის – ერთგვარ ტერიტორიულ გადანაწილებაზე, მაგრამ არა ისეთ კაპიტულანტურზე, როგორსაც ბატონი მამუკა გვთავაზობს. თანაც ეს უნდა მოხდეს არა დღეს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა, თანდათანობით, სულ უფრო ამკაცრებს შეფასებებს რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მიმართ და არაორაზროვნად აღიარებს კრემლის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის ფაქტს, არამედ მაშინ, როდესაც რუსეთის ფაქტორი მინიმუმადე იქნება დაყვანილი და ჩვენ და აფხაზებს მოგვეცემა პირისპირ, მესამე მხარის ჩაურევლად მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის საშუალება.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ამაზე ქართული მხარე უნდა წავიდეს უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ყველა სხვა შესაძლებლობა ამოიწურება და აფხაზ თანამოძმეთა დედა-სამშობლოსკენ მობრუნების იმედი საბოლოოდ გაქრება. ღმერთმა ნუ ქნას, ბაგრატ III-ის საფლავი მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიღმა დარჩეს.
როგორც საქართველოს გამაერთიანებლის?
– დიახ, რაც არ უნდა იძახონ, ეს ასეა. ამას წინათ სოხუმში აფხაზმა ახალგაზრდებმა ბაგრატის მთაზე ეკოლოგიური აქცია მოაწყვეს. აღნიშნეს, ეს მთა აფხაზთა მეფე ბაგრატის სახელს ატარებსო. ყველა გამვლელ-გამომვლელს ეუბნებიან, რომ იგი აფხაზი მეფეა. ჩვენ, ზოგადად, არ შეგვიძლია, აფხაზს კატეგორიულად წავართვათ თვითგამორკვევის უფლება, მაგრამ ის, რომ აფხაზებმა მთელი აფხაზეთი წაიღონ, ამ დროს კი, ჩვენ მათ მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა ვაღიაროთ და თურმე მხოლოდ გალის რაიონისთვის განსაკუთრებული სტატუსი მოვითხოვოთ, ეს აბსურდი და სრული ისტორიული უსამართლობაა.
ქართული მოსახლეობა რომც დაბრუნდეს, ალბათ, მათ ისევ პრობლემას შეუქმნიან და ისევ გამოძევების წინაშე დადგებიან?
– ქართული მოსახლეობა აფხაზეთში დღესაც დაბრუნდება, ოღონდ მხოლოდ იმ პირობით, თუ ის აღიარებს აფხაზეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს და ცნობს მის კონსტიტუციას. ასეთ ვითარებაში, „ოფიციალური სოხუმი“ არა თუ რიგით ქართველს, რომელსაც სამხედრო დაპირისპირებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, არამედ ისეთ ოდიოზურ ფიგურასაც კი, როგორიც (ყველასათვის ცნობილი შეურიგებლობით სეპარატისტული იდეოლოგიისადმი) მე გახლავართ, სიამოვნებით მიიღებენ. ამისთვის სრულიად საკმარისი იქნება სათანადო განცხადებით მივმართო სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს.
ამას აიტაცებენ აფხაზები. დაცვასაც დამიყენებენ და პირველი კაცი ვიქნები აფხაზეთში. დევნილების დაბრუნება არასდროს ყოფილა თვითმიზანი. დევნილები იქიდან გამოვიდნენ იმის გამო, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი არ უნდოდათ. ქართველს საკუთარ სამშობლოში ცხოვრება სურდა. ახლა ჩვენ სხვა ქვეყანაში დავბრუნდეთ და იქ დიასპორა შევქმნათ?! დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა იმიტომაა დევნილი, რომ არ ცნობს აფხაზეთის სახელმწიფოს.
არეშიძის განაცხადმა იმოქმედა დევნილებზე?
