„სიცრუეა, თითქოს საქართველოში კვალიფიციური ახალგაზრდისთვის სამუშაო ადგილი არ არის“

„სიცრუეა, თითქოს საქართველოში კვალიფიციური ახალგაზრდისთვის სამუშაო ადგილი არ არის“

რატომ არ სჭირდება საქართველოს ამდენი უნივერსიტეტი, რატომ ღუპავენ ახალგაზრდებს საეჭვო წარმომავლობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რატომ არის მცდარი მოსაზრება, თითქოს საქართველოში ნიჭიერ სტუდენტებზე მოთხოვნა სწავლის დასრულების შემდეგ აღარ არის?! ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

მანანა ნიკოლაიშვილი: შევარდნაძის ხელისუფლებიდან დაწყებული, დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველოს არ სჭირდება ამდენი უნივერსიტეტი. მართალია, სააკაშვილის დროს უმაღლესი სასწავლებლები ერთი ასეული უნივერსიტეტით შემცირდა, მაგრამ ერთი ასეული კიდევ შესამცირებელია. ძალიან კარგად ვიცნობ ახალ სტანდარტებს და კრიტერიუმებს, რითაც უნდა გაიაროს ავტორიზაცია- აკრედიტაცია უმაღლესმა სასწავლებელმა. 2017 წელს მიიღეს ახალი სტანდარტები. ფაქტობრივად, არც ერთ სხვა დოკუმენტზე არ მითქვამს, რომ კარგია, მაგრამ ახალი სტანდარტების შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად უნაკლოა. მთავარია, სტანდარტები ქაღალდზე არ დარჩეს.

ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ეს სტანდარტები და მე მაშინვე ვუთხარი ქალბატონ თამარ სანიკიძეს, რომ, თუ ამ კრიტერიუმების დაცვით გაივლიან უნივერსიტეტები ავტორიზაცია-აკრედიტაციას, მაშინ ძალიან ბევრი მათგანი გაუქმდება. ხოლო, ვინც გაივლის აკრედიტაციას, ამ უმაღლესებში ნამდვილად კონკურენტუნარიანი, ცოდნით აღჭურვილი სტუდენტი გაიზრდება და ეს იქნება რეალურად საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ცენტრი. აღნიშნული კრიტერიუმები სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს თანაბრად ეხება.

რომელ კრიტერიუმებზეა საუბარი?

- ეს ვრცელი დეტალიზებული კრიტერიუმებია, მაგრამ საერთოდ ეხება უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის მიღებასა და აკრედიტაციის გავლას. ყურადღება ექცევა სასწავლებლის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ადამიანურ რესურსებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, პრაქტიკას. მოკლედ, სამეცნიერო, აღმზრდელობითი, სასწავლო თუ დახელოვნების პროცესები ერთად არის შერწყმული. თეორიის სწავლება ერთია, მაგრამ პრაქტიკა მეორეა. ამისთვის მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა სასწავლებელს საამისო ბაზები, კაბინეტ-ლაბორატორიები, ძვირად ღირებული ხელსაწყოები, რომელიც პრაქტიკული მეცადინეობისთვის აუცილებელია. გააჩნია, რა პროფილისაა უნივერსიტეტი. თუ ის სამედიცინო პროფილისაა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო კლინიკები; თუ სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მიმართულებისაა, მაშინ შესაბამისი ბაზები უნდა ჰქონდეს სტუდენტებისთვის პრაქტიკის გასავლელად. თუკი ამ სტანდარტების დაცვას მოითხოვს სახელმწიფო, არ წავა დათმობაზე, არ დახუჭავს თვალს ნაკლოვანებაზე, მაშინ ბევრი უმაღლესი სასწავლებელი ვერ გაივლის აკრედიტაციას და დაიხურება. არ არის საჭირო ამდენი უმაღლესი, თუ მას შესაბამისი ბაზები არ ექნება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილის პერიოდში მეცნიერებასა და განათლებაზე ექსპერიმენტები ტარდებოდა, საინტერესოა, რატომ მოერიდა სააკაშვილი დანარჩენი უხარისხო უმაღლესების დახურვას?

