სანამ არის რძე და ყველი...

სანამ არის რძე და ყველი...

[გიორგი ბექაური]

ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სტანდარტიზაციის ეტაპი დაიწყო. ფართო მოხმარების საკვები პროდუქტიდან პირველი ხორცი აღმოჩნდა, რომელმაც სტანდარტომანიას ვერ გაუძლო და „თავი დაიფასა“. სავარაუდოა, რომ ასეთი ნაბიჯები კიდევ იქნება და სხვა პროდუქტებსაც სტანდარტულ ჩარჩოებში ჩასვამენ. პირველ რიგში კი, დარტყმა რძის ნაწარმზეა მოსალოდნელი. ეს პროდუქტები ყველაზე მოთხვონადია, მისი რეალიზაცია უკონტროლოა და ამასთან მალეფუჭებადია. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ დროთა განმავლობაში გლეხებს მაწონისა და ყველის ქუჩა-ქუჩა გაყიდვა აუკრძალონ და აიძულონ რძე სპეციალურად მოწყობილ ცენტრებს ჩააბარონ.

აწ უკვე „სტანდარტული ხორცი“ 3 ლარით უფრო ძვირი ღირს, ვიდრე „არასტანდარტული“. თანაც „სტანდარტულის“ ხარისხი ფასთან შესაბამისობაში სულაც არ არის. 13 ლარად ისეთი ხორცი იყიდება, თავმოყვარე ადამიანი არც კი შეიძენს.

რაც შეეხება რძეს, ბაზარზე ისედაც მაღალ ფასში იყიდება. ქარხნული ნაწარმი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, 2,80 ლარზე ნაკლები არ ღირს. სოფლის რძის ფასი 1,5-2 ლარია. 1 ქილა ქარხნული წარმოების მაწონი ბაზარზე 1,50 ლარად იყიდება, სოფლის - 1 ლარი ღირს. სეზონმა ყველი გააიაფა და მისი ყიდვა უკვე 6-7 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი, თუმცა ზამთარში 10 ლარამეც იყო გაძვირებული.

სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტები საგაზაფხულო სეზონზე რძის ნაწარმის გაძვირებას არ ვარაუდობენ, თუმცა, პერსპექტივაში, თუკი სტანდარტებზე მიდგა საუბარი, ფასის ზრდას არ გამორიცხავენ. მათი ვარაუდით, სტანდარტზე მოთხოვნა, რასაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, შეიძლება გახდეს ძირითადი მიზეზი, რომ მთავრობა საქონლის ხორცის შემდეგ რძესა და რძის ნაწარმსაც გადაწვდეს. ასეთ ვარაუდს მოსახლეობაც იზიარებს, რომელსაც საქონლის ხორცის გაძვირების სიმძიმე ტვირთად დააწვა და ხალხის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამ პროდუქტის გარეშე დარჩა.

ახლა, რძის ნაწარმის გაიაფების სეზონია, თუმცა არის უკიდურესი შემთხვევა, რაც რძის ნაწარმს გააძვირებს. ეს არის სტანდარტის დაწესება რძეზე, რაც ამ პროდუქტზე ფასს შეცვლის. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა დასაშვები.

ამ სეზონს რძის ნაწარმი ტრადიციულად იაფდება და ახლა არ გააძვირებენ. ბაზრებში კარგი ყველის ყიდვა 5-6 ლარადაც არის შესაძლებელი. თავს ვერ გამოვიდებთ, რომ გაძვირდება, მაგრამ მომავალში ვის რა მოესურვება, არ ვიცი და ვერც ამაზე ვიტყვი რამეს გადაჭრით.

თუმცა, ექსპერტები იმასაც მიუთითებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა გაძვირებებისა და გადასახადების ზრდის გამო, მარტოოდენ უკმაყოფილებას გამოთქვამს, უფრო შორს კი საქმე არ მიდის. კონკრეტული სოციალური პროტესტი ამ ქვეყანაში რატომღაც სირცხვილად ითვლება.

„სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება სოციალური პრობლემების გამო გარეთ არ გამოვა. ელემენტარულ შედარებას გავაკეთებ, დასუფთავების გადასახადის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი უარყოფითია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არავის გაუპროტესტებია და რატომღაც ყველამ მშვიდად მიიღო. ხორცი გააძვირეს, მაგრამ ხალხი შეეგუა. რძის ნაწარმის მიმართაც, რა ცვლილებაც არ უნდა მოხდეს, უკმაყოფილება ნაკლებად იქნება მოსალოდნელი”, - განმარტავს ექსპერტი თამაზ კუნჭულია.