რუსულმა მედიამ უმალვე აიტაცა და სათავისოდ გაიგო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კომენტარი აფხაზეთის აღიარება-არაღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის თითქმის ყველა სოლიდური საიტი იუწყებოდა, რომ შევარდნაძე ორი ხალხის ურთიერთობის მოგვარების სხვა გზას ვერ ხედავდა. ერთმანეთის მიყოლებით ინფორმაციები ვრცელდებოდა „როსბალტზე“, „ლენტა.რუ“-ზე.
ერთ-ერთი წყარო „ნაშა აფხაზია“ კი ქართულ გაზეთზე „ასავალ-დასავალზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ექს-პრეზიდენტის თქმით, მამუკა არეშიძის წინადადება „გონივრულია“. „ნაშა აფხაზიას“ ინფორმაციით, შევარდნაძემ აღიარა, რომ აფხაზეთი საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი ვერასდროს გახდება და მათთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება თუ მოხერხდება, ეს კარგი იქნება.
„არ გამოვრიცხავ, რომ არეშიძის ეს შეთავაზება არა მხოლოდ დევნილების დაბრუნების საფუძველი გახდება, არამედ ჩვენს ერთობლივ ცხოვრებასაც წაადგება. შესაძლოა, ამას 10-15 წელი დასჭირდეს,“ - იუწყება „ნაშა აფხაზია“ ქართულ მედიასაშუალებაზე დაყრდნობით.
მართალია, რუსული მედია არეშიძის ამ შეთავაზებას საკმაოდ „ცბიერ გეგმად“ მოიხსენიებს, მაგრამ ცხადია, ქართველი ექსპერტისა და შევარდნაძის კომენტარი რუსებს გულს მოეფინა.
პრესაგე.ტვ დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ექსპრეზიდენტი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. მეტიც, როგორც მისმა პრესმდივანმა მარინა დავითაშვილმა პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აღნიშნა, „ბატონ ედუარდს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არავისთვის გაუკეთებია. გამონაკლისია „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემული ინტერვიუ. მათთან ჩვენ ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. მით უფრო, „ნაშა აფხაზიასთვის“ კომენტარი არ მიუცია“, - აღნიშნა მარინა დავითაშვილმა.
პრესმდივნის საშუალებით პირველწყაროზე, ანუ ედუარდ შევარდნაძეზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ თურმე ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთის აღიარების შესახებ არაფერი უთქვამს.
„საიდან მოიტანეს, თითქოს, ბატონი ედუარდი აფხაზეთის აღიარებას იზიარებს, უცნობია. ასეთი რამ მას არ უთქვამს. როგორც ჩანს, ეს რუსული მედიის ინტერპრეტაციაა, ეს მათი საქმეა. მათ რაც აწყობთ, ალბათ, იმას ამბობენ. ამაზე ბატონი ედუარდი პასუხისმგებელი ხომ არ არის?! სხვათაშორის, რუსეთიდანაც დაურეკეს ბატონ ედუარდს და ამ ინტერპრეტაციების გამო თავი შეიკავა კომენტარის გაკეთებისგან “, - აღნიშნა ედუარდ შევარდნაძის პრესმდივანმა ჩვენთან საუბრისას.
„წაიკითხონ „ასავალ-დასავალი“, რის გამოც ასეთი აჟიოტაჟი ატყდა და ზუსტად გაარკვიონ, რა კონტექსტით აცხადებს ბატონი ედუარდი,“ - აღნიშნავს მარინა დავითაშვილი.
ახლა კი გთავაზობთ „ასავალ-დასავალისში“ დაბაჭდილი ინტერვიუდან ამონარიდს, რომელმაც ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია. ჟურნალისტის შეკითხვა იყო: „როგორც ამბობთ, აღიარება შესაძლოა, მოხდეს, ოღონდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ. ასეთ პირობად არეშიძე მიიჩნევს აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გასვლას, დევნილების დაბრუნებას“, რაზეც ედუარდ შევარდნაძე პასუხობს:
„მე მგონი, ეს უჭკუო წინადადება არ არის. თუ დევნილები დაბრუნდებიან და რუსის ჯარი გავა, მეტი რა გვინდა. დავსხდებით აფხაზებთან და ვილაპარაკებთ მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ცხადია, ამას დროს დასჭირდება, მაგრამ ჩვენი და აფხაზების თანაცხოვრების პერსპექტივა აუცილებლად გაჩნდება“, - აღნიშნავს ექს-პრეზიდენტი.
