[მანანა ნოზაძე]
მსახიობი გურამ ფირცხალავა აცხადებს, რომ მას თეთრი შურით შურს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ციხეებში სხედან და სამშობლოსთვის იტანჯებიან.
- დიქტატურაა ქვეყანაში. დაჭერების ეს სერიაც დიქტატურაა. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ, იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, სხვა სიტყვა არ შეესაბამება. როგორც წესი, ასეთი რამ ხდება დიქტატორულ ქვეყანაში - შეშინებები, დაჭერები, ფულის „შეწერვა“. ამ ვითომ ოპოზიციური პარტიებში „რვიანიდან“... მათ შორის, იყვნენ ვაჟკაცი ბიჭები, რომლებზეც ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ აი, ესენი თუ გადაარჩენენ საქართველოს-მეთქი და ამ დროს კი, ეს ხალხი თურმე, ხელისუფლებასთან დგას და მისგან ისე ელოდება ნამცეცებს, როგორც - დედა შოშიასგან.
საზოგადოებაზე რას იტყვით, სოსო ჯაჭვლიანის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებაც რომ ვერ გაბედეს.
- იმ რთულ დღეებში სოსოს ყოველდღე ვნახულობდი, 32 კილო დაიკლო. შიმშილობის შემდგომი პერიოდი რთული ყოფილა, ძნელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამიტომაც ვთხოვე სოსოს, ყველაფერი ექიმს დაუჯეროს, ოღონდ ნამდვილ, კარგ ექიმს. ძალიან მაფიქრებს მისი მდგომარეობა. რეჟისორმა მედეა კუჭუხიძემაც მთხოვა, მისთვის გადამეცა, შეეწყვიტა შიმშილი, მაგრამ კიდევ კარგი, დამთავრდა მისი შიმშილობაც და მისთვის მისჯილი პატიმრობაც. ისე კი, უნდა გითხრათ, შიმშილობის დროს სოსოს ვურჩიე, იქნებ სჯობდეს, შიმშილობა შეწყვიტო, რადგან ამათ უფრო გაუხარდებათ, რაც უფრო დასუსტდები-თქო. უარი მითხრა. არ შემიძლია ამათ კიდევ ვუყურო და ჩემი თავი რაღაცით ხომ უნდა დავისაჯოო. სოსომ ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის გადადგა.
არსებულის შესაცვლელად რა გზა დარჩა ოპოზიციურ სპექტრს?
- მხოლოდ ხალხი. ეს „სახალხო კრებამ“ უნდა იტვირთოს. მე ასე წარმომიდგენია, რომ ამ კრების ირგვლივ უნდა შეგროვდეს მთლიანად ქართველი ერი, ერთად უნდა დავდგეთ და არავითარი უკანდახევა. მხოლოდ ეს თუ უშველის. აბა, რა, ასე ვიყოთ? განა შეიძლება ასე ცხოვრება?
მარტო „სახალხო კრება“ ამას ვერ შეძლებს. არსებობს კი საზოგადოებრივი რესურსი? მით უფრო, ხშირად გვესმის, რომ 26 მაისის შემდეგ ხალხი დაშინდა.
- ახლა თქვენი ნათქვამის შემდეგ ცოტა შევყოვნდი, მაგრამ უნდა მოვიხმო ერთი ასეთი მაგალითი. ბავშვი რომ იღუპებოდეს, არ გადაარჩენენ? ვთქვათ, ლიანდაგზე დგას ბავშვი და მოდის მატარებელი, რომელიმე მათგანი, ვინც ახლა შეშინებულია, შეუშინდება მატარებელს, ბავშვისკენ არ გაიქცევა და არ გადაარჩენს? აი, ამ დღეშია დღეს საქართველო. თუ ადამიანები გაწირავენ ბავშვს, მაშინ საკუთარ დედასაც გაწირავენ, სამშობლოსაც. ასეთი ადამიანები თავისთვის კარგად იყვნენ, მაგრამ, ვისაც შეუძლია, ამ ხელისუფლებას წინ აღუდგეს, სწორედ ისინი უნდა გამოვიდნენ. მერე რა, თუ რამე მოუვათ, სამშობლოს უნდა შეეწირონ.
