"პარლამენტმა 2003 წლის 2 ნოემბრს გამართული რეფერენდუმის შედეგები გაითვალისწინა"


თარიღი: Jun 29, 2011 - 11:39 AM
ასე ფორმულირება აქვს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ანგარიშში პარლამენტის წევრთა 150-დე შემცირებას. ვაქვეყნებთ დოკუმენტებს: "საინფორმაციო გამოშვება / 2005, 17 თებერვალი, 14:20 დ ღ ე ს გ ა მ ო შ ვ ე ბ ა შ ი ა: 1. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიხსნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით 17 თებერვლიდან განსაზღვრული დღის წესრიგით იქნა მოწვეული. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უძღვებოდა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პირველ საკითხად "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა.

კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი იცვლება, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის შემადგენლობა 150 წევრით განისაზღვრება. "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები და გამოთქმული წინადადებები პარლამენტს კომისიის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა გააცნო. კანონპროექტი კი სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა წარადგინა, რომელიც პრეზიდენტის მიერ მომხსენებლად იქნა დანიშნული.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების მომზადებისას 2003 წლის 2 ნოემბრს გამართული რეფერენდუმის შედეგები გაითვალისწინეს, რომლის მიხედვით ამომრჩეველმა პარალმენტის წევრთა რაოდენობის 150-მდე შემცირებას დაუჭირა მხარი. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით "პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 100 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 50 პარლამენტის წევრისაგან". კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, 2004 წელს არჩეული საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამოქმედდება და პარლამენტის მომდევნო არჩევნებში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 150 წევრი იქნება არჩეული.

პარლამენტის წევრთა რიცხოვნობის შემცირების საკითხს, ფაქტობრივად, მწვავე კამათი არ გამოუწვევია. პარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური დაჯგუფება პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-მდე შემცირებას ემხრობოდა, თუმცა ბევრი არ იზიარებდა პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრთა რაოდენობის კონსტიტუციით განსაზღვრას.

საბოლოოდ, უმრავლესობა იმაზე შეთანხმდა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციაში სხვა არსებითი ცვლილებების შეტანასაც მოითხოვს, რათა უდიდესი სახელმწიფო რეფორმა დამთავრდეს.

საბოლოოდ, პარლამენტმა 203 ხმით, ერთის წინააღმდეგ, "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი I მოსმენით მიიღო. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეს გადაწყვეტილება ნინო ბურჯანაძემ ისტორიულ ფაქტად შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შემადგენლობა 150 კაცით განისაზღვრა და ეს 2004 წლის მოწვევის პარლამენტის დამსახურებაა, ვინაიდან წინა მოწვევის პარლამენტებს და პოლიტიკურ ძალებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების არც სურვილი ჰქონდათ და არც პოლიტიკური გამბედაობა ეყოთ".

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=385&info_id=1091
კონსტიტუციური კანონის პროექტი III მოსმენით პარლამენტმა 2005 წლის 23 თებერვალს მიიღო. პროექტი კვლავ გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა წარადგინა. ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150 კაცამდე განისაზღვრება. პარლამენტარებმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 181 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს და მიიღეს.

http://www.parliament.ge/newsletter/2005/1.03.2005/feb23.htm