ასევე, ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წავიკითხე არეშიძის გამოსვლა და, სიმართლე გითხრათ, დიდად არ გამიკვირდა. ის გამოსავალს ხედავს დამოუკიდებლობის აღიარებაში, ოღონდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ. აფხაზეთი საქართველოს ჩვეულებრივი რეგიონი ვერასდროს გახდება და სულ დაკარგვას ჩვენ შეგვიძლია, თანაცხოვრებას მაინც მივაღწიოთ, ავაწყოთ ისეთი ურთიერთობა, როგორც მოძმე ხალხებს შეეფერებათ. მამუკა არეშიძეს ცოდვა არ ჩაუდენია, მან თავისი მოსაზრება გამოთქვა და ხაზგასმით ვამბობ, საკმაოდ საყურადღებოა. მე მაგალითად, ამის დრამატიზირებას არ მოვახდენდი. ის კი არა, შესაძლოა, სხვამ უფრო რადიკალური მოსაზრება გამოთქვას და იმასაც უნდა მოვუსმინოთ“,
როგორც ვნახეთ, კომენტარი ედუარდ შევარდნაძის სტილშია, რასაც ადასტურებს მისი პრესმდივანიც: „სწორედ ეს ბატონი ედუარდისეული სტილია და, თუ ჩემი არ გჯერათ, გაზეთს ენდეთ.“
პრესმდივნის თქმით, ეს კონტექსტი სულაც არ გულისხმობს, რომ ედუარდ შევარდნაძე ამას გადაწყვეტით ამბობდეს. „ამას გადაწყვეტით არ ამბობს ბატონი ედუარდი, არამედ აცხადებს: მერე დავჯდეთ და განვიხილოთო“, -ასეთნაირად განგვიმარტა ექს-პრეზიდენტის სიტყვები მისმა პრესმდივანმა.
მართალია, ჩვენი სურვილი იყო, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის ასაცილებლად პირველწყაროს გავსაუბრებოდით, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე შეუვალი აღმოჩნდა.
ამასთან, ამ სადაო ინტერვიუს თანახმად, ედუარდ შევარდნაძე არ გამორიცხავს, რომ აღიარება, შესაძლოა, მომავალში აფხაზეთის დაბრუნების საფუძველი გახდეს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ინიციატივა არა მარტო დაბრუნების, ჩვენი თანაცხოვრების საფუძველიც კი გახდეს. შეიძლება ამას 10-15 წელი დასჭირდეს. არეშიძის ინიციატივა ძალიან გაბედული, პირველი ნაბიჯია აფხაზეთის დაბრუნების საქმეში, სხვა კუთხით, ახალი მიმართულებით გადადგმული“.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის ადა მარშანიასთვის უცნაური და ბოლომდე გაუგებარია მამუკა არეშიძისა და ედუარდ შევარდნაძის განცხადება აფხაზეთთან მიმართებით. ამის შესახებ ადა მარშანიამ პრესაგე.ტვ-სთან კომენტირებისას აღნიშნა.
„ყველანაირი მოსაზრებით, უცნაური და ბოლომდე გაუგებარია ამ ორი ბატონის ამგვარი განცხადება. საერთოდ, ამ საკითხის დაყენება და მით უმეტეს, მის ირგვლივ დებატები ძალიან საზიანოდ მიმაჩნია ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, საზიანოდ ვთვლი აფხაზი ხალხისთვის“, - აცხადებს ადა მარშანია.
ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ეხმაურება მამუკა არეშიძის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. მარშანიას აზრით, უპირველესად მნიშვნელოვანია, ვინ აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს.
„რა ხელისუფლება გვყავს ისეთი, რომ ნორმალური და წესიერი მოლაპარაკება აწარმოოს? ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწორედ ისეთი მდგომარეობა შექმნილიყო, როგორც ახლა გვაქვს - სავალალო და კატასტროფული. ასეთი ხელისუფლების მიერ წარმოებული მოლაპარაკებები, აბა, რა შედეგს მოგვიტანს?“
მისივე თქმით, ამ საკითხის დაყენებაც კი არ შეიძლება, არამცთუ მასზე მსჯელობა. მით უფრო, ჩვენი კონსტიტუციისა და კანონების მიხედვით, წმინდა სამართლებრივად, ამგვარი განცხადება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობისა და ერთიანობის საწინააღმდეგოა.
„ძალიან დიდი მადლობა, რომ ბატონი შევარდნაძე და არეშიძე წუხან აფხაზი ხალხის გენოფონდის გადარჩენასა და მათ ბედ-იღბალზე, მაგრამ რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა, „კაკ ბი ნე ზალუბიტ როდინუ ნა სმერტ“. ასეთი რამ ხომ არ დაემართათ ამ ბატონებს ამ განცხადებასთან დაკავშირებით?!“ - კითხულობს ადა მარშანია.
ამასთან, მარშანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მამამისი, ლორიკ მარშანია როდესმე იზიარებდა აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის მიცემის პოზიციას.
„მამაჩემი ყოველთვის ერთიან სახელმწიფოში ჩვენი ერთიანობისა და თანაცხოვრების მომხრე გახლდათ, რასაკვირველია, ძალიან სერიოზული, ფართო და შინაარსიანი ავტონომიით აფხაზებისთვის“.
მარშანიას აზრით, ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ შეიძლება იყოს. მისი თქმით, დღეს ან მომავალში რა ხელისუფლებაც უნდა გვყავდეს, ეს იმ დონისა და სერიოზულობის საკითხია, რომ მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არაა, ეს სრულიად ქართველი ერის სამსჯელო და გადასაწყვეტია.