- მართლია, სააკაშვილის დროს ძალიან ბევრი, ასამდე უმაღლესი დაიხურა, მაგრამ, რაც დარჩა, იმაზე თვალი დახუჭეს „ნაციონალებმა“, რადგან ნაცნობობა, მეგობრობა საქართველოში მაინც არსებობს. ეს ყველაფერი კორუფციაა. არ არის სავალდებულო, ადამიანს ფული ხელიდან ხელში გადასცე, თუმცა არც უმაგისობა იყო აკრედიტაციებთან დაკავშირებით. ლიცენზირების მინიჭებასთან დაკავშირებით ხშირად დიდ ფინანსურ ნაკადებსა და კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს საქმე. თუ ავტორიზაციას ვერ გაივლი, არ გაქვს უფლება, გახსნა უმაღლესი სასწავლებელი და მიიღო სტუდენტები. თუ მაინც გახსენი და სხვადასხვა პროგრამაზე ავტორიზაცია ვერ გაიარე, არ გაქვს სპეციალისტების გამოშვების უფლება. ასე რომ, ეს რთული სისტემაა და კრიტერიუმებს ყველანაირად უნდა აკმაყოფილებდე. მთელი ეროვნული და სახელმწიფო რესურსები იხარჯება ნომერ პირველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისთვის და მას მაინც აქვს ამდენი პრობლემა, ხოლო სადღაც ქუჩის მოხვეულში გახსნილ კერძო უნივერსიტეტს სრულყოფილი ბაზა ექნება?

უნივერსიტეტების სიჭარბე ხშირად სოფლების მიტოვების მიზეზი ხდებოდა. ახალგაზრდები დედაქალაქში გამორბოდნენ და სწავლის ნაცვლად კრიმინოგენურ სიტუაციაში ვარდებოდნენ.

- სოფლების დატოვება ნაწილობრივ ამითაც იყო განპირობებული. აქ მთავარია, ჩვენ რა გვინდა. ნებისმიერ სახელმწიფოს და ნორმალურად მოაზროვნე ერს სურს, რომ ახალგაზრდას, რომელიც ჩააბარებს უმაღლესში და აიღებს დიპლომს, იმ დიპლომის შესაბამისი კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები ჰქონდეს. თუ ექიმია, არ მოგკლას, თუ ინჟინერია, თავზე არ ჩამოგამხოს რაღაც, თუ სოფლის მეურნეობის მუშაკია, მოიწიოს, გაზარდოს მოსავალი და არ მოგწამლოს. ჩვენ გვინდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რაც სწავლისა და მაღალი დონის საუნივერსიტეტო განათლების გარეშე არ მიიღწევა.

იმ უნივერსიტეტებში, სადაც არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სრულფასოვან ცოდნას ვერ მისცემენ. სწორია პრემიერი კვირიკაშვილი, ეს ტყუილად დაკარგული წლები, უმუშევრობისთვის განწირული ახალგაზრდებია. რატომ ვღუპავთ მათ, იმ წლებს ხომ სხვა საქმეს მოახმარდნენ? მშობელს და თავად ახალგაზრდას ჰგონია, რომ უმაღლესს დაამთავრებს, აიღებს დიპლომს და დაიწყებს მუშაობას. სინამდვილეში, ვერ დაიწყებს მუშაობას, რადგან ყველაფერი განკერძოებულია და კერძო ბიზნესი ნიშნავს, რომ ყველა მეპატრონე ეძებს კარგს სპეციალისტს. ამ მხრივ უამრავი მოთხოვნაა ქართულ უნივერსიტეტებშიც, ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშიც სწორედ ბიზნესიდან და სახელმწიფო სექტორიდან წამოსული, ელოდებიან და რიგია შექმნილი ძლიერი სტუდენტების გადასაბირებლად. ასეთ სტუდენტებს უმაღლესის დამთავრებისთანავე არ ექნებათ ადგილი საძებნი, მაშინვე წაიყვანენ. ასე ხდება საქართველოშიც. ეს არ ეხება ჰუმანიტარულ დარგებს, არამედ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველოს. ამ პროფილის კარგ სტუდენტებს სამსახური გარანტირებული აქვთ. ასევეა სამედიცინო პროფილიც, წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიებს უნიშნავენ გადასაბირებლად. ამიტომ სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს საქართველოში სამუშაო ადგილები არ არის. როგორ არ არის? კვალიფიციური ახალგაზრდისთვის ძალიან ბევრი ადგილია საქართველოში.

ჰუმანიტარებმა რა დააშავეს, მათზე მოთხოვნა რატომ არ არის?

