[ნატო გოგელია]
ქემალ ფაშას ბაზრობა საქართველო-თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე ასულ მეტრშია. არაოფიციალური ინფორმაციით, დღის განმავლობაში ბაზრობას 150-მდე ქართველი სტუმრობს. უმრავლესობა სავაჭროდ დადის.
მოვაჭრეები საზღვრის გადაკვეთას გამთენიისას ცდილობენ, რადგან შუადღეს რიგები ძალიან იწელება. საქართველო-თურქეთს შორის არსებული უვიზო რეჟიმის გამო, ბაზრობაზე გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენს, თუ არ ჩავთვლით ქართველი მესაზღვრეების მხრიდან, უმეტეს შემთხვევაში, ხელოვნურად შექმნილ ბარიერს.
„ახლა შედარებით ზრდილობიანები არიან. უნდა ნახოთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად ძალებს არ ზოგავენ“, გვითხრა ერთ-ერთმა რიგში მდგომმა.
როგორც აღმოჩნდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებსაც გულზე სამკერდე ნიშანი არ აქვთ, უხეშები მხოლოდ მოვაჭრეების მიმართ არიან:
„გაგვიწყალეს გული. ყველა კვირაში დადიან. ყავის დალევას არ შეგარგებენ“, - წყრომის დამალვა არც უცდია ახალგაზრდა მესაზღვრე გოგონას.
თურქების სასაზღვრო პუნქტზე გავლა გაცილებით იოლია - დროც ნაკლები მიაქვს და ქართველებისგან განსხვავებით, ზრდილობის დეფიციტი არ იგრძნობა.
ჩვენებურები ქემალ ფაშას ბაზრობამდე მიკროავტობუსებით მიდიან, რომლებიც ყოველ ათ წუთში გადიან და 50 თეთრი ღირს.
ე.წ. ბაზრობა ერთი დიდი სოფელია, არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურით. ყველა სახლის პირველი სართული მაღაზიებს უჭირავს. გამყიდველების უმრავლესობა ქართველები არიან.
„ბათუმელი ვარ. დღეში 20 ლარს მიხდიან. დილით ადრე მოვდივარ და საღამოს, 8 საათს შემდეგ მივდივარ“, - გვითხრა ერთ-ერთმა გამყიდველმა.
1-ლი თებერვლიდან გამოსულმა არაოფიციალურმა ბრძანებამ, ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის რჩენას ქემალ ფაშას ბაზრობიდან წამოღებული საქონლის გაყიდვით ახერხებდნენ, ცუდ დღეში ჩააგდო.
„თუ გახსოვთ პროექტი რომ იყო - „პრეზიდენტი პასუხობს ხალხს“, იქ ერთი ბათუმელი გოგონა გამოვიდა და სააკაშვილს საბაჟო კონტროლის გამკაცრება სთხოვა“ - იაფიანი საქონელი შემოდის და ბრენდები მიფუჭდებაო. მას შემდეგ მებაჟეებმა სიტყვიერად გაგვაფრთხილეს, რომ თვეში მხოლოდ ერთხელ შეგვეძლო ბაზრობაზე გადასვლა და 30 კილოგრამზე მეტი საქონლის წამოღების შემთხვევაში, განბაჟება გველოდა“, - გვითხრეს მოვაჭრეებმა.
დაღლილი სახეებით და ზურგზე მოკიდებული დიდი ჩანთებით მიკროავტობუსის მომლოდინე ქალბატონებს, ბაზრობაზე დღის მეორე ნახევარში ნახავთ. როგორც აღმოჩნდა, მოვაჭრეების უმრავლესობა ქალია... ნაყიდ საქონელს მოსაცდელთან ერთმანეთს უნაწილებენ - ზედმეტი წონის გამო მოსაზღვრეებმა რომ არ წაართვან.