– არა მგონია, ვინმეს ეს სერიოზულად მიეღო. ასეთ რამეს ვერ ვამჩნევ. ბატონ მამუკას, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ისტორიული აფხაზეთის საერისთავოს ტერიტორია, რომლის საზღვარი დანარჩენ საქართველოსთან XVII საუკუნემდე ანაკოფია-ახალ ათონს არ სცილდებოდა, რომ ეთქვა სოხუმის ჩათვლით, დავიბრუნოთ მიწა-წყალიო, კიდევ შეიძლებოდა რაღაცაზე საუბარი. თუმცა ესეც ძალიან მძიმეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი ისტორიულად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მთავარი ცენტრია დასავლეთ საქართველოში, რომლის განსაკუთრებული სტატუსი, ამ ბოლო დროს, სავსებით სამართლიანად დაფიქსირდა კიდეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურაში.
თამრიკო ჩხეიძემ მამუკა არეშიძის განცხადება ღალატად შეაფასა.
– დიახ, ის პირდაპირ ღალატად აფასებს, მაგრამ მე სიტყვა „კაპიტულანტურს“ ვამჯობინებ. „ღალატის“ თქმას მაინც მოვერიდები, რადგან შინაგანად ბატონი მამუკას პატიოსნების მჯერა. მას, როგორც პიროვნებას, დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, მინდა დავიჯერო, რომ საკითხის ამ ფორმატით დაყენება უნებლიე გადაცდომაა, რათა იქნებ მოგვარდეს და ვუშველოთ ამ კონფლიქტს. სხვათაშორის, ბატონი მამუკა არ გახლავთ პირველი, ვინც ამგვარი მოსაზრება წამოაყენა.
განცხადება ქართული სახელმწიფოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის მიზანშეწონილობის თაობაზე გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სოხუმის დევნილ უნივერსიტეტში გააკეთა ყველასთვის პატივსაცემმა პიროვნებამ, ბატონმა ლორიკ მარშანიამ, დიახ, ლორიკ მარშანიამ სეპარატისტების ძალადობის მსხვერპლმა, საქართველოს ერთიანობისთვის თავგადადებულმა კაცმა თავისი შეხედულება სწორედ აფხაზების საბოლოო გარუსებისაგან გადარჩენის სურვილით ახსნა.
რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი აფხაზეთში პრეზიდენტ ბაღაფშის გარდაცვალებას და ახალი პრეზიდენტის არჩევის სამზადისს?
– არაა გამორიცხული, რომ ამ იდეის ერთგვარ მოტივაციას „საპრეზიდენტო არჩევნებში“ პროქართული ბანაკის შექმნა წარმოადგენდეს. იქნებ, ვინმე ფიქრობს, რომ ამით ზოგიერთი აფხაზს მოვაბრუნებთ ჩვენსკენ. თუმცა მაშინებს სხვა რამ: პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, ვინმეს ხომ არ გაუჩნდა ასეთი აზრი – ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთი დაკარგულია და ახლა ხალხს მაინც მოვუაროთ, დევნილები მაინც დავაბრუნოთ მშობლიურ კერაზე. ედუარდ შევარდნაძის დროსაც იყო ასეთი მიდგომა. მას თავად უთქვამს არაერთხელ, რა ვქნა, სხვანაირად არ შემიძლია, დაბრუნდით, მე სხვას ვერაფერს გთავაზობთო.
შესაძლოა, ახლაც ფიქრობდნენ, თუ ჩვენ ვაღიარეთ აფხაზეთი, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთში გაჩნდეს ძალა, რომელიც მას ერთიან სახელმწიფო სივრცეში ისევ შემოიყვანს. თუმცა ამგვარი პრეცენდენტი ასე უცბად არ მახსენდება. ვიმეორებ, რუსეთმა აფხაზეთი იმიტომ კი არ აღიარა, რომ იქ დამოუკიდებელი აფხაზეთი სურს. ერთ მშვენიერ დღეს, როცა იქ ყველაფერს დაალაგებს და მსოფლიო თანამეგობრობის ნორმალურ წევრად „გააფორმებს“, მეორე დღესვე მოაწყობს რეფერენდუმს. იქ უკვე იმდენი რუსი, სომეხი ცხოვრობს, რომ ნებისმიერ გამოკითხვას მოსკოვი თავის სასარგებლოდ წარმართავს.
