რეგიონებში ადამიანების დასაქმება ძალიან ჭირს. ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია ეკონომიკის სისუსტით და ბიზნესის განუვითარებლობით, მაგრამ ამავე დროს კვალიფიციური მუშახელის პოვნაც საკმაოდ გართულებულია. შესაბამისად, სოფლებიდან სამსახურის საძებნელად ხალხი მუდმივად ქალაქებისკენ მიემართება და მათი გადაადგილების არეალიც თანდათან ფართოვდება.
მთელი ქვეყნის დასაქმებულთა 64% დედაქალაქში მუშაობს. რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით აჭარის რეგიონი ლიდერობს. მას შემდეგ მოსდევს იმერეთი - 7.0%. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი - 5.5%, რომელსაც მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.9%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა რეგიონებში დასაქმებულთა ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი აღნიშნული არ არის, თუმცა აშკარაა, რომ დანარჩენი რეგიონების მონაცემები კიდევ უფრო დაბალი იქნება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 1 763 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს. აქედან 1 591 000-მდე ადამიანი რეგიონებში ცხოვრობს, 2 128 500 კი - ქალაქებში.
რეგიონებში დასაქმებულთა სტატისტიკა აშკარად დამაფიქრებელია, ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებული უმუშევრობა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა და მეორე მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის დაბალი განვითარების დონე. გარდა ამისა, ქვეყანაში საკმარისი ოდენობით კვალიფიცირებული მუშახელიც აღარ არის, რაც საკადრო პრობლემების წინაშე აყენებს დამსაქმებელს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდიც საქართველოში ბიზნესის წარმოების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობას ასახელებს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო ამბობს, რომ სტრუქტურული რეფორმების გატარებისას ქვეყანამ აქცენტი სწორედ განათლების რეფორმაზე უნდა გააკეთოს, რაც კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
„კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან ერთად დღეს მუშაობს განათლების რეფორმაზე, რომელიც აქცენტს გააკეთებს უწყვეტ განათლებაზე, ასევე პროფესიულ სწავლებაზე და შეიმუშავებს სტანდარტიზებულ შეფასების სისტემას პედაგოგებისთვის“, - ამბობს პეშო.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა აროშიძე გარკვეულწილად ადასტურებს სსფ-ს წარმომადგენლის მოსაზრებას მუშახელის კვალიფიურობასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში მოთხოვნა არის ფაბრიკა-ქარხანების ამოქმედებაზე, თუმცა რეალური მუშახელი, რომელიც შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არ არსებობს და შესაძლოა, ასეთი ობიექტები მომავალში მეზობელი ქვეყნების ხარჯზე შეივსოს.
„სოფლის დაცლის შემთხვევაში ადამიანი სამსახურის საძიებლად მიდის ან თბილისში, სადაც ეგულება პერსპექტიული ვარიანტი, ანდა - ბათუმისკენ, ისიც - სეზონურად. ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების ნაკლებობაც, რომლებიც არ გვყავს. მოთხოვნაა ფაბრიკა-ქარხნების ამოქმედებაზე, თუმცა რეალური მუშახელი, რომელიც შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არ არსებობს და შესაძლოა, ასეთ ობიექტებში მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები დასაქმდნენ. ეს კი ადგილობრივ დონეზე დასაქმების პრობლემას ვერ გადაწყვეტს“, - აცხადებს პაატა აროშიძე.