მე სოსო ჯაჭვლიანის მშურს, ის იტანჯებოდა მაინც და მე აგერ, დავდივარ და ჰაერს ვყლაპავ. მე მშურს მათი, ვინც დღეს ციხეებში სხედან, რადგან ისინი სამშობლოსთვის იტანჯებიან. ეს არ გახლავთ უბრალო თავგანწირვა, არამედ ქვეყნისთვის თავდადებაა.
26 მაისს მომხდარის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ქუჩის აქციებმა ამოწურა შესაძლებლობა?
- ახლა აქციას ვუწოდებთ ამას, თუ სხვა რამეს, ხალხი მაინც აუცილებლად გამოვა. ხომ ხედავთ, მესამე დღეს რამდენი ადამიანი გამოვიდა? ასე რომ, ხალხში ეს დუღს, ყოველთვის იდუღებს, სანამ ეს უმსგავსოება არ დამთავრდება. ის, რომ სიტუაცია ამათ ხელში გამოსწორდება, ასეთი რამ არ არსებობს. თუ გამოსწორდება და დემოკრატიისკენ თუნდაც ერთ ნაბიჯს გადადგამენ, იმ წუთში დაიშლება მათი დიქტატურა. ასეა წესი, ამიტომ ეს არ აწყობთ.
ხალხის დარბევიდან მეორე დღეს, 26 მაისს, ხელოვანი ადამიანების მიერ ჯილდოების აღებას როგორ შეაფასებთ?
- ამაზე ნუ მალაპარაკებთ. ეს ყველაფერი იყო, გარდა კეთილშობილებისა, სიკეთისა. ჩემი აზრით, ეს სულის წუწკობაა. მე შემრცხვა ჩემი კოლხელი კაცის - ჭანტურიასი, „ავითესე“, ავიღე ორდენიო. კარგი, „აითესა“, მაგრამ რად უნდა ის ორდენი? რად უნდა ის რკინა?
გჯერათ, რომ 26 მაისის ფაქტების გამოძიება სამართლიანად მოხდება?
- აუცილებლად უნდა მოხდეს. ოღონდ მომხდარი ჩვენმა ხელისუფლებამ არ უნდა გამოიძიოს, თუმცა არც გამოიძიებს... თუ გამოიძია, იტყვის, მერე რაო და ბოდიშს მოიხდის, როგორც ადრე მოხდა. ამიტომ, იმ ღამის ტრაგედია საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა გამოიძიოს. ამ საქმეში ჩვენი ინტელიგენციიდან ცალკეული ადამიანებიც უნდა ჩაერთონ, რომელთაც სანდოობა გააჩნიათ. თუნდაც უბრალო გლეხი მიიწვიონ, გლეხი ყველაზე უფრო ჭკვიანია, სწორედ მათ უნდა გამოიძიონ.
ფიქრობთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება სააკაშვილის საწინააღმდეგო დასკვნის დადებით დაინტერესებული იქნება?
- საწინააღმდეგო რატომ? სიმართლე უნდა დაიდოს. იქნებ, სააკაშვილი მართალია?! გამოიძიონ სიმართლე.
ბევრი მიიჩნევს, რომ 26 მაისს მომხდარის გამო გარკვეული პასუხისმგებლობა „სახალხო
კრების“ წარმომადგენლებმა უნდა აიღონ.
- რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნისთვის სიკეთე მინდა, პასუხისმგებლობა
ავიღო და ციხეში ჩავჯდე? როგორ გეკადრებათ? „სახალხო კრება“ არის ერთ-ერთი ნათელი
წერტილი ამ უბედურებისგან ქვეყნის გამოყვანის საქმეში. რას ნიშნავს პასუხისმგებლბის
აღება? ესენი გმირები არიან: ნონა, ნინო, ეკა - მე ქალბატონებზე მოგახსენებთ.
რაც 26 მაისს მოხდა, ასეთი შემზარავი, კოშმარული, ვანდალური რამ მხოლოდ კინოში
მინახავს. მსგავსი დაუნდობლობა და არაკაცობა ვერასდროს წარმომედგინა. ამას მტერი
არ გააკეთებს. ამიტომ ეს უსულგულო მთავრობა სასწრაფოდ უნდა მოშორდეს აქაურობას.