აფხაზეთის დღევანდელ არჩევნებში სამი სავარაუდო კანდიდატია. ერთი – სერგეი შამბა – გამოკვეთილად კრემლის, რომელიც პირადად პუტინის მიერაა წამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თვით სერგეი შამბამ ღიად განაცხადა, თუ, ფაქტობრივად, როგორ შესთავაზა პუტინმა მას პრეზდენტობა და იკითხა – რამდენად შეძლებდა ის ანქვაბთან დაპირისპირების აცილებას.
არის მეორე კანდიდატი – რაულ ხაჯიმბა, რომელიც ბოლო დროს ნაციონალისტური ბანაკის კანდიდატად გამოიკვეთა. იგი აცხადებს, რუსების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მსურს თანასწორუფლებიანი ურთიერთობა რუსეთთან. ამ ორ კანდიდატს შორის შუალედური უჭირავს ანქვაბს. ძალთა ასეთ ბალანსში აფხაზობის 90%, ჩემი აზრით, მხარს დაუჭერს ხაჯიმბას. როგორც ჩანს, აფხაზები მთლად ხელიდან წასულნი არ ყოფილან, ნაციონალური მოტივაცია აქვთ და ნაციონალური ტკივილი შერჩენიათ. ადრე ასე არ ვფიქრობდი. ცხინვალის ოსებისგან განსხვავებით, რომლებიც მთლიანად პრორუსები არიან, აფხაზეთში პრორუსული ორიენტაცია ქართველების წინააღმდეგ გამოსვლისთვის სჭირდებოდათ. როცა რუსების პირისპირ აღმოჩნდნენ, უკვე აფხაზობა დაიწყეს.
ხაჯიმბას ელექტორატის 90%, რუსებთან და სომხებთან შედარებით, რაოდენობრივად ძალიან ცოტაა, ისინი კი მოსკოვის პოზიციას გაატარებენ. გალის
რაიონი, შესაძლოა, შუაზე გაიყოს. ზოგი რუსებს მიემხროს, ზოგი – აფხაზებს. ასე რომ, ნაციონალისტური ბანაკი აგებს ამ არჩევნებს. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, მამუკა არეშიძესაც უნდოდა, რომ აფხაზეთში ისეთი ძალა მოსულიყო, ვინც ქართველებისკენ მოიხედავდა. თუმცა ეს მაინც ძალიან ნაჩქარევი განცხადებაა. ამ ეტაპზე, როდესაც დღითიდღე მწვავდება ურთიერთობა რუსებსა და აფხაზებს შორის და ფრონტის ახალი კერა ჩნდება, გამორიცხულია, ჩვენ ჩავერიოთ ამ პროცესში. არაფრით უნდა დავუშვათ ისეთი განცხადება, რომელიც რუსების წისქვილზე დაასხამს წყალს და პირდაპირ დაარტყამს აფხაზ ნაციონალისტებს.
მეუღლის ფაქტორიდან გამომდინარე, თავის დროზე ყველას ეგონა, რომ ბაღაფშიც პროქართული იქნებოდა, მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა. ამდენად, ალბათ მამუკა არეშიძესაც არ უნდა შეშლოდა, რომ მისი განცხადება აფხაზეთში პროქართულ ძალას ვერ მოიყვანდა.
მართალია, ბაღაფში, თავიდან, არც თუ უსაფუძვლოდ, მეტ-ნაკლებად „პროქართულ“ ლიდერად მოიაზრებოდა, მაგრამ 2008 წელს ის საბოლოოდ გაიყიდა. ხანდახან მის განცხადებებს რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი, რაღა ბაღაფში – ე.წ. „სუვერენული“ აფხაზეთის „პრეზიდენტი“ და რაღა კარასინი-მეთქი. თითქოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რუსულ იმპერიულ პოლიტიკას ახმოვანებდა. სხვათაშორის, აფხაზმა ნაციონალისტებმა ბაღაფში პროსაბჭოურ ნოსტალგიაში ღიად დაადანაშაულეს. მოსკოვის მერთან შეხვედრისას რა განაცხადა, იცით? რომ მოსკოვი მისთვის კვლავინდებურად დედაქალაქად რჩებოდა, რასაც აფხაზი ნაციონალისტების რისხვა მოჰყვა: რას ჰქვია, დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი ამას როგორ აცხადებსო?
