[ნანა ფაჟავა, ხობი]
ხობის „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრის“ ყოფილი ექთნები სამუშაოზე აღდგენას და 15 თვემდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოითხოვენ. საჩივრის წერილით 70–მდე გათავისუფლებული მედპერსონალის ნაწილმა პროკურატურას უკვე მიმართა. დარეჯან ლორჩოშვილი და მზია ჩხეიძე ცენტრის დირექტორის, ფიქრია დვალაძის მიერ მათი გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.
ლორჩოშვილის განცხადებით, მისი გათავისუფლების მიზეზი ოფიცილური ბრძანებით ცენტრში დაწყებული რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი გახდა, თუმცა რეალურ მიზეზად იგი პოლიტიკურ მოტივებს ასახელებს. დარეჯან ლორჩოშვილი ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერია, მისი ვაჟი, ირაკლი ალანია კი პარტიის ლიდერთან, შალვა ნათელაშვილთან დაახლოებული პირი.
სამეანო განყოფილებაში ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე მედდა, მზია ჩხეიძე მასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე მეუღლისა და ვაჟის გათავისუფლებას მხოლოდ პირად ინტერესებს უკავშირებს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. იგი დვალაძის გადაწყვეტილების გამო გაოცებას ვერ მალავს, რადგან მისი ოჯახი ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია. გათავისუფლებული ექთნები ცენტრში ჩატარებულ სატესტო კონკურსსაც არათანაბარ პირობებში ჩატარებულ ღონისძიებად მიიჩნევენ და ყოფილ ხელმძღვანელებს მისი შედეგების არაობიექტურ შეფასებაში ადანაშაულებენ.
ყოფილი მედდები პრესაგე.ტვ–სთან „უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრის“ საზეიმო გახსნის ცერემონიალსაც იხსენებენ, როცა 7 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა მას „ასი არადა, ასორმოცთაგანი უწოდა.“ ამ ღონისძიებაზე დასწრების უფლება კი მხოლოდ „რჩეულ“ მედიკოსებს მისცეს. მაშინ, „ძველი და ახალი“ ჯანდაცვის სისტემების კონტრასტულობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა შენობის გაურემონტებელი ნაწილისკენ ხელიც კი გაიშვირა და აღნიშნა, რომ „რა თქმა უნდა, გვესმის, იქ ხალხია დასაქმებული, რომელთაც სჭირდებათ გადამზადება და ამ ახალ სისტემაზე მორგება...მთავარი აქ საავადმყოფოების ციფრი კი არ არის, მთავარი ამოსავალი ის იქნება, ამ ას თუ ასორმოც საავადმყოფოში რამდენ ადამიანს მიესვლება...“
დაზღვევით თუ უშეღავათოდ ადამიანებს ამ კლინიკაში ალბათ მიესვლებათ, მაგრამ ჟურნალისტებისთვის იგი გახსნის ცერემონიალიდან მეორე დღეს უცერემონიოდ დაიხურა. მიზეზი კი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაზუსტების მცდელობა გახდა, რომლის მიხედვითაც „ბლოკ–ჯორჯიას“ მიერ გარემონტებულ შენობაში სამედიცინო ტექნიკა ქუთაისის, ფოთისა და ზუგდიდის კლინიკებიდან შეიტანეს, პრეზიდენტის ვიზიტის დასრულებისთანავე კი უკან გაზიდეს.
კლინიკის ხელმძღვანელის, ფიქრია დვალაძის უკმაყოფილების მიზეზი მაშინ ჟურნალისტების მიერ მომზადებული რეპორტაჟები გახდა, სადაც ახალი ამბები თითქოს დეზინფორმაციაზე აიგო. არადა, დვალაძემ კომენტარზე უარი თავად განაცხადა, ოთახში ჩაიკეტა და ჟურნალისტებს კლინიკის დათვალიერების უფლებაც არ მისცა.
ამ საქმეში ხელი ფიქრია დვალაძეს შენობის დაცვის თანამშრომლებმა შეუწყვეს, რომლებიც დაწესებულებაში ჟურნალისტების გამოჩენას განსაკუთრებული მობილიზებით ხვდებიან და „კანონის სახელით“ მოქმედებენ. მედიის გაძევება „კერძო საკუთრებიდან“ ამჯერადაც სცადეს. ნახეთ ვიდეო–კადრები ხობის კლინიკიდან.