ქემალ ფაშაში მუშას ვერ ნახავთ, ამიტომაც, სუსტი სქესის წარმომადგენლებს მამაკაცური შრომის შეთავსებაც უწევთ. ეს თვალშისაცემი განსაკუთრებით საბაჟო პუნქტზე, უკან დაბრუნებისას ხდება.
გრძელ რიგში ხშირად 50 ადამიანზე მეტია. ყველა მათგანს მძიმე ტვირთით, საათობით დგომა უწევს საზღვრის გადასალახავად.
როგორ გავარკვიეთ, საზღვარზე 3 მუშა მუშაობს, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად. 20-დან 40 ლარამდე (გააჩნია ტვირთის სიმძიმეს) გადახდის შემთხვევაში, ისინი ე.წ. ხელის „ტაჩკით“ ნავაჭრ საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადმოგატანინებენ.
„7 წელია ასე ვმუშაობ. გარკვეულ გადასახადს ვიხდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თანხა ბევრი არ არის... არის დღეები, როცა 200 ლარამდე ვშოულობ, ხანდახან, 20 ლარის მეტს ვერ ვაკეთებ. აქ ყველა მიცნობს და გადასვლა-გადმოსვლაზე პრობლემებს არ მიქმნიან“, - გვითხრა მუშა ქალბატონმა, თუმცა ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
„ეს არის ჩემი და ჩემი ოჯახის სარჩო. მძიმე შრომის ფასად ვკვებავ ოჯახს, რომ გაიგონ თქვენ გესაუბრებით, მუშაობას აღარ დამანებებენ. ერთხელ გაგვაფრთხილეს, ჟურნალისტებთან რამე არ დაგცდეთო“, - ვინაობის დაფარვის მიზეზი გულწრფელად აგვიხსნა რესპონდენტმა.
მძიმე ტვირთის ზიდვა მოვაჭრეებისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. ხშირია შემთხვევა, როცა საქონელს მებაჟეები ართმევენ:
„ერთხელ, 30 კილოგრამს 200 გრამი გადასცდა და წამართვეს. ტერმინალზე გადავიტანთ, განვაბაჟებთ და თუ გინდა მოიკითხეო, მითხრეს. რაც მოგება უნდა მენახა, ის განბაჟებისთვის მომთხოვეს და არც წამომიღია“, - გვითხრა თინათინ სიხარულიძემ.
მებაჟეებთან პრობლემა მხოლოდ ქემალ ფაშას ბაზრობაზე მოსიარულეებს არ აქვთ. როგორც გავიგეთ, ხშირია შემთხვევა, როდესაც 2 ერთნაირი წინდის ან მაისურის გამო, ჩანთას იმ ადამიანებსაც ართმევენ, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დღის განმავლობაში საქართველო-თურქეთის საზღვარზე 300-ზე მეტი ქართველი გადადის. მათი უმრავლესობა, 3 თვით თურქეთში სამუშაოდ მიემგზავრება.
„გადამსვლელთა რიცხვმა ზაფხულში მოიმატა, რადგან ჩაის და თხილის პლანტაციებში სამუშაოდ ქართველები, ძირითადად, ამ დროს მიდიან“, - გვითხრა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა სამსახურის დაკარგვის შიშით არ მოისურვა.
გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ შრომითი მიგრაციის გაზრდილი ფონი პრობლემას ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა, ამაში მოსახლეობასაც ადანაშაულებს:
„გასულ წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ჩავიყვანეთ ბიზნესმენი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ჩაის კრეფაში ნორმალური თანხის გადახდას ხელზე პირდებოდა. ერთ ადამიანსაც კი არ აღმოაჩნდა სურვილი ჩაი მოეკრიფა. არადა, იგივე საქმიანობისთვის ისინი თურქეთში დადიან“, - გვითხრა ჩიტაიშვილმა.
ანალოგიური შეთავაზება გურიის მოსახლეობისთვის რამდენიმე წლის წინ მოქმედ გუბერნატორს, მიხეილ სვიმონიშვილსაც ჰქონდა. გურულებს სიმინდის და თხილის საკრეფად მუშაობა, არცთუ მცირე სახელფასო ანაზღაურებით ზუგდიდში შესთავაზა, თუმცა, დასტური მხოლოდ რამდენიმე კაცისგან მიიღო.