ამ ეტაპზე აფხაზეთში პროქართული ძალის მოსვლა გამორიცხულია?
– ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ ანტირუსული ძალის მოსვლით უნდა ვიყოთ დაინტერესებულნი და არა – პროქართულით, რადგან პროქართული ძალა დღეს არ შეიძლება იქ იყოს. დღეს მთავარია, მკვეთრად გამოხატული ანტირუსული ბანაკი გაჩნდეს.
საამისოდ რა ბერკეტები გვაქვს, აფხაზეთში ხომ ვერაფერს შევცვლით?
– არავითარი, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან წყარად, ფრთხილად, ხელი არ შევუშალოთ პროცესებს. სხვათაშორის, ძალიან ფრთხილად იქცევა საქართველოს საპატრიარქო ბოლო დროს აფხაზეთში გამწვავებულ საეკლესიო კონფლიქტთან დაკავშირებით, არცერთი მხარის სასარგებლოდ არ აკეთებს განცხადებას, თითქოს არ ხედავს ამ პროცესებს. ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, რომ რაიმე განცხადება გააკეთოს, ამით იქაური თვითმარქვიების წისქვილზე დაასხამს წყალს, რითაც ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას. ამ თვალსაზრისით, მართლაც რომ ბრძნული და დროული აღმოჩნდა გადაწყვეტილება კათალიკოს-პატრიარქის უშუალო დაქვემდებარებაში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის შეყვანის თაობაზე.
იქაურთა რეაქცია როგორი იყო?
– ვერ გეტყვით. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მკვეთრად გამოხატული ნეგატიური განცხადებები თითქოს არ გაუკეთებიათ. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვინ ეკითხება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსო, – ასეთი რამ არ წამიკითხავს. უფრო მეტიც, ვატყობ, რომ ორივე ბანაკში – პრორუსულშიც (აპლიას ბანაკი) და ანტირუსულშიც (დბარის ბანაკი), ორივე ცდილობს, საქართველოს ეკლესიის მეთაურს მაინცდამაინც არ შეეხონ, როგორც ჩანს, აფხაზეთშიც მისი პიროვნული ავტორიტეტი დღემდე შეუვალია. მართალია, ორივე დაპირისპირებული მხარე მიიჩნევს, რომ მათ დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდათ, ზღაპრებს ყვებიან, მაგრამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიციის მიმართ გამოკვეთილად ნეგატიური დამოკიდებულება არ ჩანს.
ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. დღეს აფხაზებს სრული კარტბლანში უნდა მივცეთ, რაც უნდათ, ის აკეთონ. როგორც უნდათ, ისე მოაგვარონ რუსებთან პრობლემები. უნდა დავაკვირდეთ მათი მოქმედებების დინამიკას, მომავალი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ძალიან ბევრ რამეს გასცემს პასუხს.
თუ ხაჯიმბამ ძალიან დიდი მონდომებით იბრძოლა, დიდ შიდა დაპირისპირებასაც არ გამოვრიცხავ. ვიმეორებ, ჩვენ უნდა დავსხდეთ აფხაზებთან სალაპარაკოდ, მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის ფაქტორი მოიხსნება და ღიად ვუთხრათ, როგორ ვიცხოვროთ ერთად, შევძლებთ კი ერთად ცხოვრებას? თუ ვერა, მაშინ როგორ გავიყოთ? ცივილიზებულად გაყრა როგორ მოვახდინოთ? გამორიცხულია, რომ აფხაზებს, რომელთა სულ ცოტა 60% წარმოშობით ქართული წარმოშობისაა, ვუთხრათ, წადით ადიღეში და იქ გადასახლდით. ეს ნამდვილად არ იქნება სამართლიანი. ისინი აფხაზეთში დაიბადნენ და იქაური მკვიდრნი არიან.