გახსოვთ ალბათ, „დათა თუთაშხიადან“ რაჟა სარჩიმელიას მიერ დაყაჩაღებულთაგან ერთი ქალბატონი მეორეს რომ ეუბნება, ვიკივლებ და ამყევი, ეგებ, ვინმემ გაიგონოს და მოგვეშველოსო. მეორე პასუხობს: კი ვიკივლებ, მაგრამ ამყვებიან ესენიო? ასეა ჩვენი საქმეც. 26 მაისს დაღუპული ბიჭები სახალხო გმირები არიან. ასეთმა ვაჟკაცებმა მოიტანეს დღემდე ეს ქვეყანა. რა იარლიყიც უნდა მოგვაწებონ, მაინც უნდა ვიბრძოლოთ.
ოპოზიციონრების ნაწილსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლებასთან ერთად, ლიდერების პასუხისმგებლობაც უნდა დაისვას.
- ეს ოპოზიციონრები შოშიას ბარტყებს მაგონებენ, ელოდებიან დედა შოშიას, რაღაც რომ ჩაუდონ, მაგრამ ვერაფერს მიიღებენ. მე ერთხელ თითი ჩავყავი შოშიას ბუდეში და ბარტყებმა ნისკარტები დააფჩინეს, ეგონათ, საჭმელს ვაჭმევდი, მაგრამ არაფერი მქონდა და მოტყუებულნი დარჩნენ. სინდისს გეფიცებით, ასე მოტყუებულები დარჩებიან ეს ვითომ ოპოზიციონრები. ან თუ მისცემენ, მხოლოდ ერთ ან ორ ადგილს.
„სახალხო კრების“ დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი მართლაც მათთან აგენტურული ქსელი იყო?
- დიახ, მათ შორის იყვნენ შეპარული, შეგზავნილი აგენტებიც, მაგრამ ეს მაინც არაა წაგება. აქ იყო ტოტალური ძალა, ტყვიები და საწამლავი ჰაერიდან, გაზი და ხელკეტები, ამან დაამარცხა ეს უბრალო ხალხი. თუმცა ეს დამარცხება არაა, პირიქით, ხელისუფლებამ დაიმარხა თავი. მანამდე რეპრესიები მოაწყეს, თორემ ათჯერ მეტი ადამიანი გამოვიდოდა. შიში კი, თავისთავად, არსებობს. ბათუმში გახლდით და იქაც რეპრესიების ისეთივე პროცესი შეინიშნებოდა, რაც დედაქალაქში. ბათუმში არ უშვებდნენ ადამიანებს. მაგალითად, თუ გურიიდან ან რომელიმე სოფლიდან მოდიოდა ხალხი, მათ ხვდებოდნენ და ართმევნდენ მანქანებს. ამის მიუხედავად, ბათუმში 6 ათას ხუთასამდე კაცი მაინც მოგროვდა. აჭარაში საოცრად გულანთებული ხალხია.
თქვენ წარმოშობით სამეგრელოდან ხართ. რით ახსნით, რომ თუნდაც მეგრელები და რაჭველები ძალიან კარგად ხვდებიან მათთან სტუმრად ჩასულ მიხეილ სააკაშვილს?
- ამის მიზეზი გამგეობის წევრების დედები, სიდედრები, მამამთილები და დედამთილები არიან. ავტობუსებით დაჰყავთ, მიჰყავთ, მოჰყავთ ეს ხალხი. ამის შესახებ დაფარული არაა და ყველამ იცის. ასე რომ, რაჭაში როცა იყო ჩაბრძანებული სააკაშვილი და გულუხვად იძლეოდა დაპირებებს, არიქა, აგაშენებთ, აქვე დედაქალაქი გექნებათო, მერე, რა? იყოს დედაქალაქი. დედაქალაქში არ ვართ ახლა? მაგრამ ხომ ხედავთ, რა დღეში ვართ. საჭმელი გვაქვს მეტი თუ თავისუფლება? რაჭველებს რას უშველის დედაქალაქის გვერდით ცხოვრება? რაჭველების სიხარულმა, - თქვენა ხართ ჩვენი ღმერთიო, ერთი ფილმი გამახსენა. „მიდიოდა მატარებელში“ ბრმები რომ მღერიან: „სამშობლო, სამშობლო...“