- ამ რაოდენობით ჰუმანიტარები არ სჭირდებათ, არ არის ბაზარზე ამდენი ადგილი. 21-ე საუკუნე მაინც უფრო ტექნიკის საუკუნეა. ეს ჩვენმა სახელმწიფომ დიდი ხანია განაცხადა და პრიორიტეტულად გამოაცხადა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რასაც ბიუჯეტი აფინანსებს. რატომღაც მშობლები აყოლილები არიან შვილებს, იმას კი არ ეუბნებიან ბავშვებს, დაჯექი, ისწავლე ფუნდამენტური მიმართულებები, ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ამიტომაც პერსპექტიულია საინჟინრო, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის მიმართულებით დასაქმება. არა, აბიტურიენტები აბარებენ სადღაც, იღებენ უდაბლეს ქულებს, მერე გადარბიან სხვა ფაკულტეტზე და ფლანგავენ ბიუჯეტის თანხას. ზემოაღნიშნულ საგნებს კი ერიდებიან, რადგან ამას სკოლაში დაჯდომა და სწავლა სჭირდება, ეს უმაღლესში არ ისწავლება. უმაღლესში ისწავლება ამ საგნების გაგრძელება, ურთულესი კურსით და, თუ სკოლიდან საფუძველი არ გაქვს, ვეღარ გააგრძელებ სწავლას.

ცხადია, სოფელს მეტი ყურადღება სჭირდება. ამ მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა შესაცვლელია. სამუშაო ადგილები სოფელში ადვილად შესაქმნელია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას გლეხს ეს პირობები. ჩვენს მეზობელ თურქეთში უმაღლეს დონეზეა სოფლის მეურნეობა განვითარებული. თურქებს კომუნიკაციები გაუყვანეს, თხილის პლანტაციები შეუქმნეს, მისცეს დაბალპროცენტიანი, მრავალწლიანი სესხები, ზოგი რაღაც აჩუქეს, სახელმწიფომ ყველაფერი გაუმზადა ხალხს და ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის განვითარებას.

რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, როგორც მეუბნებიან, ყველაზე დიდი ფული ჩაიდო სოფლის მეურნეობაში, 1 მილიარდზე მეტია დახარჯული, მაგრამ სად ჩანს ეს ფული, რომ ჩადებულია? ზაფხულობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიხდება გადაადგილება, ვერსად ვნახე სოფლის მეურნეობა აყვავებული და ამით ვინმე გამდიდრებული ან შემოსავლიანი. თუ ეს ფული დაიტაცეს ან დაიკარგა, მაშინ ეს სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს აყვანილი.

ხშირ შემთხვევაში, კერძო უმაღლესების რექტორები არაპროფესიონალები არიან ამ დროს კი მათი უნივერსიტეტები სრულიად სხვა პროფილის განათლებას აწვდიან ახალგაზრდებს. ისინი არაპროფესიონალ ლექტორებს იწვევენ. ნუთუ საქართველოში საკმარისი ადამიანური რესურსი არ არის, რომ უკეთესი ლექტორები შეარჩიონ?

- ამდენი რესურსი არ არის. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ემიგრაციაში ძირითადად ინტელიგენციაა წასული უნივერსიტეტებიდან, კვლევითი ინსტიტუტებიდან. ადგილზე დარჩენილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაკავებულნი არიან წამყვან უნივერსიტეტებში. ასეთებია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ბენდუქიძის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები.

შემცირებული უნივერსიტეტების ფონზე რამდენად გაიზრდება კონკურენცია მისაღები გამოცდების დროს და თითოეული ადგილისთვის გაშმაგებული ბრძოლა ხომ არ დაიწყება?

- კერძო სექტორის მოწინააღმდეგე არ ვარ. კერძო სექტორი უნდა არსებობდეს. საბაზრო ეკონომიკის დროს, როცა შენ გინდა მრავალვარიანტული და დემოკრატიული განათლების სისტემა, არ შეიძლება შეზღუდო და თქვა, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ სახელმწიფო სექტორი და არ უნდა არსებობდეს კერძო სექტორი. განათლება ყველაზე ძვირად ღირებული დარგია და ძალიან დიდი თანხაა საჭირო სრულყოფილი საუნივერსიტეტო კომპლექსის შესაქმნელად. თუკი ამას თავს გაართმევენ კერძო მესაკუთრეები, რა თქმა უნდა, მათი სასწავლებლები დარჩება და გაივლიან ავტორიზაციას. ვინც ვერ გაივლის, ეს არ არის ტრაგედია, მოემზადება, დახარჯავს ფინანსებს, შეიტანს განაცხადს და ხელახლა მიიღებს აკრედიტაციას. ერთი ხელის მოსმით სახელმწიფო ყველა უმაღლეს სასწავლებელს ვერ დახურავს.

ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ კერძო სექტორი დაიჩაგროს და მხოლოდ სახელმწიფო სექტორი დარჩეს. თუ არ შეესაბამება კრიტერიუმებს, მაშინ სახელმწიფო სექტორში განთავსებული უნივერსიტეტიც უნდა დაიხუროს. უნდა დარჩეს ისეთი კერძო თუ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს გამოუშვებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ასეთი სასწავლებლები, მათ შორის, კერძო სექტორშიც. ერთი პერიოდი, ივანე ჯავახიშვილის დედაუნივერსიტეტში ძალიან ცუდად იყო საქმე. სააკაშვილის ხელისუფლება მაგას გადაჰყვა, რომ უნივერსიტეტები გამოშიგნეს, კოლეჯის დონეზე დაიყვანეს, მაგრამ თანდათანობით ბევრი რამ გამოსწორდა. სააკაშვილისგან ჩარეცხილი, კვალიფიციური კადრები უკან დააბრუნეს, რადგან სააკაშვილის დროს შეყრილმა გამოუცდელმა ახალგაზრდებმა თავი ვერაფერს გაართვეს. ვერც გაართმევდნენ, ძალიან ძნელია, მაღალი დონის უნივერსიტეტში გაუძღვე სწავლებას.

მეცნიერებასა და სალექციო კურსებში გაწაფვა იოლად არ მოდის, საამისოდ უდიდესი ცოდნა და გამოცდილება გჭირდება. სასიხარულოა, რომ ისევ ფართო პროფილის პროგრამებია და ნამდვილად ვიცი, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიშვებული არ არის, ლექციები, პრაქტიკულები, სემინარები ტარდება. თუმცა არის ისეთი უმაღლესი სასწავლებლებიც, სადაც არაფერი არ ტარდება. ამას კონტროლი სჭირდება. ასეთი უნივერსიტეტები შეიძლება შემომედავონ, ჩვენთან თავისუფალი დასწრებააო, მაგრამ საქართველოში არ უნდა იყოს თავისუფალი დასწრება. ჯავახიშვილის, ან კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტში თავისუფალი დასწრება არ არის. სტუდენტი მობილიზებული უნდა იყოს, არ გააცდინოს ლექცია, პრაქტიკული, ლაბორატორიული მეცადინეობა. ყოველდღიური წერილობითი თუ ზეპირი გამოკითხვები მყარ ცოდნას აძლევს ახალგაზრდას. ვინც ასე მოაწესრიგებს თავის საქმეს, ისინი დარჩებიან ბაზარზე. ვინც არადა, ყველა გაუქმდება.

საქართველოსთვის უმაღლესების ოპტიმალური რაოდენობა რამდენია?

- საბჭოთა დროს 18 უმაღლესი სასწავლებელი იყო, რაც იმდროინდელ სტუდენტებს ჰყოფნიდათ, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი კონკურსები ტარდებოდა. ახლაც, უმაღლესი სასწავლებლების შემცირების კვალდაკვალ, კონკურსები გაიზრდება. ვისაც არ ექნება მაღალი დონის ცოდნა, ვერ მოხვდება უმაღლესში. არა მგონია, 18-მდე შემცირდეს უმაღლესების რაოდენობა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი დარჩება და რამდენიმე ათეული უმაღლესი სასწავლებელი მაინც გვექნება. თუ მეხსიერება არ მღალატობს, შარშანწინ 64 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი იყო, შარშანაც 64-ზე მეტი არ ყოფილა. თუკი ამ 64-დან ცალკეული სასწავლებლები გამოეთიშებიან, ეს არ იქნება ტრაგედია და არ გამოიწვევს დიდ ძვრებს, მაგრამ, თუკი განახევრდება, მაშინ კონკურსები გაიზრდება. უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა, მათი 98% ნახევრად გაკოტრების რეჟიმში მუშაობს, ანუ სტუდენტების სრულყოფილ შევსებას ისედაც ვერ ახდენს. ადგილები ძირითად უმაღლეს სასწავლებლებში ივსება, ხოლო კერძოებში უფრო თავისუფალი ადგილებია.

ჯავახიშვილში, სამედიცინო უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, მეტ-ნაკლებად ილიაუნშიც, ასევე, ტექნიკურ უნივერსიტეტში ადგილები არა მარტო ივსება, არამედ აბიტურიენტები გარეთ რჩებიან, გააჩნია ფაკულტეტებს. დანარჩენი, ვერ ერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ ავსებს ადგილებს. ძალიან ცოტა ადგილია ათვისებული და დანარჩენი შეუვსებელია. ასე რომ, რომელი უმაღლესიც გაივლის ავტორიზაცია-აკრედიტაციას, იქ დარჩენილი ადგილებიც შეივსება.