საქართველოში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, მაგრამ რეალური სექტორი ქვეყანაში მაინც ვერ ვითარდება. ამის მიზეზი ისაა, რომ უცხოური კაპიტალი უმეტესად ინფრასტრუქტურულ პროექტებში იდება. არადა, საწარმოო პროცესის განვითარებისთვის საჭიროა კონკრეტული დარგების წახალისება.
2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1.346 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რეინვესტირებული თანხა.
„საქსტატის“ მონაცემებით, მესამე კვარტალში 235.9 მილიონი დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 23.2 მილიონი ლარით აღემატება. 2016 წელს მესამე კვარტალში რეინვესტირებული თანხები 212.7 მილიონ დოლარს შეადგენდა. საერთოდ კი, პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, რეინვესტირებულმა თანხებმა 591.5 მილიონი დოლარი შეადგინა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 318.8 მილიონი დოლარი იყო.
ასეთი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მთავრობა კმაყოფილებას ვერ მალავდა. ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რომ წლევანდელი სამი კვარტლის სტატისტიკის თანაფარდობით, ასეთი ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია:
„მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.6%-ით მოიმატა. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მასშტაბის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია. ეს კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო სავაჭრო კონტრაქტები, რაც გაფორმდა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. ვფიქრობ, მომავალი წელი უფრო უკეთესი იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მართალია, მესამე კვარტალში უცხოური კაპიტალდაბანდება შესამჩნევად გაიზარდა, მაგრამ 2017 წლის საერთო მაჩვენებელში ხელშესახები წინსვლა მაინც არ იქნება. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ მთავრობა სტანდარტული მეთოდით აგრძელებს მუშაობას. თსუ-ს პროფესორი გიორგი ღაღანიძე კი მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები დარგებში, რომლებიც იყენებენ თანამედროვე ინდუსტრიის მიმართულებებს.
„წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა და დღემდე გრძელდება ინვესტორების მოზიდვის სტანდარტული მეთოდი, როდესაც თანხის დაბანდება, ძირითადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხდება. უნდა გადავიდეთ კონკრეტული დარგებისა და სექტორების წახალისებაზე. გარდა ამისა, არის ფაქტორები, რომელთა გამო ინვესტორთა ნაწილი განსაკუთრებით ფრთხილობს, ეს არის კონფლიქტური რეგიონები ქვეყანაში და რუსეთის ფაქტორი. თავისთავად ცხადია, ინვესტიციის განხორციელება ისეთ ქვეყანაში, რომლის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც ჰყავს აგრესიული მეზობელი, საკმაოდ სარისკოა, რადგან არ არსებობს ფიზიკური დაცვის გარანტიები“, - განაცხადა ღაღანიძემ.
საყურადღებოა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობასა და ენერგეტიკაში 2014 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მშენებლობაში ინვესტიციამ 116.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო წლებში ამაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის მესამე კვარტალში იყო, როდესაც ინვესტიციამ 183 მილიონი დოლარს მიაღწია. ენერგეტიკაში კი ივლის-სექტემბერში 72,3 მილიონი დოლარი დააბანდეს. 3 წლის წინ კი ამ სექტორში 79 მილიონი დოლარი ჩაიდო, მას შემდეგ კი ამ კუთხით ინვესტიცია მუდმივად მცირდებოდა.