როგორც გურულები ამბობენ, ხელისუფლების მსგავსი შემოთავაზებები კრახით სრულდება, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, ბიზნესმენები თანხას არ იხდიან, ან ძალიან მცირე ანაზღაურებას სთავაზობენ.
„შრომითი მიგრანტების ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთი რეალური საშუალებაა ქვეყანაში ბიზნესის წამოწყების და წარმოების გამარტივებული პროცედურები, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; საბანკო-საწარმოო სასესხო კაპიტალის ხელმისაწვდომობა. მე შევჩერდები მხოლოდ სამ საკითხზე, თუ რა როლს თამაშობს პარლამენტი ამ მიმართებით: ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელსაც კენჭი უყარა პარლამენტმა 2010 წლის ბოლოს, ოზურგეთისათვის, როგორც აგრარული რაიონისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის ინიციატივა – სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დამატებით 150 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე. ეს საკითხიც პარლამენტში განხილვის შედეგი იყო. და ბოლოს, თუნდაც სულ ახალი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამჟამად განიხილება – კანონპროექტი „საპარტნიორო ფონდის შესახებ“, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციების მოზიდვას, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელმისაწვდომობას, სოფლის მეურნეობის სფეროში 5 მილიონი ლარის, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში 30 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხილვის და მხარდაჭერის წესს ითვალისწინებს“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა შანიძემ
ბატონო გოჩა, საარჩევნოდ სამუშაო ადგილებს შეგვპირდით, რის ასრულების შემთხვევაში, მიგრაციის დონე მკვეთრად შემცირდებოდა. დღემდე, ეს მხოლოდ დაპირებაა...
- კიდევ ერთხელ ვიტყვი - ოზურგეთი აგრარული მუნიციპალიტეტია და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტად ამ სფეროს გამოცხადება იქნება მასტიმულირებელი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მიგრაციის შემცირების და მიგრანტთა დაბრუნების თვალსაზრისით.
ხელისუფლება რას აკეთებს მოქალაქეების ინფორმირებისთვის? სამწუხაროდ, არ ხდება იმ საფრთხეების გაცნობა, რაც შეიძლება შრომით მიგრაციას მოჰყვეს.
- მინდა დაგეთანხმოთ, რომ ვერც მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, და ვფიქრობ, ვერც ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ამ მიმართებით, რასაც ჰქვია ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, სამწუხაროდ, ვერანაირ ქმედით ნაბიჯებს ვერ ვდგამთ. არანაირ განმარტებით საქმიანობას (ოფიციალურ და საჯარო საქმიანობაზე მაქვს საუბარი) არ ვეწევით. ვფიქრობ, ინფორმირების თვალსაზრისით, ბევრად უკეთ ამ სამუშაოს მედია საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეასრულებენ. ამის გასაკეთებლად საჭირო სახსრები შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იქნას მოძიებული, მაგრამ ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებიც შეიძლება გამოვიყენოთ.
მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს „გრანტების პროგრამით“ გამოყოფილი აქვს სახსრები, რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქტივობის დაფინანსება, მათ შორის, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმირების პროექტიც.
როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის დაძლევის კონკრეტული ხედვა გურიის არც ერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ხელისუფლება ვერ გვპასუხობს რა უნდა გააკეთონ მიგრაციის მკვეთრად გაზრდილი დონის შესამცირებლად.
ამ საკითხზე გურიაში არც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ. დედაქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა პროფილი შრომითი მიგრაციაა, კვლევებს აწარმოებს და მოსახლეობას დახმარებასაც სთავაზობს, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათი საქმიანობის შესახებ ადგილობრივმა საზოგადოებამ არაფერი იცის, რადგან, ამ ორგანიზაციებს გურიაში ფილიალი არ აქვთ.