დედაქალაქში სამშენებლო სტანდარტები იცვლება. ჯერჯერობით გამკაცრდება უსაფრთხოების ნორმები და შენობის გარე ფასადების ნორმები, შემდეგი ეტაპი კი უშულოდ მშენებლობის პროცესს შეეხება.
თბილისის მუნიციპალიტეტი, ახალი მერის მოსვლისთანავე გააქტიურდა. მშენებლობების მიმდინარეობისას დარღვევების გამო ბოლო ხუთ დღეში 100-ზე მეტი მშენებარე ობიექტი სიტყვიერად გააფრთხილეს, 50 მშენებარე ობიექტზე კი საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა დაიწყო.
„თუ ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ამიტომ, ძალიან მკაცრი უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, როდესაც საქმე ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს ეხება. მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ის საკითხია, რაზეც თბილისის მერია ძალიან პრინციპული, მკაცრი და ამასთანავე, ძალიან მომთხოვნიც იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერის ბრძანებას მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციაში სწორ გადაწყვეტილებას უწოდებენ, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, აუცილებელია, რომ თავად დასაქმებულიც საკითხს სერიოზულად მოეკიდოს.
„რა თქმა უნდა, კონტროლი გასამკაცრებელია, რასაც მივესალმები, მაგრამ ამას ერთი მხარე არ აქვს. ჩემს პრაქტიკაში ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტს, როდესაც თვითონ დასაქმებული ეკიდება ამ საკითხს ზერელედ. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დილით მუშას მისცეს დამცავი ჩაფხუტი, ღვედი, დამცავი ფეხსაცმელი და ა.შ. ხშირად მუშას ეს ჩაფხუტი მოხდილი აქვს და გვერდზე უგდია, როცა ვინმეს დაინახავს, მაშინ დაიფარებს. შეუძლებელია სულ გვერდზე ედგეს მაკონტროლებელი. ხშირად თავად მუშა არ ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე.
მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, სამშენებლო სექტორში უკონტროლო სიტუაციაც არის და ხშირად დაუდევრობასაც აქვს ადგილი. ერთი რეცეპტი რომ იყოს, აქამდეც მოგვარდებოდა ეს პრობლემა. ახლა კონტროლი რომ გამკაცრდება, უფრო მკაცრად მოსთხოვენ სამუშაოთა მწარმოებლები თანამშროლებს წესების დაცვას. ეს ნიშნავს, რომ თუ გაფრთხილებას ერთხელ-ორჯერ არ შეასრულებენ, გაუშვებენ სამსახურიდან. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ირაკლი როსტომაშვილი და ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ საკითხზე, რაც სამშენებლო სტანდარტებს შეეხება.
ქალაქის ახალი მერის პოზიციაა, რომ არც ერთ პროექტზე სამშენებლო ნებართვა არ გაიცეს, თუ გარე ფასადის მოპირკეთება გათვალისწინებული არ იქნება. ამ მიდგომას როსტომაშვილი არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავრობამ ჯერ სამშენებლო სტანდარტები უნდა დანერგოს.
ამასობაში კი კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.
„ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის ფასადის ნაწილს, როგორიცაა გარე კედლებისა და გადახურვის ერთიან სტანდარტში მოქცევა. არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ უნდა იყოს გაცემული, სადაც არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული პროექტი, თუ როგორი იქნება გარე ფასადი. მოპირკეთების გარეშე, მსგავსი მშენებლობები ექსპლოატაციაში არ უნდა მივიღოთ და შესაბამისი ნებართვები არ უნდა გავცეთ. ამიტომ, ამ მიმართულებით სერიოზული კონტროლია საჭირო“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ იმის გაგრძელება, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში ამ მიმართულებით ხდება, შეუძლებელია.
ურბანისტები კი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებენ მშენებლობის უსაფრთხოებაზე. აუცილებელია, რომ თითოეული ობიექტი მშენებლობის პროცესშივე საფუძვლიანად უნდა მოწმდებოდეს.
არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის აზრით, ახლა მდგომარეობა შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ აუცილებელია, ჩატარდეს დეტალური კვლევა.
„პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფომ უნდა დაგეგმოს და სისტემა შექმნას. ქალაქი ვალდებულია სპეციალური სამსახური ჰქონდეს, რომელიც მთელ საცხოვრებელ ფონდს რეგულარალურად ჩაუტარებს გამოკვლევებს. ხიდებს ხომ ამოწმებენ, რომ არ ჩაინგრეს, ასე უნდა ამოწმონ თითოეული სახლი. მთავარია ზუსტად დადგინდეს და სწორი დიაგნოზი დაისვას“, - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.