[გერა მამულაშვილი]
ხელისუფლებას სალამი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ „რვიანი“ „გაექვსიანდა“. ოპერაციამ კოდური სახელწოდებით „მილიონი ლარი“, ცხრიანში გაარტყა. საკითხავია, ამ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად, საზოგადოება და ქვეყანა რას მიიღებს.
მაინც რამ „გააექვსიანა“ „რვიანი“ და რა ტიპის პროცესები მიგვიყვანს საარჩევნო გარემოს რეალურ გაუმჯობესებამდე, ამ კითხვით ანალიტიკოსებს მივმართეთ.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საზოგადოების მასობრივი აქტიურობის გარეშე დემოკრატიული არჩევნები უზრუნველყოფილი ვერ იქნება. მისივე თქმით, თუ პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ დააბალანსებს, ქვეყანა რეალური საფრთხეების წინაშე აღმოჩნდება.
ირაკლი სესიაშვილი: „ხელისუფლებას ძალადობრივი მიდგომები აქვს სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ამ პირობებში, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებამდე ვერანაირი მოლაპარაკება ვერ მიგვიყვანს. ხალხმა, საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს და მასობრივად გამოხატოს მოთხოვნები. თუ საზოგადოება მასობრივად ქუჩაში არ გამოვა და თავისუფალ არჩევნებს არ მოითხოვს, არ მგონია, მოლაპარაკება მრგვალი მაგიდის ფორმატში შედეგიანი იყოს.
ხელისუფლებას ყველა მიმართულებით პოზიციები გამაგრებული აქვს და უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება. სამწუხაროდ, ზეწოლას ვერც დასავლეთი ახდენს იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო გარემო შეიქმნას. მთავრობა ამ ვითარებას კარგად იყენებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ოპოზიციური სპექტრი დაქსაქსულია.
შედეგი სახეზე გვაქვს. ორი პარტია იღებს გადმოგდებულ ბარტყებს. დანარჩენებს განცდა აქვთ, რომ პრინციპული დგომით ხელისუფლება უფრო მეტს დათმობს. ვიმეორებ, ოპოზიციურ სპექტრს შედეგების მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ საზოგადოების მობილიზებას და მოთხოვნების ფართო ძალებით გამოხატვას შეძლებს. მსოფლიომ საზოგადოების დაკვეთა კარგად უნდა დაინახოს.
მანამდე კი, ქრისტიან–დემოკრატების წასვლის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. თუნდაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი რომ გავაანალიზოთ, მიზნების ეტაპობრივად მიღწევას შეჩვეულები არიან. რაც შეეხება მემარჯვენეებს, სამწუხაროდ, არც ისე დიდი რეიტინგი აქვთ, რომ ალტერნატიული გზები ჰქონოდათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასაფართოებლად. ამიტომ, მათი გადაწყვეტილება ერთგვარ ვა–ბანკზე წასვლას ნიშნავს.
ვფიქრობ, მალე ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ძალაც, ასე ვთქვათ, მოტყდება; ხელისუფლების წინადადებებს სწორედ იმაზე აპელირებით მიიღებენ, რომ სხვამ მიიღო, ჩვენ თამაშგარეთ დავრჩით და ლამის ის რესურსიც დავკარგოთ, რასაც მთავრობა გვიგდებსო. ეს პროცესი მალე გამოჩნდება და მისი დანახვა არ გაგვიჭირდება.
ზოგადად, რაც დღეს ხდება, პროგნოზირება შესაძლებელი იყო. „რვიანი“ ერთგვარი პოლიტიკური კრიზისის დასაფარად გამიზნული ფორმატი იყო. ხელისუფლებას რვიანი დასავლეთისთვის თვალის ასახვევად სჭირდებოდა. რეალურად, რვიანი თავიდანვე განწირული იყო, რადგან საკმარისი ძალა არ ჰქონდა. მისი მოქმედება ცალმხრივი იყო. საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერის და ერთიანი ოპოზიციური აზრის გარეშე, შედეგი არ იქნებოდა.
საქმე გვაქვს მუდმივ სენთან, რომელიც ქართულ ოპოზიციურ ძალებს სჭირთ. თუ არჩევნებამდე ამ ტონალობაში მიაღწევენ, ვფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი ნაკლებია. თუ ოპოზიცია ვერ დააბალანსებს ხელისუფლებას, ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. არადემოკრატიული ხელისუფლება თუ დაინახავს, რომ მისი ძალა ოპონენტებზე გაცილებით მძლავრობს, შეიძლება სულაც თავზე გავიდეს. იმედი მაქვს, საზოგადოება მაინც შეეცდება სიტყვის თქმას და არასახარბიელო პროცესების ადექვატურ შეფასებას“.
პოლიტოლოგი გია ნოდია ერთ–ერთ მთავარ პრობლემას იმაში ხედავს, რომ ერთი მხრივ ხელისუფლებას, სახელმწიფოს და მეორე მხრივ, საზოგადოებას, ოპოზიციას შორის უთანაბრო ვითარება. მისივე თქმით, ორივე მხარე ხშირად წარმატების მისაღწევად არაკეთილსინდისიერ მეთოდებს იყენებს.
გია ნოდია: „ეს არის გარკვეული პოლიტიკური მოლაპარაკება, ვაჭრობა თუ გნებავთ, რომელშიც ორივე მხარე თავისთვის მომგებიანი შედეგის მიღებას ცდილობს. ერთ–ერთი პრობლემა თვითონ „რვიანის“ ერთობის შენარჩუნება იყო. სხვადასხვა პარტიებიდან და ხედვებიდან გამომდინარე, დავინახეთ, რომ რაღაც ეტაპზე „რვიანმა“ ერთიანობის შენარჩუნება ვერ შეძლო და იქცა „ექვსიანად“.
შინაარსობრივად რომ შევხედოთ, რასაც რვიანი ხელისუფლებასთან განიხილავდა, იგი თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის, რითაც საარჩევნო ვითარების რადიკალურად გაუმჯობესება არის შესაძლებელი.
წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლებას „რვიანის“ წინადადებები ასი პროცენტით მიეღო. ამით არჩევნების შედეგებში ეჭვი აღარავის შეეპარება? სამწუხაროდ, ასეთ განწყობებს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, არჩევნები არასრულყოფილად ტარდება და მეორე – რომც კარგად ჩატარდეს, ხალხი ამას მაინც არ დაიჯერებს.
გამოსავლის ზუსტი რეცეპტი არ მაქვს და ჩემი აზრით, ეს არც არავის აქვს. შეუძლებელია, ვთქვათ ხუთი რეფორმის, ან ათი ცვლილების შეტანის შემდეგ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სიტუაცია გაცილებით უფრო რთულადაა.
რაღაც ზომით პრობლემა იმაშია, რომ უთანაბრო ვითარებაა, ერთი მხრივ, ხელისუფლებას, სახელმწიფოს და მეორე მხრივ, საზოგადოებას, შესაბამისად, ოპოზიციას შორის. პოლიტიკური კულტურაც ისეთია, რომ ორივე მხრიდან მზად არიან ხშირად გამოიყენონ არა მთლად კეთილსინდისიერი მეთოდები იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ.
ცოტა სკეპტიკოსი ვარ და ამ თვალსაზრისით სწრაფი პროგრესის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუმცა, თანდათანობით უნდა წავიდეთ ამ აუცილებელი პროგრესისკენ. პირველ რიგში, უნდა დავიჯეროთ, რომ მთავრობა კარგია თუ ცუდი, გვჯერა თუ არა, მაინც არჩევნები და საარჩევნო დემოკრატიის განვითარებაა ერთადერთი გზა. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა.
ამაზე ფიქრში კი მარტო პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ აქტიურები. პროცესში საზოგადოების ფართო ნაწილი უნდა ჩაერთოს. ამ ბოლო მოლაპარაკებებისთვის ძალიან დამახასიათებელია ის, რომ უშულაოდ მონაწილეების გარდა, სხვები აზრს არ გამოთქვამენ. პარტიებს გარეთ არ არსებობს რეალური დისკუსია, ქვეყანას როგორი საარჩევნო სისტემა გამოადგება უფრო მეტად. ამ პროცესში პოლიტიკური სუბიექტები მონაწილეობენ და ამომრჩევლები საერთოდ არ ჩანან“.
ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, დიდი საპროტესტო ტალღის გარეშე ხელისუფლება შიდა სისტემურ ცვლილებებს არ მიმართავს. მისივე თქმით, რვიანის შიგნით კაპიტულაციის გამარჯვებად გასაღება, პოლიტიკურად აბსურდული ნაბიჯია.
გია ხუხაშვილი: „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მხოლოდ პოლიტიკურ ნებას ძალუძს. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს, ნება თუ არ იქნება, ამის გაკეთება ძალინ სერიოზულ, კონსოლიდირებულ, საზოგადოებრივ საპროტესტო ტალღას შეუძლია.
აქ რაიმე მზა მექანიზმი არ არსებობს. კულისებში მოლაპარაკებებს, ან საერთაშორისო ზეწოლაზე აპელირებას არაფერი მოყვება, უფრო ეფექტური მექანიზმები თუ არ ამოქმედდა. ან შიდა სისტემური ცვლილებების პოლიტიკური ნება ჩნდება ხელისუფლებაში, ან მასობრივ მოთხოვნებს ვაყენებთ, რამაც ხელისუფლება შეიძლება აიძულოს, რომ ასეთი პოლიტიკური ნება ჰქონდეს. სამწუხაროდ, არც ერთი და არც მეორე ფაქტორი არ არსებობს. სხვა მეთოდებით და ტექნოლოგიებით ამის უზრუნველყოფა კი ილუზიაა, მეტი არაფერი.
სხვა საკითხია, რომ „რვიანში“ გაწევრიანებულმა ორმა სუბიექტმა ფაქტობრივად ხელი კაპიტულაციაზე მოაწერა. ცნობილი, მოდური სქემით ისინი შეეცადნენ ეს გამარჯვებად გამოეცხადებინათ - სრული აბსურდია. ყველას ესმის, რომ წაგების გამარჯვებად გამოცხადება არ არის სწორი და კარგი გზა საზოგადოებასთან ურთიერთობისას“.